U20. უმცროსი ბორჯღალოსნები სუპერდრამატულ მატჩში არგენტინასთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
13 აპრილს, სამხრეთაფრიკული ტურნეს საერთაშორისო მოსამზადებელი სერიის მეორე მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან 26:32 დამარცხდნენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართულ მატჩში, აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის საუკეთესო თამაში აჩვენა და 75-ე წუთამდე ლიდერობდა, თუმცა ბოლოს თავადაც გაუშვა მეოთხე ლელო და გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე სერთაშორისო სერია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპია. მას მწვრთნელები მაღალ სათამაშო ტემპთან შესაჩვევად, მოთამაშეებისა და ტაქტიკური მონახაზების დასახვეწად და შეცდომების აღმოსაფხვრელად იყენებენ.

ოთხი დღის წინ ჩვენი გუნდი მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრებს ეთამაშა
და შეხვედრა სამხრეთ აფრიკამ 58:10 მოიგო. ამჯერად თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი, თუმცა არგენტინის დასამარცხებლად, რომელმაც ოთხი დღით ადრე ნამიბია XV 64:8 დაამარცხა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მწვრთნელებმა და მორაგბეებმა კიდევ ბევრი რამ ისწავლეს, რაც ასახვას არგენტინაში, ოფიციალურ ტურნირზე ჰპოვებს.

თამაში საქართველოს შეტევებით დაიწყო და გუნდმა მალევე შეძლო სოლიდური უპირატესობის მოპოვება. ქართველი მორაგბეები, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკელებს, შერკინებაში არგენტინელებსაც მაგრად ჯაბნიდნენ და მეტოქეს დაჯარიმებას აიძულებდნენ. მეორე ასეთი ეპიზოდის შემდეგ, მოლის დაყენება ვერ მოხერხდა, თუმცა წითელ ზოლში ფორვარდებმა და ხაზის მოთამაშეებმა რიგრიგობით უტიეს, რამაც სამხრეთ ამერიკელთა დაცვაში ნაპრალები გააჩინა, თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და ლელოთი ანგარიში გახსნა.

მე-14 წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მარცხენა ფრთაზე შერკინებიდან შეუტია, ბექა ყორიაულმა ბურთი მიხეილ ალანიას ამოუგდო და მანაც ალამთან ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ორიოდე წუთში დერეფნიდან კიდევ ერთხელ შევუტიეთ, თითქმის ცენტრიდან ბურთი კვლავ მარცხენა, მოკლე ფრთაზე ჩათამაშდა და ოთარ ძაგნიძემ ანგარიში 19:0 გახადა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო.

არგენტინელები მაღალ ტემპში, ხეელდახელ ბურთაობით ცდილობდნენ უპირატესობის შექმნას, მაგრამ ქართველთა მხრიდან თავგანწირულ დაცვას აწყდებოდნენ და ხასიათი რომ არ წახდომოდათ ტაიმის შუაში ჯარიმით 3 ქულა აიღეს. 27-ე წუთზე, იოანე იაშაღაშვილის სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დავრჩით. ამას დერეფანში ბურთის დაკარგვა მოყვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა, სწრაფად გაშალა კონტრშეტევა და ერთი ლელო გაქვითა. უნდა ითქვას, რომ წინა მატჩის მსგავსად, დერეფანში ახლაც რამდენჯერმე დავკარგეთ ბურთი.

ნახევარი საათის თავზე ზე-რაგბის მსგავსი ეპიზოდის მომსწრენი გავხდით. არგენტინელები მაღალ ტემპში უტევდნენ და ფაზებიც მრავლად აკინძეს, ქართველებმა თავი დაიცვეს, მეტოქეს შეცდომის დაშვება აიძულეს და თავისი 22-იდან ხელდახელ, მაღალ ტემპში თავად შეუტიეს. რამდენიმე წამში ბურთაობით დაახლოებით 80 მეტრის მოგების შემდეგ, ლელოს გატანა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო პასმა არ ივარგმა და ულამაზესი ლელო ვერ შედგა.

34-ე წუთზე არგენტინელების კიდევ ერთი სწრაფი შეტევისას თავს კარგად ვიცავდით, მეტოქემ ფეხით ითამაშა, მაგრამ ბურთი ვერ შევინარჩუნეთ, ის რაქიდან სწრაფად გავიდა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამრიგად, „პუმიტასმა“ მეტობა კარგად გამოიყენა და ამ პერიოდში ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით 12 ქულა მოიპოვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელებმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, რის შემდეგაც ქართველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და დიდი დრო შეტევაში გაატარეს. ამ პერიოდში ახლოდან არ დავარტყით ჯარიმა, თუმცა ვერც შერკინებიდან ვიხეირეთ, მერე აბჟანდაძეს ჯარიმა შორიდან გაუცუდდა, მომდევნო ეპიზოდში კი ბოლო პასი არ გაკეთდა და მარჯენა ფრთაზე მეტობა გამოუყენებელი დარჩა

„პუმიტასი“ ხშირად ჯარიმდებოდა და სინბინით დაისაჯა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს და ლელოში შევიდნენ, მაგრამ რეფერიმ დამიწება ვერ დაინახა. საქართველომ სათამაშო უპირატესობა ქულებში 63-ე წუთზე ასახა, მარცხენა ფრთაზე, სადაც დიდი უპირატესობა გვქონდა, ბურთი რაქიდან გავიდა, ლუკა გელაშვილმა ის იოსებ გუშარაშვილს გაატანა და მანაც ჩვენი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა ლომიძემ გარდასახა - 26:18.

სამწუხაროდ, ამ ლელოს ოდნავი მოდუნება მოყვა, რითაც სხარტმა არგენტინელებმა კარგად ისარგებლეს, ორ წუთში ხაზი სუფთად გაიჭრა და სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დავიდა. არგენტინელებს იმდენად სურდათ მოგება, რომ 71-ე წუთზე ცენტრიდან ჯარიმა კარში დაარტყეს და ვერ გაიტანეს. ორიოდე წუთში ხაზი მარცხენა ფრთაზე გაიჭრა და ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ იაშაღაშვილმა ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს ბურთის დამიწების საშუალება არ მისცა. კიდევ ორ წუთში დაცვა მეტოქის ფორვარდების შემოტევას წინ აღუდგა, თუმცა სხრატ 9 ნომერს ვერაფერი მოუხერხა და მანაც გამარჯვების ლელო გაიტანა.

მიუხედავად მცირედი ჩამორჩენისა, ეს იყო ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრების საუკეთესო თამაში. იყო შეცდომებიც, რომელთა გამოსწორება 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე უნდა მოხდეს და ჩანდა პოტენციალი, რამაც არგენტინაში უკეთეს შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს. მანამდე კი, სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე კიდევ ერთი მატჩია, ნამიბია XV-თან, რომელიც 17 აპრილს საქართველოს დროით 16:15 საათზე დაიწყება.

20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთ აფრიკა)
საქართველო U20 vs არგენტინა U20 26:32 (19:15)

საქართველო:
15. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 14. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ძაგნიძე (აია), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. საბა ჯღარკავა (ლელო), 8. ბექა ყორიაული (ლელო).

მარქაფა: 16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 24. ირაკლი სიმსივე (აია), 25. დავით გობეჯიშვილი (აია), 26. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 27. ოთარ ლაშხი (ლელო), 28. გიგი ლეშკაშელი (აია).

ისვენებდნენ:
კობა კოლოტაური (ლელო), გეგი მურუსიძე (არმაზი).

4 ლელო: აბჟანდაძე, ალანია, ძაგნიძე, გუშარაშვილი

3 გარდასახვა: აბჟანდაძე (2), ლომიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

altU20. უმცროსი ბორჯღალოსნები-სამხრეთი აფრიკა [სრული მატჩის ვიდეო]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოდიში დამავიწყდა მეთქვა, ვიდეოს ვერ მოიპოვებთ?
emigranti
04:10 14-04-2019
0
კარგი ბიჭები ხართ, მაგრამ საბავშვო შეცდომებს რომ არ უშვებდეთ მაშინ იქნებით ყოჩაღი ბიჭები...ახალი ზელანდიის ნაკრების შარშანდელი მომენტების კრებულს ვუყურე და აი საით უნდა ესწრაფვოდეთ...მართლაც სისხლში აქვთ რაგბი. მესმის იქამდე ვერ მივალთ(ჯერ კაიხანს), მაგრამ ვისწრაფვოდ ამისკენ...დარწმუნებული ვარ შეგიძლიათ.
emigranti
04:08 14-04-2019
2