U20. "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: ანი რეხვიაშვილი

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. პირველ ორ წელს მათ თითო-თითო, მეოთხე თამაში მოიგეს (2016 წელს იტალიასთან 18:17 და 2017 წელს არგენტინასთან 26:25), შარშან კი ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს (ირლანდიასთან 24:20, იაპონიასთან 24:22 და შოტლანდიასთან 39:31) და ჯამში სარეკორდო, მე-9 ადგილი დაიკავეს.

წელს არგენტინაში "გ" ჯგუფში, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ვითამაშებთ, იქ დაკავებული ადგილის მიხედვით კი გაირკვევა,
საბოლოოდ რომელი პოზიციისთვის გააგრძელებს ბრძოლას "უმცროსი ბორჯღალოსნები". პროგრამა-მინიმუმი ახლაც 12 უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ბიჭები შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებასაც ეცდებიან.

22 ადგილობრივი და 6 ლეგიონერი

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობაში 15 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. მათგან ექვსი პირველხაზელი და ლეგიონერია. ქართული კლუბებიდან ამ ხაზში მხოლოდ "ჯიქის" კვაჭი ლუკა ნიორაძე მოხვდა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე მოთამაშეს ფრანგულ კლუბებთან უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი და ისინი ახალ გუნდებს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.

ყველაზე მეტი, 5 მოთამაშით "ლელო სარასენსია" წარმოდგენილი, 20-წლამდელებში 4 მორაგბე ჰყავს "არმაზს", 3-3 "ჯიქს" და "აიას", 2-2 "არმიას" და "ხარებს", ხოლო თითო-თითო "ხვამლს", "ყოჩებს" და "აკადემიას". არგენტინაში წამსვლელ მორაგბეთაგან ორს, თედო აბჟანდაძეს და ვანო კარკაძეს, ზურგს "ბორჯღალოსანთა" რიგებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს. მნიშვნელოვანია, რომ აბჟანდაძისთვის ეს 20-წლამდელთა მესამე ჩემპიონატია.

Sportall.Ge

გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ამბობს, რომ გუნდი ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლებს და შემადგენლობასთან დაკავშირებით ამბობს:

"სამწუხაროდ, რამდენიმე ბიჭი ტრავმის გამო მოვისაკლისეთ, გიორგი ახალაძე კი დისკვალიფიცირებულია. შემადგენლობაში არ გვყავს მაღალი, მხტომელი ბიჭები და დერეფანში ლიმიტირებულები ვიქნებით. სამაგიეროდ, ძლიერები უნდა ვიყოთ კონტაქტის ზონაში, ღია თამაშში და არავისთვის ვიქნებით საჩუქარი. გულშემატკივარს ვპირდები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრძოლა ყველა თამაშში ბოლო წუთამდე გაგრძელდება".

"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინაში 25 მაისს მიემგზავრება და პირველ მატჩს 4 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე ახალ ზელანდიასთან სანტაფეში გამართავს ამის შემდეგ ისინი როსარიოში გადაინაცვლებენ და ჩვენი დროით 17:30 საათზე, 8 და 12 ივნისს, შესაბამისად, სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას შეხვდებიან. ნახევარფინალური თამაშები 17, ხოლო ფინალური 22 ივნისს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ მხტომელები არ გვეყოლება,შერკინების უპირატესობას აუტებში ბურთის დაკარგვით გავანიავებთ.ძალიან არ მომწონს ეს,მაგრამ ეტყობა სხვა გზა არ არის.წარმატებულ თამაშს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს.დარწმუნებული ვარ,თავს არავისთან შეირცხვენენ.მიდით ბიჭებო,შერკინებაში ისე უნდა დანაყოთ,რომ მეტოქეს,ხტომის თავიც აღარ ჰქონდეს.
სოსო
22:15 22-05-2019
0
აბა, ჩემო ახალგაზრდა ლომებო! ააოხრეთ მოწინააღდეგეთა ბანაკები და სამშობლოში გამარჯვებული და აღმართული ხმლებით დაბრუნდით. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ!
TanoLife
22:09 22-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.