ევრო 2016. ბომბარდირები: კინი რონალდოსა და ზლატანზე წინ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე არაერთი გამორჩეული მეგოლე ითამაშებს. ვინ არის საუკეთესო ბომბარდირი სანაკრებო ასპარეზზე კონტინენტის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს შორის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მთლად იოლი საქმე არ უნდა იყოს. მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.

10-11. ეიდურ გუდიონსენი (ისლანდია), 25 გოლი
ისლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა 37 წლისაა. მას ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჯერ კიდევ 20 წლის წინათ ჰქონდა დებიუტი. ისლანდიის ნაკრებში გუდიონსენმა 84 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი შეაგდო. გუდიონსენი ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშებს დიდ ტურნირზე. ის ამ დროისათვის ნორვეგიულ "მიოლდეში" თამაშობს. ქვეყნის ჩემპიონატში 1
გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ახლა გაცილებით უკნიდან თამაშობს, ვიდრე ადრე.

10-11. ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა), 25 გოლი
25 გოლის გასატანად უკრაინის ამ ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს 59 შეხვედრა დასჭირდა. ქვეყნის პირველ გუნდში ანდრეი 2009 წლიდან თამაშობს. სწორედ იარმოლენკოს ორმა გოლმა დაამარცხებინა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში უკრაინას სლოვენიის ნაკრები. კიევის "დინამოს" რიგებში უკრაინის დასრულებულ ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა და ლიგის მესამე სნაიპერი გახდა.

9. მარკ იანკო (ავსტრია), 26 გოლი
ავსტრიის ნაკრების 32 წლის ფორვარდს ეროვნულ გუნდში 26 გოლის გასატანად 53 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრებიდან წავა. გასულ სეზონში შვეიცარიულ "ბაზელში" 16 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეოთხე იყო.

8. მარიო გომესი (გერმანია), 27 გოლი
63 მატჩი და 27 გოლი - ასეთია 30 წლის თავდამსხმელის სანაკრებო მონაგარი. გომესს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. მარიო განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, მან ხომ გერმანიის ნაკრებისათვის ტრიუმფალური მუნდიალი გამოტოვა. სხვათა შორის, გომესმა ევროპის წინა ჩემპიონატზე პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებების კარი აიღო.

7. თომას მიულერი (გერმანია), 31 გოლი
მიულერმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში გამართულ 70 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. ევროშესარჩევ ციკლში "ბაიერნის" ფორვარდი "ბუნდესმანშაფტის" საუკეთესო ბომბარდირი იყო. ნაკრებში ის 2010 წლიდან თამაშობს. გერმანიის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში 20 გოლი შეაგდო. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ პიერ-ემერიკ ობამეიანგს და რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა.

6. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), 34 გოლი
ბუნდესლიგაში 30 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება არავის დაუთმო. ეროვნულ გუნდში პირველად 2008 წელს მიიწვიეს. 76 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ რობერტი თავის მიუნხენელ თანაგუნდელებს ჯერ ევროშესარჩევში გადაეყარა, მერე კი - კონტინენტის პირველობის ჯგუფში.

5. ლუკას პოდოლსკი (გერმანია), 48 გოლი
ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მას შემდეგ იოახიმ ლიოვის ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა ბუნდესნაკრებში 127 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამბიციით მიდის. მან კრიტიკოსებს უნდა დაუმტკიცოს, რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია. პოდოლსკიმ, მარიო გომესის მსგავსად, სეზონი თურქეთში გაატარა. მისმა "გალათასარაიმ" სამარცხვინო მეექვსე ადგილი დაიკავა, პოდოლსკიმ კი 13 გოლი შეაგდო.

4. უეინ რუნი (ინგლისი), 52 გოლი
რუნის ნაკრებში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 111 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. მომავალ ევროფორუმზე განსაკუთრებული მისია აქვს. უნდა დაამტკიცოს, რომ ინგლისის ნაკრებში არაერთი კარგი ახალგაზდა ფეხბურთელის გამოჩენის მიუხედავად, ის ჯერაც გუნდის ლიდერი და შეუცვლელი ფეხბურთელია. ალბათ, შედარებით უკნიდან ითამაშებს, რადგან წინა ხაზზე ინგლისს ვარდი და კეინი ჰყავს.

3. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), 56 გოლი
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავს პორტუგალიის ნაკრების რიგებში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. მას შემდეგ კრიშტიანომ ეროვნულ გუნდში 125 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა. კარგ ხასიათზე ხვდება ევროფორუმს, რადგან "რეალის" შემადგენლობაში სულ ცოტა ხნის წინათ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ესპანეთის ჩემპიონატში 35 გოლი გაიტანა და მხოლოდ ლუის სუარესს ჩამორჩა.

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), 62 გოლი
შვედეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ნაკრებში 2001 წლიდან თამაშობს. ეროვნულ გუნდში 112 შეხვედრა ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. დიდებულ ფორმაშია. საფრანგეთის დასრულებულ ჩემპიონატში "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 38 გოლი გაიტანა. წესით, სულ მალე უნდა გადავიდეს "მანჩესტერ იუნაიტედში". შვედეთმა მისი ლიდერის გოლების წყალობით დაძლია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფი.

1. რობი კინი (ირლანდია), 67 გოლი
"ლოს ანჯელეს გალაქსის" ფორვარდი ირლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა. ასეთი შედეგიანობით ეროვნულ ნაკრებში ვერცერთი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის. 35 წლის კინს ირლანდიის პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ნაკრებში კინმა 143 შეხვედრა ჩაატარა და 67 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მას ევროპის პირველობაზე არასოდეს გაუტანია. ცოტა ხნის წინ ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შეიძლება საფრანგეთში ტურნირის პირველი ბატალიები გამოტოვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული