უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ „ავჭალაზე“, 14 საათზე, საქარტველოში სტუმრად მყოფ საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად (მეორე) ნაკრებთან სერიის მეორე მატჩს გამართავენ.
ჩვენი გუნდი არგენტინაში (4-22 ივნისი) გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება და ისევე, როგორც ამ ტურნირზე, საფრანგეთსაც ოთხდღიანი ინტერვალით ეთამაშება. პირველ მატჩში სტუმრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და 27:22 იმარჯვეს.
მწვრთნელებმა იმ შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 10 მორაგბე შეცვალეს - ოთხი ხაზში და ექვსი შერკინებაში. ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის სურვილია, რომ მაღალი დონის მეტოქესთან საქმეში რაც შეიძლება
„დიდი მადლობა რაგბის კავშირს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი მაღალი დონის გუნდი ჩამოიყვანა. ასევე იმ გულშემატკივარს, რომლებიც პირველ მატჩზე მრავლად მოვიდნენ და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება. ჩვენ განვითარების ეტაპზე ვართ და გვსურს საქმეში რაც შეძლება მეტი მოთამაშე ვნახოთ, რადგან სწორედ აქ უნდა გამოიკვეთოს, ვინ წამოვა ჩვენთან ერთად ჯერ სამხრეთ აფრიკაში და მერე არგენტინაში. განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა მოგებაც ძალიან გვინდა, მით უმეტეს, რომ დღეს ზურა ამონაშვილის დაბადების დღეა და მას მთელი გუნდი ვულოცავთ“ - თქვა ილია მაისურაძემ.
ხვალინდელი თამაშისთვის მთლიანად შეიცვალა ღერძი და თამაშს გიორგი მარგალიტაძე და სანდრო მარგიანი იწყებენ, ფულბეკი თეიმურაზ ჭიჭინაძე იქნება, ხოლო ფრთაზე ზურაბ ქავთარაძეს ვიხილავთ, რომელმაც ტრავმა მოიშუშა.
შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ლუკა აზარიაშვილი და ზაურ თევდორაშვილი იწყებენ, მეორე ხაზში ლუკა გელაშვილი (არმია) გამოჩნდა, სრულადაა განახლებული მესამე ხაზი და სასტარტოში კობა კოლოტაური, ბექა ყორიაული და გიგი ლეშკაშელი არიან.
მხარეთა შეთანხმებით, ისე, როგორც პირველ მატჩში, განაცხადში ამჯერადაც 26 მორაგბე იქნება.
აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, ზუსტად ამ დროს, ფრანგებს შარშანაც ვეთამაშეთ. მაშინ შეხვედრები სტუმრად გაიმართა და პირველ შეხვედრაში, „მარკუსიზე“, ფრანგებმა მაშინაც 5 ქულის სხვაობით იმარჯვეს (24:19), ხოლო სერიის მეორე მატჩში ქართველმა ახალგაზრდებმა მასპინძლებს 14:0 მოუგეს.
ხვალინდელი მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები რამდენიმე დღე დაისვენებენ, 3 აპრილს კი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც მასპინძელთა და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებებს, ასევე სამხრეთ აფრიკის აკადემიის გუნდს გაეჯიბრებიან.
10 მარტი. თბილისი. ავჭალა.14 საათი
საქართველო 20 - განვითარებადი საფრანგეთი 20
საქართველო
ხაზი: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემუ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. სანდრო მარგიანი (აკადემია), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 4. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. კობა კოლოტაური (ლელო), 7. ბექა ყორიაული (ლელო), 8. გიგი ლეშკაშელი (აია);
მარქაფა: 16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი), 20. საბა ჯღარკავა (ლელო), 21. მიხეილ ალანია (არმაზი), 22. დავით გობეჯიშვილი (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 25. არჩილ ღონღაძე (აია), 26. გიორგი ნოდია (ყოჩები).
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით