ევრო 2016. სკანდალი: უკრაინა და დოპინგი ჭორი ყოფილა...

AutoSharing Option
ბელგიურმა გამოცემა Het Nieuwsblad-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილი კინაღამ დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. გამოცემა ირწმუნება, რომ უეფა მალე დაიწყებს გამოძიებას ამ თემაზე. ევრო 2016-ის მსვლელობისას ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი დოპინგს იღებდა - ამტკიცებს ბელგიური წყარო.

ბელგიური გამოცემა ამტკიცებს, რომ იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც უკრაინის ნაკრები იყო დაბანაკებული, სამედიცინო დანიშნულების ნივთების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. თითქოს, იქ აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები არ არის შესული შავ სიაში, მაგრამ ბელგიელები სულ სხვას ამტკიცებენ.

დღის განმავლობაში ეს სიახლე ისე აიტაცეს ევროპულ მედიაში, რომ უეფა
იძულებული გახდა, სპეციალური განმარტება გაეკეთებინა. "არანაირი სადისციპლინო ან სხვა სახის საქმე არ არის აღძრული უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ და არც იგეგმება. დღეისათვის შემოსული ყველა დოპინგ-ტესტის პასუხი უარყოფითია", - განაცხადა უეფას წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე და მერვედფინალებში უეფამ 1 818 სინჯი აიღო და ყველა მათგანი სუფთა აღმოჩნდა. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, ევროპული ფეხბურთი სუფთაა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება. პრესა წერდა, რომ ფეხბურთელები ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ (გერმანიასთან - 0:2) ეწეოდნენ და ალკოჰოლურ სასმელებს სვამდნენ. ეს ბრალდებები უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მაშინ უარყო. უკრაინის ნაკრებმა ტურნირი ჯგუფურ ეტაპზევე დაასრულა, სამივე თამაში წააგო და ევრო 2016-ს მალევე დაემშვიდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული