მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ელიტურ 12 გუნდს შორის გაისად ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში შოტლანდიის ძლევის შემდეგ საქართველომ მე-9 ადგილის ნახევარფინალში ფიჯის ძალიან ძლიერ ნაკრებს სძლია. შეხვედრის მიწურულს, თითქმის 4-წუთიანი და 23-ფაზიანი შეტევა ვანო კარკაძის ლელოთი დასრულდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქე 12:8 დაამარცხა.

გუნდის მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს, რომ ეს გამარჯვება ბიჭების თავდადებული თამაშის შედეგია:

"დიდი მადლობა მოთამაშეებს ამ მონდომებისა და თავდადებისთვის. მათ მაქსიმუმი გაიღეს, რათა თამაშს 100%-ით
მობილიზებულნი შეხვედროდნენ, თუმცა მაღალი ნერვული ფონის გამო შეხვედრის დასაწყისში და ზოგადად, პირველ ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. გვქონდა დავალება, რომ თითო შემტევზე ორი მბოჭავი მისულიყო, მაგრამ ინდივიდუალური ბოჭვები გაგვიცუდდა და დებიუტში ლელოც გავუშვით.

მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, ბურთის ფლობაც უკეთესი გვქონდა და შედეგად, მეორე ლელო 23-ფაზიან შეტევას მოჰყვა. შესვენების შემდეგ შერკინებაში ვდომინირებდით, წინა თამაშებზე ბევრად უკეთესი დერეფანი გვქონდა, უკეთ ვითამაშეთ დაცვაში და რამდენჯერმე ბურთიც მოვიპოვეთ, შეტევაში ბურთს ვინარჩუნებდით და ამ ყველაფერმა გამარჯვებამდე მიგვიყვანა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ურთულეს სიტუაციაში შეძლეს მობილიზება და გამარჯვების მოპოვება".

ამონაშვილი ფიქრობს, რომ ფიჯის ნაკრები გასავარდნ მატჩში შოტლანდიასთან ფავორიტი იქნება:

"მეტოქის თამაში შესწავლილი გვქონდა და ვერ ვიტყვით, რომ რამე ისეთი შემოგვთავაზეს, რასაც არ ველოდით. ეს არის ძალიან კარგი გუნდი! პირადად მე ასეთი დისციპლინირებული ფიჯის ნაკრები არ მინახავს. ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ დაცვაში, კარგად იყვნენ მომზადებულნი ფიზიკურად და ვფიქრობ, შოტლანდიასთან ის ფავორიტი იქნება".

გვწამდა, რომ მოვიგებდით
"უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანი თედო აბჟანდაძე დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ფიჯის დამარცხებას მოახერხებდა:

"პირველ ნახევარში თამაში არ წაგვივიდა, თითქმის არაფერი გამოგვდიოდა და ფიჯი დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ასმაგად მოტივირებულნი ვიყავით; გვჯეროდა, რომ შეგვეძლო და ვიცოდით, აუცილებლად გამარჯვებულები უნდა ვყოფილიყავით. მთელი 80 წუთი ვიბრძოდით და საბოლოოდ ასეც მოხდა - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ".

ფიჯის ნაკრებს პირველი ლელო იოანე იაშაღაშვილმა გაუტანა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. 4 ტურის შემდეგ ის ტურნირის მბოჭავთა სტატისტიკაში 59 ბოჭვით მეოთხე ადგილზეა, 7 ბოჭვა აშორებს პირველ ადგილს და თითო-თითო მეორე-მესამე ადგილს:

"რთულ პირობებში მოგვიწია თამაში, მოედანი იდეალური არ იყო და პირველ ტაიმში ფიჯის ავყევით, რის გამოც მეტოქეს ჩამოვრჩით. შესვენების შემდეგ მოედანზე მეტი შემართებით გავედით, ერთმანეთისა და საქართველოსთვის ყველამ თავი დავდეთ და მადლობა ჩემს ძმებს ასეთი თამაშისთვის, ასევე, გულშემატკივარს თანადგომისთვის. მოგების სურვილი ძალიან დიდი იყო და ამან ბოლო წუთებზე გამარჯვებამდე მიგვიყვანა".

წინ იტალია და მე-9 ადგილია
"უმცროს ბორჯღალოსნებს" წლევანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. 22 ივნისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, ჩვენი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება და თუ მისი დამარცხება მოვახერხეთ, შარშანდელი შედეგი გამეორდება - სამი მოგება და მეცხრე ადგილი:

"იტალიის თამაში ჯერ არ გვინახავს და მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით. ახლა დავისვენებთ, დავმშვიდდებით და საღამოს ვიდეოანალიზი გვექნება. დიდი ყურადღება დაეთმობა აღდგენას. მომდევნო ორი დღე სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და გვექნება ვიდეოანალიზები. უკვე ოთხი თამაში ჩავატარეთ და დაღლილობა პიკზეა, თუმცა მორაგბეებზე სათამაშო დრო გადავანაწილეთ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ შეხვედრას კარგ მდგომარეობაში შევხვდებით. შევარჩევთ მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას, რათა მათი დამარცხება მოვახერხოთ" - თქვა ამონაშვილმა.

გულშემატკივარს დასკვნით შეხვედრაში გამარჯვებისთვის ბრძოლას ჰპირდება იაშაღაშვილი:

"იტალიის თამაშს ვნახავთ, შევისწავლით მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ. ვეცდებით, შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ და მე-9 ადგილი დავიკავოთ".

მადლობა რწმენისთვის!
როგორც მწვრთნელები, ასევე მორაგბეები, განსაკუთრებით მადლიერნი არიან იმ გულშემატკივრების, რომელთაც მათი სჯეროდათ:

"მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელსაც ჩვენი ბოლომდე სჯეროდა. ქართველები ჩვენ საქომაგოდ არგენტინაშიც ჩამოვიდნენ, მაგედანაც იგრძნობოდა მხარდაჭერა და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მეხუთე თამაში მოვიგოთ და წლევანდელი ტურნირი წარმატებით დავასრულოთ" - პირობას დებს ამონაშვილი.

გულშემატკივარს მადლობას უხდის "უმცროსი ბორჯღალოსნების" 9 ნომერი მიხეილ ალანიაც:

"ეს გამარჯვება ჩვენს ქვეყანას მივუძღვენით. მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც ამხელა გზა გამოიარა და ჩვენ საქომაგოდ არგენტინაში ჩამოვიდა. ისინი მთელი 80 წუთის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ და ეს გამარჯვება მათი დიდი დამსახურებაა. ასევე დიდი მადლობა იმ ქომაგს, რომელიც საქართველოდან გვიჭერდა მხარს და ბოლომდე ჩვენ გვერდით იდგა" - განაცხადა ალანიამ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერაფრით დავეთანხმები ამონაშვილს,100%-ით დავიხარჯეთო.100%-ით,ფიჯელები დაიხარჯნენ,ისინი სარაგბო უნარებითაც ჩვენზე უკეთესები ჩანდნენ,მთელი მატჩის განმავლობაში ვერ შევძელით მათი დაჯარიმება22 მეტრიან ზონაში,მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვების ურყევი ნებით შესძლეს და გატეხეს ფიჯელების საოცრად დალაგებული,დისციპლინირებული დაცვა.ჩვენები 100%-ზე საკმაოდ გადამეტებით დაიხარჯნენ და ეს გადამეტება მათი სულიერი,შინაგანი ძალების მობილიზებით მოხდა.არ ვიცი როგორი იქნება ამ ბიჭების მომავალი რაგბიში (იმედია რომ წარმატებული),მაგრამ როგორც კაცები და პატრიოტები,უკვე ჩამოყალიბებულები არიან.ასეთი სულიერი ძალების ვაჟკაცები,შეუძლებელია რომ ცხოვრებაში რაიმემ გატეხოს და წარმატებას ვერ მიაღწიონ.ჩვენც სწორედ ასეთი მოქალაქეები გვჭირდება და სწორედ ამიტომ არის რაგბი ჩვენი თამაში,რომ ასეთ ადამიანებს გვიზრდის.წარმატებები ბიჭებო ჯერ იტალიასთან,შემდეგ კი მთელი ცხოვრება.ველით შემდგომ გამარჯვებებს.
სოსო
09:15 19-06-2019
0
გენაცვალეთ ქართველებო
Zaza
07:05 19-06-2019
0