18-წლამდე | მოსამზადებელი ფრანგული ტურნე

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, რომელიც ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც ფრანგულ კლუბებთან სამ საკონტროლო თამაშს გამართავს.

ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 25 აგვისტოს ‘სურენსის’ თანატოლებს შეხვდებიან, 28-ში ‘რასინგ 92’-ს, ხოლო 31-ში ‘სტად ფრანსეს, ოღონდ ამ ბოლო შემთხვევაში დაგეგმილია ერთობლივი, მართვადი ვარჯიში, რასაც 1 სათამაშო ტაიმი მოყვება.

სასელექციო ეტაპი

საფრანგეთში 30 მორაგბე მიემგზავრება. სასელექციო ეტაპი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში, ამონაშვილი და სასელექციო ჯგუფის მწვრთნელები ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის თამაშებს ესწრებოდნენ და შერჩეულ 2004-2005 წლებში დაბადებულ მორაგბეებს კვირაში ორჯერ ავარჯიშებდნენ.
გამონაკლისი იყო ფლეი ოფის ეტაპები, რა დროსაც მოთამაშეები კლუბების განკარგულებაში იყვნენ.

„აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებში მოთამაშე კანდიდატებზე სრული სურათი გვქონდა. ჩვენს მიერ შერჩეული კანდიდატების გარდა, ყველა კლუბს ჰქონდა შესაძლებლობა 2-2 მოთამაშისთვის გაეწია რეკომენდაცია. ვარჯიშები 4 კვირის განმავლობაში (ჯამში 8 ვარჯიში) გაგრძელდა, რომლის დროსაც გვქონდა სათამაშო სიტუაციები, ორმხრივი თამაშები და ა.შ. პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში 2004 წელს დაბადებული 45 მოთამაშე შეირჩა“ – ამბობს ამონაშვილი.

გარდა ამისა, ბათუმში, აჭარის რეგიონისა და ფოთის გუნდებიდან შერჩეული კანდიდატებისთვის, ხოლო ქუთაისში დასავლეთ საქართველოს დანარჩენი კლუბებიდან შერჩეული კანდიდატებისთვის ჩატარდა ვარჯიშები, რასაც მაისის ბოლოს ბათუმში, აღმოსავლეთ საქართველოს კანდიდატების მონაწილეობით სამთა ტურნირი მოყვა.

„ბათუმში გამართულ ვარჯიშებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი მწვრთნელები და ჩავატარეთ რამდენიმე სემინარი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცოდნა და გამოცდილება ბავშვთა რაგბში ჩართულ ყველა სპეციალისტს გავუზიაროთ, რაც აამაღლებს საერთო დონეს. საბოლოო ჯამში, საქართველოს მასშტაბით 65 მოთამაშე შეირჩა, საიდანაც 50 2004 წელს დაბადებული მორაგბე იყო. 20-25 ივნისს გვქონდა სასელექციო შეკრება ასპინძაში, სადაც ძირითადად 2004 წელს დაბადებული მორაგბეები გვყავდა. სელექციის პროცესში ჩართული იყვნენ მწვრთნელები – ზვიად ცუხიშვილი, დიტო კიკნაძე, თორნიკე კალანდარიშვილი, მიშა სუჯაშვილი და პაატა მაისურაძე. დასავლეთში გვეხმარებოდა გიორგი ნემსაძე“ – გვიყვება ამონაშვილი.

შეკრება მარტყოფში

დასკვნით შეკრებაზე, რომელიც 8 აგვისტოს მარტყოფის ბაზაზე დაიწყეს, მთელი ქვეყნიდან ჯამში 55 მოთამაშე შევიდა, საიდანაც 15 2005 წელს დაბადებული იყო. 12 აგვისტოს გაიმართა ორმხრივი თამაში, რის შემდეგაც ბიჭებმა ორი დღე დაისვენეს და 15 აგვისტოს კანდიდატთა რაოდენობა 40-მდე შემცირდა. 19 აგვისტოს 18-წლამდელებს ‘ლელოს’ ესპუართა გუნდი ეწვია და საკონტროლო-სასელექციო თამაში გაიმართა. სწორედ ამ თამაშის შემდეგ შეირჩა ის 30 მორაგბე, რომლებიც საფრანგეთში მიემგზავრებიან.

ამონაშვილი შეკრებით და სასელექციო თამაშით კმაყოფილი დარჩა:

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარტყოფის მომსახურე პერსონალს. ისინი მაქსიმალურად მხარში გვედგნენ, რათა მოსამზადებლად იდეალური პირობები გვქონოდა და სხვა არაფერზე გვეფიქრა. შეკრების ბოლოს გვქონდა საკმაოდ ხარისხიანი სპარინგ-მატჩი ‘ლელოს’ ესპუარებთან, რისთვისაც მადლობა ამ კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და მოთამაშეებს. გუნდი, რომელშიც 20-წლამდელთა ნაკრების წევრებიც იყვნენ, ასაკობრივად ოპტიმალურად იყო მორგებული ჩვენს ასაკზე. ასევე მადლობა მსაჯთა კომიტეტს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოსამზადებელ პერიოდში და დიდი დახმარება გაგვიწია“.

„სელექციის პროცესს, განსაკუთრებით ამ ასაკში, დიდი სიფრთხილე ჭირდება, რადგან მნიშვნელოვანია, მოთამაშეს, რომელიც ამ ეტაპზე განაცხადში ვერ ხვდება ზუსტად ავუხსნათ, რომ ეს არ არის დასასრული და პირიქით, კარიერის საწყისის. ყველა მოთამაშეს, რომლებმაც ჩვენთან ივარჯიშა და გაიარა შეკრება, ასევე მათ მწვრთნელებს, უდიდეს მადლობას ვუხდი. დისციპლინის მხრივ იდეალური სიტუაცია გვქონდა, რაც მნიშვნელოვანია. დიდი სამუშაო გაწია ფიზ.მომზადების მწვრთნელმა გივი ნადარეიშვილმა. მას ემხარებოდნენ მამუკა ბაქრაძე და ლადი დოლაბერიძე, რომლებიც სტაჟირებაზე იყვნენ და დარწმუნებული ვარ, მათი სახით ქართული რაგბი მაღალი დონის სპეციალისტებს მიიღებს“.

„მთლიანობაში, თაობით კმაყოფილი ვარ. ვცდილობთ, რომ აქცენტი სისწრაფეებზე გავაკეთოთ. იმ მოთამაშეებს, რომლებიც საფრანგეთში წამსვლელთა სიაში ვერ მოხვდნენ, ოქტომბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აუცილებლად ექნებათ. ყველა მათგანმა ძალიან დიდი შრომა გაწია და დიდი პროგრესი განიცადა. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, კიდევ ორი მოსამზადებელი კვირა გვექნება და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველა მოთამაშე მზად უნდა იყოს“.

„რაც შეეხება ფრანგულ ტურნეს, ძალიან კარგი შესაძლებლობაა და მადლობა რაგბის კავშირს ამისთვის. ამ ასაკში პრიორიტეტი მოთამაშეთა განვითარებაა. ევროპის ჩემპიონატზე მიზანი რა თქმა უნდა ტიტულის დაცვა იქნება, მაგრამ მთავარი აქცენტი მოთამაშეთა განვითარებაზე კეთდება, რათა უკეთესი კადრი მივაწოდოთ 20-წლამდელთა ნაკრებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფ ყველა მოთამაშეს აქვს შემდეგ ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრის პოტენციალი“.

18-წლამდელთა შემადგენლობა ფრანგულ ტურნეზე

შერკინება:
გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), გიგი ჭუმბურიძე (აია), შოთა ხელაძე (აია), გიგა თუთისანი (აია), ნიკა გაბედავა (ხარები), დავით მჭედლიშვილი (ლელო), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), კახა შეყილაძე (ხვამლი), ჯაბა ოდიშარია (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ნიკა ლომიძე (ხარები), ნიკა აბესაძე (ლელო), ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), ანდრო დვალი (ლელო), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები);

ხაზი: ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), გელა ხელაძე (ლელო), გუჯა მახარაშვილი (აია), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), რატი პაპაშვილი (აკადემია), ლუკა კობაური (აკადემია), ლუკა კეშელავა (არმია), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ზურა ნინიძე (ბათუმი), ნიკა გოგუა (არმაზი), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი, ზვიად ცუხიშვილი

ფიზ. მომზადება: გივი ნადარეიშვილი, მამუკა ბაქრაძე

ფიზიო: გურამ ადამია, ნოდარ აფციაური

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
9 გუნდიდან არიან კანდიდატები და ეს,ძალიან მახარებს.წარმატებულ მომავალს ვუსურვებ ბიჭებს და მთელ ნაკრებს.კარგია,რომ ფედერაციაში ყველა მწვრთნელის განვითარებაზე ზრუნავენ.ბავშვთა რაგბიში ხომ კვალიფიციური მწვრთნელების ყველაზე დიდი დეფიციტი გვაქვს.
სოსო
23:06 22-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.