12 ლელო - საქართველოს ნაკრებმა დიდი სხვაობით იმარჯვა

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" დებიუტანტ ჩეხეთს 12 უპასუხო ლელო გაუტანა და იოლად, 76:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით მათ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ნახევარფინალში ბელგიას შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ, ტურნირის მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა.

Sportall.Ge

ჩვენმა 18-წლამდელებმა ჩეხეთთან ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნეს. მეტოქე მოლში არ შემოვიდა და ლელო ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა გაიტანა. მე-5 წუთზე ნიკოლოზ კინწურაშვილმა ხაზი გაჭრა და ცალი ხელით ბურთი ლელოში გიგა ქურხულს შეაყოლა. მე-7 წუთზე მოლი უკვე მარჯვენა ფრთიდან აგორდა და მორიგი ლელო გავიდა. მალევე მეტოქის 22-ში მათივე დერეფანი
მოვიგეთ და ორი მიძალების შემდეგ ლელო გიორგი მამაიაშვილმა გაიტანა.

Sportall.Ge

მე-12 წუთზე ქურხულმა გაჭრა ხაზი და ლელოში თორნიკე ბაიხოიძე დაგეზა. მე-16 წუთზე 15-მეტრიანი მოლი ბაბუნაშვილის მორიგი ლელოთი დასრულდა. ესტაფეტა ხაზის მოთამაშეებმა გადაიბარეს და შემდეგი ლელოები შალვა აფციაურმა, ლუკა სახელაშვილმა და საბა არჩვაძემ გაიტანეს. პეტრე ხუციშვილმა 9-იდან 7 გარდასახა – 59:0.

Sportall.Ge

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც შეცვლაზე შესულმა ალექსანდრე ჯიღაურმა თავად შეუტია და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. დარჩენილ დროში საქართველომ ორი ლელო გაიტანა, დავით იმნაძემ ერთი გარდასახა. მატჩი 76:0 დასრულდა.

Sportall.Ge

თასის ნახევარფინალური მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ეთამაშება. პორტუგალიამ ნიდერლანდებს 26:15 სძლია, ხოლო 2019 წლის ფინალისტმა ესპანეთმა რუმინეთს 45:8 აჯობა.

Sportall.Ge

ხაზი: 15. საბა არჩვაძე, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ზურაბ ონიანი, 11. ლუკა სახელაშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი (კაპ.), 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 3. ბადრი ციხისთავი, 4. ნიკა ლომიძე, 5. ნიკოლოზ კინწურაშვილი, 6. თორნიკე ბაიხოიძე, 7. ლაშა ციხისთავი, 8. გიგი ქურხული;

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი, 17. ლაშა ფხაკაძე, 18. ირაკლი აფციაური; 19. გიორგი გერგედავა, 20. რატი ზაზაძე, 21. ალექსანდრე ჯიღაური; 22. დავით იმნაძე, 23. ლაშა ცხოვრებაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც 6 ერის ქვეყნებმა ეს გათამაშება დატოვეს,საქართველოს ნაკრებისათვის მისი სარგებლიანობა აშკარად შემცირდა.ამ თამაშს კი,ვარჯიშის კატეგორიასაც ვერ მივცემდი.მეორე ტაიმში ძალისმიერ ლელოებზე უარი ვთქვით და მოძრავ რაგბიზე გადავედით,მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდით და თუ ამათთან ასე გაგვიჭირდა,უფრო ძლიერებთან კიდევ უფრო გაგვიძნელდება.მეორე მხრივ ეს მაინც საერთაშორისო მატჩების გამოცდილებაა და ესეც სასარგებლოა.
სოსო
15:52 04-10-2021
1
სანიოლმა რო ესენი გამოიძახოს ვითომ უარესი შედეგი გვექნება? ჰიმნს მაინც შეასრულებენ ჯიგრულად,როგორც სჩვევიათ და არც თამაშით შეგვარცხვენენ!
ბაბუაწვერა
20:36 04-10-2021
0