
დეშამი გრიზმანმა იხსნა
* დიმიტრი პაიემ 17-ჯერ ჩააწოდა ბურთი.
* საფრანგეთის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
* გოლი+პასი სისტემით დიმიტრი პაიეს 3 ქულა აქვს.
* ალბანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატებზე ჯერ ქულა არ აუღია.
ეს შეხვედრა იმთავითვე მოინათლა დავითისა და გოლიათის შერკინებად. მართლაც, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ალბანელები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეძლებდნენ. "არწივებმა" ეს შეძლეს და გუშინ მასპინძლებს, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ "მამლებს" დაუპირისპირდნენ.
სხვა დროს შეგვეძლო მტკიცედ გვევარაუდა, რომ მწვრთნელმა ეს ფეხბურთელები დაასვენა, მაგრამ არსებობის უფლება აქვს სხვა ვარაუდსაც: იქნებ დეშამი უკმაყოფილო დარჩა ამ დუეტის მიერ რუმინეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ნაჩვენები თამაშით?
ყოველ შემთხვევაში, არ გვგონია, რომ დეშამი იმთავითვე დარწმუნებული ყოფილიყო ალბანეთის დამარცხებაში და ორი ლიდერი, უბრალოდ, დაესვენებინა. ალბანეთთან მატჩამდე ხომ "სამფეროვნებს" ჯგუფური ბარიერის დაძლევა ჯერაც არ ჰქონდათ განაღდებული.
ფრანგთა 4-2-3-1 სქემაში რუმინეთთან ნაცადი მებრძოლების გარდა, თავის წარმოჩენის შანსი მიიღეს "ბაიერნის" ახალგაზრდა სუპერტალანტმა კინგსლი კომანმა და"მანჩესტერის" იმედმა ანტონი მარსიალმა.
რაც შეეხება ალბანეთის ნაკრებს, შვეიცარიასთან განცდილი მარცხის შემდეგ "არწივთა" იტალიელმა დამრიგებელმა ჯანი დე ბიაზიმ ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინა. რა თქმა უნდა, იტალიელმა სპეციალისტმა მთავარი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთა.
ალბანელები ფრანგთა კარს ერთადერთი ფორვარდით, სადიკუთი უტევდნენ. შეძლებისდაგვარად დაიტვირთა ალბანელთა შუა ხაზი. მოკლედ, თამაშის სცენარი თავიდანვე იოლად გამოსაცნობი იყო.
2:0 - მეექვსე დამატებული წუთი მიდიოდა, როცა პოლ პოგბამ დიდებული პასით მონახა ჟინიაკი. მერე ბურთი მიიღო დიმიტრი პაიემ და ამ ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა.
უეფას ოფიციალური საიტი არ დაგვეთანხმა და თამაშის გმირად ფრანგთა მიჯრით მეორე მატჩში დიმიტრი პაიე დაასახელა. დიმიტრიმ მართლაც შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ რომ არა გრიზმანის თავური, ამ მატჩის ბედისწერის ჩარხი ფრანგთა სასარგებლოდ ვერ დატრიალდებოდა. ამიტომ ჩვენ ჩვენს აზრზე დავრჩებით.
დიმიტრი პაიე (საფრანგეთი): "ჩვენ უკვე მერამდენედ ვაჩვენეთ, რომ თამაშის ბოლოს შეგვიძლია მობილიზება და სასურველი შედეგის მიღწევა. დიდებული, ფანტასტიკური საღამო იყო. ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ".
პირველ ნახევარში მთლიანად საფრანგეთის ნაკრები გამოიყურებოდა უსუსურად. გამოჩნდა, რომ პოგბასა და გრიზმანის გარეშე ეს გუნდი დიდი ვერაფრის მაქნისია. ამასთან ერთად, ალბანეთის კარგად ორგანიზებული თამაშიც არ უნდა გამოგვრჩეს.
ფრანგებმა მოწინააღმდეგე დიდიე დეშამის მიერ განხორციელებული შეცვლების შემდეგ გატეხეს, თუმცა მწვრთნელს ამ მატჩის გმირად ვერ შევრაცხავთ. მას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა. საფრანგეთი ძირითადი შემადგენლობით რომ ყოფილიყო, საქმეს აქამდე ნამდვილად არ მიიყვანდა. ასე კი "სამფეროვნები" ძალიან დიდ სირცხვილს გადარჩნენ, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში მათ ქომაგთა სტვენის მოსმენაც მოუხდათ.
ფავორიტმა ერთხელაც გამოავლინა ხასიათი და მოწინააღმდეგე თამაშის ბოლოს გატეხა, მაგრამ ერთი ფრანგ გულშემატკივრებსაც ვკითხოთ, სჭირდებათ კი მათ ნერვების წყვეტა?
ალბანეთი, ალბათ, ბევრს შეეცოდა. რა თქმა უნდა, ჯანი დე ბიაზი ძალიან კარგი მწვრთნელია და იტალიელის წვლილი "არწივთა" წარმატებაში ძალიან დიდია, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ შეცვალა ლორიკ ცანას არყოფნაში მან დაცვის ბურჯი აიეტი. შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ დაცვა მაინც აირია. "არწივებს" ერთი მაინც რომ გაეტანათ, ფრანგები ამას მხოლოდ უბედობას ვერ დააბრალებდნენ.
დიმიტრი პაიე საფ. 8,7
ადილ რამი საფ. 8,0
კინგსლი კომანი საფ. 7,8
ლორან კოსიელნი საფ. 7,8
15 ივნისი. მარსელი. "ველოდრომი"
საფრანგეთი-ალბანეთი 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (90. რამი), 2:0 პაიე (96. ჟინიაკი)
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - სანია, რამი, კოსიელნი, ევრა - კანტე, მატუიდი - კომანი (68. გრიზმანი), პაიე, მარსიალი (46. პოგბა)- ჟირუ (77. ჟინიაკი)
ალბანეთი (4-1-4-1): ბერიშა - ჰიუსაი, აიეტი (85. ვესელი), მავრაი, აგოლი - კუკელი (74. ტ. ჯაკა)- ლილა (71. როში), აბრაში, მემუშაი, ლენიანი - სადიკუ
გაფრთხილება: კანტე - კუკელი, აბრაში
კარში დარტყმა:10 (2) - 4 (0); კუთხური: 6-4; თამაშგარე:1-1; ჯარიმა: 16-13; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 63 670
თ მ ფ წ ბ ქ
საფრანგეთი 2 2 0 0 4:1 6
შვეიცარია 2 1 1 0 2-1 4
რუმინეთი 2 0 1 1 2-3 1
ალბანეთი 2 0 0 2 0-3 0
19 ივნისი
რუმინეთი - ალბანეთი 23:00
შვეიცარია - საფრანგეთი 23.00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"