U18. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
© Rugby Europe

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში 20:10 დაამარცხეს და შინ თასით ხელდამშვენებული ბრუნდებიან.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებისთვის ეს იყო ზედიზედ მეხუთე ფინალი. გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშან პოლონეთში, საფრანგეთის ძლევით მოიპოვა, წელს კი ის კალინინგრადში დაიცვა.

ფინალური შეხვედრა კალინინგრადის 35-ათასიან მთავარ არენაზე, „კალინინგრად სთედიუმზე“ გაიმართა და მას 8 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. მეტოქემ - ესპანეთის ნაკრებმა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩენს გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ესპანეთს შემადგენლობაში მრავლად ყავდა ფიზიკურად დიდი ბიჭები, კარგად იშლებოდა
ხაზზე და დაცვაში თავდადებით თამაშობდა, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მისი დასკვნით წუთებში გატეხვა მაინც მოახერხა.

ანგარიში მე-4 წუთზე დაჩი პაპუნაშვილმა საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ესპანეთის გააქტიურება მოყვა, კარის წინ დავჯარიმდით და ახლოდან წონასწორობა აღდგა. მოედანზე უპირატესობის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გაჩაღდა და ანგარიში მხოლოდ მე-20 წუთსეღა შეიცვალა, პაპუნაშვილმა ჯარიმა 33 მეტრიდან გაიტანა. ხუთ წუთში მეტოქემ დერეფნიდან შეგვიტია, შეტევა ფრთაზე გაშალა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ქართველ 18-წლამდელებს ნერვიულობა დაეტყოთ და გასატანი პოზიციიდან ორჯერ ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, თუმცა ვერც ლელოს გატანა მოახერხეს და პირველი ტაიმი მეტოქემ 10:6 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში პაპუნაშვილმა კარის წინ 25 მეტრიდან სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა სცადა, მაგრამ მღელვარებას ვერ სძლია და დარტყმა გაუცუდდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლიდერობა 55-ე წუთზე დაიბრუნეს. ლუკა ივანიშვილმა ჩვენს 22-მეტრიანთან წარმოქმნილი რაქიდან, მარცხენა ფრთაზე მცველებისთვის მოულოდნელად მოკლე ფრთაზე შეუტია, მერე მარჯვნივ ხაზი საბა ხონელიძემ გაჭრა და ლელომდე 7-8 მეტრი დააკლდა, ამას დარტყმების სერია მოყვა, უპირატესობის ხაზის გადაკვეთა ყველა ჯერზე მოხერხდა და იერიში ლელოთი მისმა წამომწყებმა, ივანიშვილმა დაასრულა, ხოლო გივი ცინცაძემ გარდასახა - 13:10.

სხვაობიდან გამომდინარე დაძაბულობა თითქმის ბოლო წუთამდე შენარჩუნდა. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, გიორგი ქობალიამ მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ბურთი შეცვლაზე შესულმა გიორგი ყუფარაძემ აიტაცა, მცველს სისწრაფეში აჯობა და ის ლელო გაიტანა, რომელმაც ჩვენს გუნდს გამარჯვება დაუბევა, ხოლო ცინცაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 20:10.

ესპანელებმა კარის გაჯახუნება მოინდომეს და დიდი მონდომებით შეუტიეს, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ამის საშუალება არ მისცეს. საფინალო სასტვენის შემდეგ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ჩაიბარა ევროპის ჩემპიონებისთვის განკუთვნილი მედლები და თასი, რომელიც მინიმუმ ერთი წელი კვლავ საქართველოში დარჩება!

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
კალინინგრადი (რუსეთი)
ფინალი. 20 აპრილი
საქართველო - ესპანეთი 20:10

საქართველო:
15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. თემურ კოხოძე (აია), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ლუკა ჩქარეული (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა:
16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. რობი ნერსეზაშვილი (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 23. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 26. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

ფიზიო: გიორგი სვანიძე, დავით კობახიძე

ვიდეო ანალიტიკოსი: ლაშა მჭედლიშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას.მართალია 6 ერის ნაკრებებმა გვიგანეს,მაგრამ გამარჯვება მაინც სასიამოვნოა.კარგია რომ ესპანეთს, საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავდა და კარგი გამოცდილება მიიღეს ბიჭებმა,მაგრამ 6 ერის ნაკრებებთან სულ სხვა მოტივაცია,დაძაბულობა და ხარისხი იქნებოდა.სწავლითაც გაცილებით მეტს ისწავლიდნენ.კარგი იქნებოდა ჩანაწერები მაინც დაგედოთ.
ადმინ,სანამ ამ პოსტს ვწერდი,სტატია ორჯერ გადავიდა ავტომატურად სხვა სტატიაზე.ჯერ კითხვის დროს და შემდეგ ბეჭდვის დროს.ახლა კი კიდევ ერთხელ დამჭირდა უკან დაბრუნება.ასე რომ ეს ავტომატური გადასვლა,ძალიან ბევრ უხერხულობას იწვევს საიტის სტუმრებში და სჯობია ძველ სისტემას დაუბრუნდეთ.
სოსო
22:11 21-04-2019
0
ამ ევროპაზე 6 ერის ქვეყნები რატომ არ გამოდიან?
Lasha
20:12 21-04-2019
0