18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ხარისხიანი რაგბისთვის

AutoSharing Option
უმცროსი ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე სამხრეთ აფრიკაში გასამართი 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიისთვის მზადებას განაგრძობენ, რომელსაც ქეიფთაუნი და პაარლი უმასპინძლებს.

საქართველო 12 და 16 აგვისტოს სამხრეთ აფრიკა ა-ს ეთამაშება, 20 აგვისტოს კი საფრანგეთს დაუპირისპირდება. მათ გარდა სერიაში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი და ირლანდია ითამაშებენ.

გუნდი ორი კვირაა შეკრებაზეა, მზადება 2 აგვისტოს დასრულდება და 28 მოთამაშე სამხრეთ აფრიკაში 6 აგვისტოს გაემგზავრება.

„ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. მსგავსი პრეცედენტი არასდროს ყოფილა და ვისურვებდი, რომ ასეთი ტურნირები მრავლად ყოფილიყოს. ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ, ახლა სამხრეთ აფრიკის
საერთაშორისო სერია გველის, სადაც კიდევ ერთხელ, წელს უკვე მეორედ ვეთამაშებით ტიერ1-ის გუნდებს. ამ ასაკში პრიორიტეტი განვითარებაა და აქ მიღებული გამოცდილება სამომავლოდ აუცილებლად წაადგება ქართულ რაგბს“ – აღნიშნავს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი:

„ჩვენს შესაძლებლობებს გამოვცდით ისეთ გუნდებთან, როგორებიც სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი არიან. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ბიჭები უფრო დიდი გამოცდილებით, უკეთ მომზადებულები მივლენ 20-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებში. მათ უკვე ეცოდინებათ როგორ ითამაშონ ტიერ1 გუნდების წინააღმდეგ, რისი ფუფუნებაც აქამდე ამ ასაკში იშვიათად გვქონია.„ყველას მოეხსენება რამხელა რესურსი აქვს სამხრეთ აფრიკას და დარწმუნებული ვარ მათი მეორე გუნდიც ძალიან ძლიერი იქნება“.

ამონაშვილი სამხრეთ აფრიკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც 20-წლამდელთა გუნდთან ერთად დაცვის მწვრთნელის რანგში იმყოფებოდა და შინ დაბრუნებისთანავე უკვე 18-წლამდელთა შეკრებაზე შევიდა:

„ჩემს დაბრუნებამდე შეკრებაზე მყოფ 38 მოთამაშესთან, რომელთაგან 28 უნდა შეირჩეს, პაატა მაისურაძე (შეტევის მწვრთნელი) და მიშა სუჯაშვილი (შერკინების მწვრთნელი) მუშაობდნენ. ძალიან კარგი ნამუშევარი დამხვდა. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, მზადების პერიოდში ვერ ჩავატარეთ სპარინგ-მატჩი, თუმცა ეს არავის ბრალია. ა ლიგის გუნდებს ჯერ არ განუახლებიათ თამაში, ამ პერიოდში ფაქტობრივად არავინ ვარჯიშობს და მხოლოდ ორმხრივი შეხვედრებით მოგვიწია დაკმაყოფილება. ასეთ სიტუაციაში პირველ თამაშში გაგვიჭირდება. ვეცდებით შევთამაშდეთ და თავიდანვე კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები“.

ფიზ. მომზადება

რადგან საქართველოს ა ლიგის ჩემპიონატი ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში დასრულდა, უთამაშებლობა სერიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება. გარდა ამისა, ფიზ. მომზადების მწვრთნელს დროის მცირე მონაკვეთში დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწია, რათა მორაგბეები სასურველ სათამაშო ფორმას მიუახლოვდნენ.

„დიდი წყვეტა გვქონდა. ეს სპეციფიური ასაკია, რადგან ბიჭები აბიტურიენტები არიან და მათ მაქსიმალური ხელშეწყობა ჭირდებათ, რათა რაგბი და განათლება ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოვიდნენ“ – აღნიშნავს ამონაშვილი.

2-კვირიანი შეკრების პირველი ნახევარი, დიდწილად სწორედ ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაეთმო, მეორე კვირაში კი სარაგბო უნარების წილი გაიზარდა. 18-წლამდელთა ფიზ. მომზადების მწვრთნელი ვლადიმერ დოლაბერიძე იმედოვნებს, რომ სერიას ყველა მოთამაშე მზადყოფნაში შეხვდება:

„ვითვალისწინებთ ამ ბიჭების შარშანდელ მდგომარეობას და გეგმას მივყვებით. გვქონდა სხვადასხვა ტესტები. აღსანიშნავია, რომ აქცენტი მოთამაშეთა გრძელვადიან განვითარებაზეც კეთდება და არ ვართ კონცენტრირებული მხოლოდ ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დრო ძალიან ცოტა გვქონდა, ვფიქრობ, ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვეთ და დროის გათვალისწინებით, კარგად ვართ მომზადებულები. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმების თავიდან არიდება მოვახერხეთ და მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს აქვს უმნიშვნელო დაზიანება“.

„როდესაც საკლუბო სეზონი მიმდინარეობს, მოთამაშეებიც უკეთეს სათამაშო ფორმაში არიან. ახლა შესვენებაა, მაგრამ ვახერხებთ ადაპტირებას. შეკრების დაწყებამდე მოთამაშეებს ქონდათ ინდივიდუალური პროგრამები და ეროვნული გამოცდების პარალელურად, როდესაც დრო ქონდათ დარბაზსა და მოედანზე ვარჯიშობდნენ“.

შეტევა

პაატა მაისურაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი გუნდის პოტენციალი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, თუმცა იმედოვნებს, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ამ კომპონენტში იმაზე უკეთ იქნებიან მომზადებული, ვიდრე ექვსი ერის ფესტივალზე იყვნენ:

„გუნდის ბირთვი იგივეა, რაც გაზაფხულზე იტალიაში, ექვსი ერის ფესტივალზე იყო. ჩვენც აქცენტს იმ კომპონენტებზე ვაკეთებთ, რამაც მაშინ კარგად იმუშავა. არის გარკვეული დეტალები, რისი განვითარება და უკეთ შესრულება შეგვიძლია და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ასევე ვცდილობთ კიდევ უფრო დავაბალანსოთ შერკინების და ხაზის თამაში. თუ ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს, გვინდა მეტად დავტვირთოთ უკანა ხაზი, მეტი ვიბურთაოთ. ასევე ვამუშავებთ დამატებით კომბინაციებს შერკინებიდან და მოლიდან“.
„რადგან ზურა 20-წლამდელებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იყო და მისი სპეციფიკა დაცვაა, მე და მიშას (სუჯაშვილს) გვქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი გვემუშავა შეტევაზე და ვფიქრობ, ეს პერიოდი ოპტიმალურად გამოვიყენეთ. დიდი ყურადღება დავუთმეთ დარტყმა-ახურვას. თამაშებამდე კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე, დეტალებზე მეტ ყურადღებას გავამახვილებთ და შევეცდებით შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“.

შერკინება

შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ტიერ1-ის გუნდებთან ხშირი თამაშები სამომავლოდ ქართულ რაგბს დიდ სამსახურს გაუწევს:

„ასეთი შანსი აქამდე არასდროს გვქონია. ჯერ იყო ექვსი ერის ფესტივალი, ახლა გვაქვს სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერია, რაც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ამ ბავშვებმა უკვე დააგემოვნეს ტიერ1-ის გუნდებთან მოგება (საფრანგეთთან), ძალიან ახლოს ვიყავით ინგლისთან გამარჯვებასთან. სწორედ ასეთი თამაშები ზრდის მორაგბეებს და ამ გამოცდილებით, მომავალში ისინი კიდევ უფრო თავისუფლად შეხვდებიან დიდ გუნდებთან შეხვედრებს“.

„შერკინებაში ხუთი ლეგიონერი გვყავს – სამი პრველხაზელი და ორიც მეორე-მესამეხაზელი. სამწუხაროდ, ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ ტრავმები ქონდა ნიკოლოზ ჩხორთოლიას. ახლა ის სრულ მზადყოფნაშია და სრული დატვირთვით ემზადება. ასევე 100%-ით მზადაა ლუკა საღინაძე. შერკინების ძლიერი თამაში, კარგი მოლები ყოველთვის იყო ქართული რაგბის ჯოკერი და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ“.

„რაც შეეხება შერკინებას, აქცენტს მიწოლაზე არ ვაკეთებთ, რადგან ჩვენი მიზანი სწრაფი რაგბის თამაშია. ვეცდებით სწრაფად გავიტანოთ სუფთა ბურთი და მეტოქის შერკინებაში არ დავჯარიმდეთ, თუმცა სადაც საჭირო იქნება, იქ აუცილებლად მივაწვებით“.

შერკინებასთან დაკავშირებით ზურა ამონაშვილლმა დაამატა:

„რადგან მიზანი ამ ბიჭების გრძელვადიანი განვითარებაა, დიდი ყურადღება ეთმობა საბაზისო უნარების განვითარებას. ეს ინდივიდები იკვრებიან და ვიღებთ ძლიერ შერკინებას. რადგან ამ დონის თამაშებით განებივრებული არ ვართ, ჩვენი სურვილია ავყვეთ მეტოქეებს ღია თამაშში და ამ კუთხით გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები“.

ხარისხიანი რაგბით

„მოთამაშეების და მწვრთნელების ძალიან დიდი სურვილია, რომ შედეგებთან ერთად ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთთან გამარჯვება შემთხვევითი არ იყო. ადრე ვთქვი და გავმეორდები – არ ვართ ვინმეზე მეტი, მაგრამ არც არავისზე ნაკლებები ვართ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ“ – აღნიშნა ამონაშილმა:

„ფრანგებთან გამარჯვება ერთგვარი მოულოდნელობის ეფექტიც იყო. არავინ ელოდა ამხელა წინააღმდეგობას თუ გავუწევდით, ახლა კი მათ რევანშის სურვილი ექნებათ, თუმცა ჩვენ ვეცდებით ბოლომდე თამაშში დავრჩეთ. დაცვაში ძლიერი გარჯით ვეცდებით მეტოქეების შეტევები გავანეიტრალოთ, ჩვენი შეტევებით კი მათ დაცვაში სუსტი წერტილები ვიპოვოთ და ეს ქულებში ავსახოთ. გვაქვს კიდევ ერთი გამოწვევა – ბურთი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ და მისი ფლობის პროცენტი გვქონდეს მაღალი“.

„მინდა მადლობა გადავუხადო კლუბებს ასეთი კარგი მოთამაშეების აღზრდისთვის. ნაკრებში სწორედ კლუბებიდან მოდიან მოთამაშეები, ჩვენთან იძენენ გამოცდილებას და უკან დაბრუნებულები აძლიერებენ კლუბებს. კლუბები და ნაკრებები ერთ საქმეს ვემსახურებით, რასაც ქართული რაგბის გაძლიერება ჰქვია“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.