"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკასთან 2 შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 2020 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და მის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან თბილისში ორ მოსამზადებელ თამაშს გამართავს.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი 12-გუნდა ელიტაში 2016 წელს დაწინაურდა და გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც "ალაფიდან" აღზევების წელსვე უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა. გაისად იტალიაში ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს 20-წლამდელთა ჩემპიონატში!

სელექცია


"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბს სექტემბერში ორი 3-დღიანი სასელექციო შეკრება ჰქონდა, რომლის დროსაც გაისინჯნენ ის მორაგბეები, რომლებიც გასული 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის
გაფართოებულ სიაში იყვნენ, მაგრამ საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ; ასევე ის მორაგბეები, რომლებიც შარშან გაფართოებულ სიაში არ იყვნენ.

სელექციის შემდეგ შერჩეულ მოთამაშეებს დაემატა ის კონტინგენტი, რომელმაც გასულ ჩემპიონატში ითამაშა, ასაკიდან გამომდინარე, გაისადაც "უმცროს ბორჯღალოსნებში" უწევს თამაში და ჯამში 50-მა მორაგბემ ერთკვირიანი შეკრება გაიარა.

სელექციის პროცესით და პირველი შეკრებით კმაყოფილია 20-წლამდელთა მწვრთნელი ლადო კილასონია:

"ვნახეთ ის მორაგბეები, რომლებსაც ჩვენი აზრით, შარშან რაღაც აკლდათ და გვაინტერესებდა, რა მდგომარეობაში იყვნენ ამჟამად; ასევე, ახალი მოთამაშეები. ამის შემდეგ, ლეგიონერების გამოკლებით, 50 მოთამაშე ერთკვირიან შეკრებაზე გვყავდა და ვიმუშავეთ შეტევაზე შერკინებიდან და დერეფნიდან, გავიარეთ დაცვის სტრატეგიული მონახაზები, ვივარჯიშეთ დარტყმა-ახურვაზე. პარალელურად, ცალ-ცალკე ჰქონდათ ვარჯიშები შერკინების და ხაზის მოთამაშეებს. გვქონდა სამი მინი-კონტაქტური ვარჯიში, რათა ამ პერიოდისთვის შეგვემოწმებინა ბიჭების ფიზიკური მზადყოფნა. ამ შეკრებაზე გვაკლდნენ ლეგიონერები. ბიჭებმა დავალებებს თავი კარგად გაართვეს და მათი მონდომებით, ახალი ინფორმაციის მიღება-გადამუშავებით კმაყოფილები ვართ."

ორი მატჩი სამხრეთ აფრიკასთან


ერთკვირიანი შეკრების შემდეგ 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები ერთი კვირა დაისვენებენ, მომავალი კვირიდან კი თბილისში მყოფ კონტინგენტს კვირაში ორი ვარჯიში ექნება. "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეორე შეკრებაზე ნოემბრის ბოლოს შევა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებთან (2020 წლამდე საქართველოც და სამხრეთი აფრიკაც 19-წლამდელთა ნაკრებია) ორ თამაშს გამართავს.

"უმცროსი ბოკეს" სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 30-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც ტურნეზე საქართველოში ჩამოვა. მათგან ექვსი ისეთი მორაგბეა, რომელმაც წელს არგენტინაში ითამაშა 20-წლამდელთა ჩემპიონატში და მე-3 ადგილი დაიკავა.

"ვეცდებით, ნოემბრის ბოლოს ის ლეგიონერებიც დავიმატოთ, რომლებსაც ფრანგული კლუბები გამოუშვებენ. ამ პერიოდში საქართველოში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ჩამოვა, რომელთანაც 2 და 5 დეკემბერს ორი თამაში გვექნება. ეს იქნება ძალიან კარგი გამოცდილება როგორც ჩვენთვის, ასევე მორაგბეებისთვის. ისინი საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რასთან ექნებათ საქმე მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ თამაშებში ყველა მორაგბეს მივცეთ თავის გამოჩენის შესაძლებლობა", - ამბობს კილასონია.

საგულისხმოა, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკელ თანატოლებს მოსამზადებელ პერიოდში გასული ორი ჩემპიონატის წინაც ეთამაშა, ამჯერად კი აფრიკელები საქართველოში ჩამოვლენ და თამაშების პარალელურად, ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.


მომზადებული rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.