18 წ. | ინგლისი გადაგვირჩა – ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს

AutoSharing Option
საქართველოსთვის სადებიუტო 18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალმა ცხადყო, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნების" დამატებით, "ექვსმა ერმა" ღირსეული მონაწილე შეიძინა. თუ მომავალში ეს ფესტივალი ტურნირის სახეს შეიძენს, ან ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში 20-წლამდელთა "ექვსი ერის" კარი გაიხსნება, საქართველო მხოლოდ პირველობისთვის იბრძოლებს!

იტალიაში (პარმა) გამართულ ფესტივალზე ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ტოლ-სწორად ეთამაშნენ სამივე მეტოქეს, ფრანგი თანატოლები დაამარცხეს, შოტლანდიასთან და ინგლისთან მოგებამდე კი სულ ცოტა დააკლდათ. რომ არა ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობა და მსაჯების მიერ მრავალჯერადად დაშვებული შეცდომები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" შინ სამი გამარჯვებით
დაბრუნდებოდნენ!

თუმცა ისინი შინ ისედაც გამარჯვებულები ბრუნდებიან. მათ შეიძინეს უდიდესი გამოცდილება, ირწმუნეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში და მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ ქართულ რაგბს ძალიან დიდი მომავალი აქვს და ის ყველა დონეზე იმსახურებს უმაღლესი დონის ტურნირებსა თუ თამაშებს.

Sportall.Ge

ტაიმი საქართველოს გამარჯვებით

ფრანგებთან გამარჯვებით ფრთაშესხმულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისთან მატჩი აქტიურად დაიწყეს. ქართველები დომინირებდნენ შერკინებაში, მოლში, კონტაქტის არეში, სწრაფად სწევდნენ ხაზს და ხისტი ბოჭვებით მეტოქეს წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მთლიანობაში, ამონაშვილის შეგირდებმა მეტოქის 22-ში უფრო მეტი დრო გაატარეს და ინგლისზე მეტი სალელოვე შანსი შექმნეს, მაგრამ გამოუცდელობის გამო მათი რეალიზება ვერ მოახერხეს, მაშინ, როდესაც ინგლისმა ფაქტობრივად ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომებით ისარგებლა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.

ანგარიში მე-7 წუთზე გიგი სირბილაძემ ჯარიმით გახსნა. 21-ე წუთზე მისი ფეხით გადაკიდებული ძლიერი აღმოჩნდა და ლელო არ შედგა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა და სირბილაძე ახლოდან ამჯერადაც ზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა, დაცვაში პირველად დავუშვით შეცდომა, რითაც ინგლისელებმა კარგად ისარგებლეს, ფრთაზე ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს, მეტობა გამოიყენეს და ალამთან ლელო გაიტანეს. გარდასახვა არაზუსტი იყო.

საპასუხოდ საქართველომ დერეფნის შემდეგ კარგი კომბინაცია გაითამაშა, მეტოქემ ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა და სირბილაძემ მორიგი იოლი 3 ქულა აიღო. 32-ე წუთზე ინგლისი კიდევ ერთხელ დაჯარიმდა, პოზიცია ამჯერადაც გასატანი იყო, მაგრამ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ლელოზე თამაში ირჩიეს, მოლი დაძრეს, მიზნამდე მილიმეტრები დააკლდათ – 9:5 საქართველოს სასარგებლოდ.

Sportall.Ge

არალოგიკური დასასრული

მეორე ტაიმიც საქართველოს შეტევებით დაიწყო, თუმცა ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ წითელ ზონაში დავჯარიმდით. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წნეხი გააძლიერეს და მეტოქეს 22-ში ფეხით თამაშისას დაუფარეს, მაგრამ უკონტროლო ოვალი ვეღარ დაიმორჩილეს. ამას მოჰყვა მსაჯის რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება, რამაც ინგლისს ჩვენს 22-ში შემოსვლის და მეორე, გარდასახული ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა

საქართველომ 3 წუთში უპასუხა. ამჯერად ჯარიმა კარში აღარ დავარტყით, დერეფნიდან აგორებულმა მოლმა დაახლოებით 10-12 მეტრი დაფარა და დავით არჩვაძემ ლელოთი დაგვაწინაურა. საათის თავზე ჩვენი 22-ის მისადგომებთან შეცდომა დავუშვით, რაქიდან გამოვარდნილ ბურთს მეტოქე დაეუფლა და სწრაფი კონტრშეტევით გარდასახული ლელო მივიღეთ.

ამან "უმცროსი ბორჯღალოსნები" არ გატეხა. მათ ძალა მოიკრიბეს, მეტოქის 22-ში მორიგი მოლი ააგორეს და ის ინგლისელებმა ჯარიმით შეაჩერეს. შემდეგ ეპიზოდში მოლი ვერ დავაყენეთ, თუმცა ფორვარდებით რამდენიმე დარტყმის შემდეგ არჩვაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა.

მატჩი ფრედ დასრულდებოდა, რომ არა შეხვედრის მიწურულს ფეხით თამაშისას დაშვებული შეცდომა, რითაც ინგლისმა მყისიერად ისარგებლა, ხელდახელ სწრაფი შეტევით დაცვის ხაზი გაჭრა და გამარჯვების ლელო გაიტანა. მართალია ბოლო გათამაშებისას ბიჭებმა გაიბრძოლეს და ბურთიც მოიპოვეს, მაგრამ შერკინებაში დაჯარიმდნენ, მატჩი 19:26 დასრულდა და ინგლისმა გამარჯვებით გაიხარა.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. 7 აპრილი

პარმა (იტალია). სტადიო სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – ინგლისი 19:26 (9:5)

საქართველო:

ხაზი:
15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 4. თორნიკე ტორაძე (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 18. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. გიორგი მეფარიშვილი (აია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. იკა კვარაცხელია (ლელო), 25. იოანე ბასილაია (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

30 მარტი

საქართველო – შოტლანდია 14:22

იტალია – პორტუგალია 30:14

ირლანდია – საფრანგეთი 7:50

ინგლისი – უელსი 36:35

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია 35:10

შოტლანდია – ინგლისი 6:28

საქართველო – საფრანგეთი 20:19

იტალია – ირლანდია 10:36

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია 0:52

საფრანგეთი – უელსი 43:33

ინგლისი – საქართველო 26:19

შოტლანდია – იტალია 20:17

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 21 /
კი მაგრამ, გამოცდილებით როგორ მოგვიგეს, ისინიც ხომ 18 წლამდელთა ნაკრებია? გადაკეთებული ქონდათ წლები თუ რაშია საქმე? ბიჭებმა მართლაც კარგად ითამაშეს, თუმცა კლასმა მაინც თავისი გაიტანა.
ზაალ
13:04 09-04-2024
1
ვულოცავ ახალგაზრდებს კარგ თამაშს, მაგრამ უფრო კარგი შედეგი უკეთესი იქნებოდა. არ დავმარცხდებოდით მწვრთნელს ან კაპიტანს, რომ რომ მიეღო გადაყვეტილება დროის გაწითლების შემდეგ ბურთის აუტში გადაგდებაზე. რისთვის დაარტყეს ბურთი წინ გაუაზრებლად და მისცეს ინგლისს შეტევის წამოწყების საშუალება. ნებისმიერი გუნდი გადააგდებდა ბურთს. შეცდომა, რომელიც მომვლისათვის უნდა გაითვალისწინონ. ევროპაში იმას კი არ დაწერენ საქართველომ კარგად ითამაშაო, არამედ იმას, რომ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ინგლისი უფრო მაგარი იყოო, რაც არ არის სიმართლე, მაგრამ ახლა აღარაფერი გამოვა.
3

ასევე დაგაინტერესებთ