"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ახალ ზელანდიასთან დამარცხების (26:50) შემდეგ, Rugby.ge-სთან კომენტარი "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა და მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთეს

ლაშა ციხისთავი: "ვფიქრობ, კარგი რაგბი ვითამაშეთ და მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან, ყველა კომპონენტში თანაბრად თამაში შეგვიძლია, მოლსა და შერკინებაში კი საქართველო უბრალოდ საუკეთესოა. იმედი მაქვს, მომავალი თაობა ჩვენს ისტორიულ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. გვქონდა შანსი თასის ნახევარფინალში გვეთამაშა, საბოლოოდ კი მე-8 ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ესეც ძალიან კარგი შედეგია.

რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან
თამაშს, თავიდან ერთგვარი შოკი გვქონდა, მაგრამ მერე ჩვენი თამაში ვიპოვეთ და პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმში ვდომინირებდით. სამწუხაროდ, მერე რამდენჯერმე დავჯარიმდით და მეტოქემ ეს გამოიყენა.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ საქართველო არ მიმაჩნია ტიერ2 სარაგბო ქვეყანად, ჩვენ ვართ ტიერ1 და ვფიქრობ განვლილი თამაშებიდან ეს ყველამ დაინახა".

Sportall.Ge

ლადო კილასონია: "ჩვენ კარგად ვიცოდით, რაში იყო სახიფათო ახალი ზელანდია – ეს არის ცუდად დარტყმული ფეხი და დაგვიანებული ახურვა, სწრაფი ბურთი და კონტრშეტევა. პირველ 30 წუთში სამივე ამ კომპონენტში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს ძალიან წინ გაჭრის შესაძლებლობა მისცა. მე ამაყი ვარ ამ ბიჭების ხასიათის, რადგან ისინი არ გატყდნენ, იმ დეტალებს მიაქციეს რაზეც მზადებისას ვამახვილებდით ყურადღებას და დაბრუნდნენ თამაშში. მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი გუნდი, რომელიც 0:33 ჩამორჩენის შემდეგ ასე ახლომდე დაიყვანს სხვაობას. მერე იყო მსაჯის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემში კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ დანარჩენი შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვენაცვალე ამ ბიჭებს მაგრად ითამაშეს, მინდა ვთქვა რომ ჩვენი რაგბისტები როგორც პირველი ნაკრები ისე ახალგაზრდული, უკვე ასული არიან მაღალ დონეზე, გვაკლია პირველი ეშელონის გუნდებთან ხშირი თამაში, ამათთან პაექრობაში დაიხვეწება ის შეცდომები რაც ზოგჯერ მოგვზდის, რაგბის ხელმძღვანელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის რომ იმ ელიტაში მოვხვდეთ და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები შეძლებენ ნებისმიერი ნაკრების დამარცხებას, რისი პოტენციალი ნამდვილად გააჩნიათ
Nukri
09:28 15-07-2023
0
ორივე მაგარი გვყავს, მწვრთნელიც და კაპიტანიც.
გიორგი
16:24 15-07-2023
0