ევრო 2016. E ჯგუფი. შვედეთი-ბელგია: ზლატანი შინ მიდის [VIDEO]

AutoSharing Option
* შვედეთის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და ორივე ეს შეხვედრა ამხანაგური გახლდათ.
* შვედ ფეხბურთელს ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუტანია, ირლანდიის კარში გასული ბურთი ავტოგოლი იყო.
* ბელგიას ბოლო 13 ოფიციალური შეხვედრიდან 9 მოგებული აქვს, 2 ფრე და 2 წაგება.

ბელგიას წაგების უფლება არ ჰქონდა, რადგან ამ შემთხვევაში, მასპინძელ და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთზე გადიოდა, ხოლო შვედეთს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, თორემ ჯგუფიდან ვერ გავიდოდა. შესაბამისად, ნიცაში, "ალიანზ რივიერაზე" მატჩი დაძაბულთან ერთად სანახაობრივი და გახსნილიც გახლდათ, განსაკუთრებით,
მეორე ტაიმში.

ბუნებრივია, დროის გასვლასთან ერთად, უფრო ღია თამაში მიდიოდა. მომენტები პანტაპუნტით იქმნებოდა და ნაკრებები მწვავე ეპიზოდებს ცვლიდნენ. ინტრიგა 84-ე წუთამდე შენარჩუნდა, საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ ბელგიამ იმარჯვა და მერვედფინალში უნგრეთს შეხვდება, ხოლო შვედეთი შინ გაემგზავრება. ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ნაკრებიდან წავიდა...

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
შვედეთს უნდა მოეგო და ერიკ ჰამრენი თავის ფრთხილ თამაშს, უბრალოდ, ვეღარ შემოგვთავაზებდა, შვედებს მოგებაზე უნდა ეთამაშათ. ჰამრენი ადგა და მარკუს ბერგი ამჯერად, ძირითადში გაამწესა, მან იგი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეუწყვილა. მოგვიანებით, ბერგის ნაცვლად მწვრთნელმა ჯონ გუიდეტი შემოუშვა. შემოვიდა დურმაზიც… მოკლედ, ჰამრენი და მისი ბიჭები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მოეგოთ.

საბრძოლო გახლდათ მარკ ვილმოტსის თერთმეტეულიც. დე ბრუინი-აზარი-ლუკაკუს შესანიშნავ სამეულს ამჯერად იანიკ ფერეირა-კარასკოც დაემატა, რომელიც სასტარტოში მოხვდა. ცხადია, მათ უკან მყოფი რაჯა ნაინგოლანი და აქსელ ვიტსელიც არ იყვნენ უქმად, კარზე დაგეშილი საყრდენები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, შორიდან დაარტყან, რაც საბოლოო ჯამში გამოდგა კიდეც გადამწყვეტი.

მერე დრის მერტენსის ჯერიც დადგა, რომელმაც სწორედ ფერეირა-კარასკო ჩაანაცვლა. ბელგიას ცალი თვალი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც ეჭირა, მაგრამ ვერ გაძლო და ტემპში მაინც აჰყვა შვედებს, ბელგიელებიც წინ გაიქცნენ და გატანას ცდილობდნენ.

ჰქონდათ კიდეც მომენტები, ალბათ, ცოტათი უფრო მეტი მწვავე ეპიზოდი, მაგრამ შვედთა მეკარე ისაკსონი კარგად თამაშობდა ან ფეხბურთელები თავად სცოდავდნენ. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცდილობდა, თამაში თავის თავზე აეღო, პირველ ტაიმში კარგი მომენტიც ჰქონდა, მეორეშიც აქტიურობდა. თუმცა უქმად არც ბელგიელთა კარის დარაჯი ტიბო კურტუა გახლდათ.

გოლები
0:1 - ნაინგოლანმა ბურთი ედენ აზარისგან მიიღო, კარგად მიუდგა და გემრიელად ამოუსვა. როგორ უყვარს რაჯას შორიდან დარტყმები, კარგად იცით და თითქოს, არც ეს დარტყმა გამოსდიოდა ცუდი, მაგრამ გატანაში მას შვედთა რიგებში შეცვლაზე შემოსული ზენგინი დაეხმარა, რომელსაც ბურთი მოხვდა და ისე აიჭრა, რომ ისაკსონისთვის მიუწვდომლად იქცა. არადა, ამ მომენტამდე დაახლოებით 2 წუთით ადრე, რეალური მომენტი შვედებს ჰქონდათ, როდესაც ბელგია კევინ დე ბრუინმა იხსნა, რომელმაც ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ერიკ ჰამრენი (შვედეთი): "ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. მატჩამდე ვსაუბრობდით ღირსებაზე, შვედეთის პატივისცემაზე და იმის მნიშვნელობაზე, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით და თავი კარგად უნდა წარმოგვეჩინა. თუმცა, მეორე მხრივ, ფეხბურთელებს მეტს ვერ მოვთხოვდი, მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს და მათით ვამაყობ" .

ედენ აზარი (ბელგია): "უნგრეთთან ძალიან რთული მატჩი გველოდება. ჩვენ ვნახეთ პორტუგალიასთან შეხვედრის ბოლო წუთები და უნგრელები 200%-ით იხარჯებიან, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ. შვედებთანაც ძნელი იყო და კომპლიმენტები მცველებს, რომლებმაც კარგად ითამაშეს.

წინაც ჩვენი საქმის გაკეთება გამოგვივიდა. ზლატანს რაც შეეხება, ის დიდი ფეხბურთელია და კარიერაში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. რასაკვირველია, უფრო შორს გასვლა ენდომებოდა, მაგრამ ჩვენც გვსურდა გამარჯვება, რამაც სამწუხაროდ, ტურნირიდან მისი გამოთიშვა გამოიწვია, მაგრამ საკლუბო დონეზე მას კიდევ ბევრი რამ აქვს წინ".

მატჩის გმირი
ეს ის აზარი იყო, რომელსაც მიჩვეულნი ვართ. ის კარგად უძღვებოდა თავისი გუნდის თამაშს და საუკეთესოდ დასახელებაც ალალი იყო. შეგვიძლია ეს მინი-ჯილდო კევინ დ ბრუინსაც გავუზიაროთ, რომელიც შეტევაშიც ცდილობდა აქტიურობას და ერთ მომენტში ვენსან კომპანის რომ შეშურდებოდა, ისე ითამაშა და იხსნა თავისი გუნდი, თორემ ახლა ბელგია საფრანგეთთან სათამაშოდ მოემზადებოდა და არა უნგრეთთან.

მსაჯი
გერმანელი ფელიქს ბრიხი ძალიან გამოცდილი არბიტრია, მაგრამ ასეთი მატჩები ყოველთვის რთული სამსაჯოა. მან და მისმა ბრიგადამ შეხვედრას თავი კარგად გაართვეს.

ანალიზი
ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ შვედებს თამაში გაცილებით უკეთ შეეძლოთ, ვიდრე ეს პირველ ორ შეხვედრაში გააკეთეს, მათ ამ ორ მატჩში მეტოქეთა კარში ზუსტად არც დაურტყამთ. აი, ბელგიათან კი სულ სხვა საქმე იყო, შვედეთი რისკავდა, უტევდა, ცდილობდა… შვედეთს ასეთი თამაში უხდება, შვედეთი ასეთი უნდა იყოს. კარგი იქნებოდა, ნაკრები უფრო ადრე ათამაშებულიყო ასე და ზედმეტი პრაგმატიზმი არ გამოევლინა. ჰამრენს, სავარაუდოდ, კრიტიკა არ ასცდება.

ბელგია კი ბოლომდე ისევ ვერ იყენებს თავის პოტენციალს და მიუხედავად უდიდესი პოტენციალისა, რომელიც აქვს, მაინც ბევრს წვალობს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მარკ ვილმოტსმა ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისგან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს და თუ ამას შეძლებს, ბელგიელთა გაჩერება ადვილი არ იქნება. მთავარია, თამაში დალაგდეს და დაბალანსდეს.

დასკვნა
დასანანია, რომ შვედეთის კალიბრისა და კლასის, პოტენციალის ნაკრები მერვედფინალში აღარ იქნება და ვერც ზლატანს ვიხილავთ ამ მაისურით, რაც სევდიანი ამბავია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამაზე ჰამრენს და მის შეგირდებს ადრე უნდა ეფიქრათ.

ბელგია-უნგრეთის წყვილში ფავორიტი ვილმოტსის ნაკრები იქნება, მაგრამ დროა, ბელგიამ ფავორიტის სტატუსის დამაჯერებლად გამართლება დაიწყოს. უნგრეთმა კი ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა და უბრძოლველად არაფერს დათმობს. ბელგიას სიფრთხილისა და სითამამის სინთეზის პოვნა მართებს.

whoscored.com-ის ტოპ-5
კევინ დე ბრუინი ბელ. 8,5
ანდრეას ისაკსონი შვე. 7,8
რაჯა ნაინგოლანი ბელ. 7,8
ანდრეას გრანკვისტი შვე. 7,6
ედენ აზარი ბელ. 7,6

22 ივნისი. ნიცა. "ალიანზ რივიერა"
შვედეთი-ბელგია 0:1
გოლები: 0:1 ნაინგოლანი (84. აზარი)
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ნილსონ-ლინდელიოფი, იოჰანსონი, გრანკვისტი, ოლსონი - ეკდალი, ლარსონი (70. დურმაზი), ჩელსტრიომი, ფორსბერგი (82. ზენგინი) - ბერგი (63. გუიდეტი), იბრაჰიმოვიჩი
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - ნაინგოლანი, ვიტსელი - ფერეირა-კარასკო (71. მერტენსი), დე ბრუინი, აზარი (90+3. ორიგი) - ლუკაკუ (87. ბენტეკე)
გაფრთხილება: ეკდალი, იოჰანსონი - მონიე, ვიტსელი
კარში დარტყმა: 13-23 (4-8) კუთხური: 4-12 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 34 011

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული