"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" 2020 წელს იტალიაში გასამართი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან და პირველ მაღალი დონის საკონტროლო მატჩს დეკემბრის დასაწყისში გამართავენ.

ნოემბრის ბოლოს საქართველოში სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრები ჩამოვა, რომელიც "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ერთად 19-წლამდელთა საერთაშორისო 2-მატჩიან სერიას ითამაშებენ.

სერიის პირველი მატჩი 2 დეკემბერს თბილისში, "შევარდენზე", ხოლო მეორე 5 დეკემბერს "რუსთავი არენაზე" გაიმართება. შეხვედრის დაწყების ზუსტ დროს მოგვიანებით გაცნობებთ.

"უმცროსმა ბოკემ" ქართული ტურნესთვის 30-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა და მათ შორის 6 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც წლევანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშეს და მე-3 ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია,
რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკელ თანატოლებს მოსამზადებელ პერიოდში შარშან და შარშანწინაც ეთამაშა, თუმცა ორივე შემთხვევაში სტუმრად, ახლა კი ისინი თავად გვეწვევიან.

შეკრებაზე 42 მორაგბით

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკასთან მატჩამდე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე 22 ნოემბერს, 42-კაციანი შემადგენლობით შევა. შეკრებაზე ყველა ის მორაგბე ვერ მოხვდა, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებიან და მათ შანსი მომდევნო შეხვედრებში მიეცემათ.

შეკრებაზე მყოფ მორაგბეთაგან 22 მორკინალი და 20 ხაზის მოთამაშეა. მორკინალებიდან 3 და ხაზის მოთამაშეებიდან ერთი მორაგბე ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებში ირჯებიან.

გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს, რომ შეკრებაზე ვერ ჩამოდის რამდენიმე ლეგიონერი. გარდა ამისა, გაფართოებული სიიდან შეკრების გარეთ კიდევ რამდენიმე მოთამაშე დარჩა და ისინი შანსს მომავალ შეხვედრებში მიიღებენ:

"მოთამაშეებს კლუბებთან ვალდებულებები აქვთ და რადგან სამხრეთ აფრიკასთან არაოფიციალური შეხვედრები გვაქვს, მათი გამოძახება ვერ მოხერხდა. მაგალითისთვის - მიხეილ ალანია, რომელსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვს და ვანო კარკაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე ითამაშა, სამხრეთ აფრიკასთან ვერ დაგვეხმარებიან.

გარდა ამისა, გაფართოებული შემადგენლობიდან შეკრების მიღმა კიდევ რამდენიმე მოთამაშე დარჩა, თუმცა ისინი შემდგომ ვარჯიშებში აუცილებლად შემოგვიერთდებიან. ეს ეხება 2001 წელს დაბადებულ მორაგბეებს, რომელთაც ასაკობრივ ნაკრებში თამაში 2021 წელსაც უწევთ. არაა გამორიცხული, რომელიმე ან რამდენიმე მათგანი შემდეგ თამაშებში დაგვემატოს, ან სულაც მთავარ ტურნირზე გაემგზავროს. მათ არ დაუმთავრებიათ ნაკრებთან ურთიერთობა!

იმ 42 მორაგბეს, რომლებიც შეკრებაზე შევლენ, ვარჯიშებზე მოუწევს საკუთარი უპირატესობის დამტკიცება და სამხრეთ აფრიკასთან სერიის მატჩებისთვის შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა:

"ეს ფესტივალი არაა, თავიდანვე გადაწყვეტილი რომ გვქონდეს ყველას თამაში. თამაშებამდე საწვრთნელი პროცესი გვექნება და შემადგენლობას მოთამაშეთა ფორმის მიხედვით შევარჩევთ. თუმცა შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გავსინჯოთ", - ამბობს ამონაშვილი.

2016 წლის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა 12-გუნდა მსოფლიო ჩემპიონატს ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს და წელს პირველად ხდება, რომ ძლიერ მეტოქესთან ტესტ-მატჩები მზადების ასე ადრეულ ეტაპზე ექნება. ამ ფაქტს დადებითად აფასებს ამონაშვილი:

"რაც მეტი ასეთი თამაში გვექნება, მით უკეთესი ნაკრების მოსამზადებლად. მოგეხსენებათ, ამ მორაგბეთა უმეტესობა შიდა ჩემპიონატებში (დიდი 10, პირველი ლიგა) თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ დიდ 10-ში მრავლადაა სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრები, სათამაშო ტემპი ისეთი არაა, როგორიც მსოფლიოზე გველის. რაც მალე ნახავენ მოთამაშეები, სად უნდა მივიდეთ, რაც მალე გაივლიან ადაპტაციას ასეთ ტემპთან, მით უკეთესი.

მოედანზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაგებად გავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე გვირჩევნია, რთულ მეტოქეებთან დავინახოთ პრობლემები, წერტილები, სადაც უფრო მეტი გვაქვს სამუშაო. ამ ფორმაციის ნაკრებს ერთად ჯერ არ უთამაშია და საინტერესო იქნება მოთამაშეების რეალური წნეხის ქვეშ ნახვა. მორაგბეები ნახავენ, თუ რასთან ექნებათ საქმე მსოფლიოზე და მწვრთნელებიც დავინახავთ, თუ რა შედეგი მოაქვს ჩვენ მიერ აქამდე გაწეულ სამუშაოს".

სამხრეთ აფრიკასთან ორმატჩიანი სერიის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაისვენებს და მომდევნო შეკრებაზე იანვარში შევა.

შეკრებაზე შედიან:

შერკინება

პირველი ხაზი:
ლუკა ახვლედიანი (არმაზი, 1), ნუგზარ სომხიშვილი (არმია, 1), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1); საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი, 2), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი, 2), საბა ხონელიძე (აია, 2); მამეკ მსტოიანი (აკადემია, 3), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი, 3), ნიკა ნარმანია (არმაზი, 3);

მეორე ხაზი
(4-5): ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ბეიონი), ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), გიორგი სინაურიძე (აია);

მესამე ხაზი:
ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, 5-6), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები), ლუკა კოხია (არმაზი), დავით ლომიძე (ხარები).

ხაზი


9: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი);

10: სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები);

12-13: გივი ცინცაძე (არმაზი), ირაკლი სიმსივე (აია), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი);

11-14: ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ორიაკი, 11-15), ნიკოლოზ ძნელაძე (აია, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15);

15: გიორგი მიქანაძე (აკადემია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ