ევრო 2016. VII ტურის წინ. A, B, H ჯგუფები: ბოლო მოსახვევი ფინიშის სწორამდე

AutoSharing Option
ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი გადამწყვეტ ფაზაში შედის, ტურნირი სამ ქვეჯგუფში ცხრა შეხვედრით განახლდება. დღეიდან, 6 დღის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე შესარჩევი ეტაპის მე-7 და მე-8 ტურების თამაშებს ვიხილავთ.

მარათონში ჩვენი ნაკრებიც აგრძელებს მონაწილეობას - 4 სექტემბერს შოტლანდიას ვმასპინძლობთ, 7-ში კი ირლანდიას დუბლინში ვსტუმრობთ.

ევრო 2016-ზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 9 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და საუკეთესო მესამეადგილოსნები ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ (19 ნაკრები), 8 მესამეადგილოსანი კი დარჩენილ 4 საგზურს პლეი ოფში გაითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული ჯერ
მხოლოდ მასპინძელ საფრანგეთს აქვს და მხოლოდ სერბეთია ერთადერთი ნაკრები, რომელმაც საფრანგეთში თამაშის თეორიული შანსიც კი დაკარგა - გარემოებათა გამო ამ ნაკრებს მინუს ორი ქულა აქვს. დღეს ყურადღებას მხოლოდ დღევანდელ მატჩებს დავუთმობთ, რომლებიც A, B და H ჯგუფებში გაიმართება.

A ჯგუფი: "ამსტერდამ არენა" შურისძიების მოლოდინში
საოცარია, მაგრამ ფაქტია - საკვალიფიკაციო ბატალიები ლამის ფინიშის სწორზე გავიდეს და ისლანდიის ნაკრები "ამსტერდამ არენაზე" ჯგუფის ლიდერის სტატუსით ჩადის. თანაც, მასპინძელი ჰოლანდია მეორეადგილოსანიც არ არის და იმავე ისლანდიას 5 (!) ქულით ჩამორჩება.

დანი ბლინდის გუნდის წინააღმდეგ შვედ ლარს ლაგერბაკს ისეთი გუნდი გამოჰყავს, რომელსაც ზედიზედ ხუთი მატჩია, არ წაუგია (აქ ამხანაგურებსაც ვთვლით). ჰოლანდიას შურისძიება მართებს - შარშან, ოქტომბერში გილფი სიგურდსონის დუბლით, ისლანდიამ ჰოლანდიას შთამბეჭდავი მარცხი აგემა - 2:0. ამ ორი ნაკრების წინა რვა დაპირისპირებიდან რვავე ჰოლანდიას ჰქონდა მოგებული.

ისლანდიის ნაკრებმა ივნისში ჩეხეთი დაამარცხა და სექტემბრის ორ ტურში თუ იმარჯვებს, ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჰოლანდიაში სტუმრობის მერე ვიკინგები ყაზახებს მასპინძლობენ.

მართალია, ლიდერი ისლანდიაა, მაგრამ "ამსტერდამ არენაზე" ფავორიტი მაინც დანი ბლინდის გუნდია, რომელმაც ნაკრებში კაპიტანი შეცვალა - რობინ ვან პერსის ნაცვლად არიენ რობენი დანიშნა. სხვა თუ არაფერი, ჰოლანდიელებს ევროპის ჩემპიონატების 48 საშინაო მატჩიდან არც ერთი (!) არ წაუგიათ და 40 გამარჯვებით დაასრულეს.

მართალია, სამკლავური ჩამოართვა, მაგრამ, არა გვგონია, ბლინდმა ვან პერსი სასტარტოში არ დააყენოს. ისე, "ფენერბაჰჩეს" ფორვარდის კონკურენტები ჰუნტელაარი და ლუკ დე იონგი არიან. ბლინდი თავის ვაჟ დეილის, ალბათ, ნახევარდაცვაში წასწევს საყრდენად. შეტევის ერთ ფლანგზე "მანჩესტერის" ახალწვეული მემფის დეპაი დაიწყებს, მეორეზე კი კაპიტანი რობენი. მეტოქის ბანაკში, ჰოლანდიელთა გამამწარებელი სიგურდსონი ნახევარდაცვაში ითამაშებს, ხოლო 36 წლის ეიდურ გუდიონსენს სათადარიგოთა სკამზე ველით.

დანი ბლინდი: "საფეხბურთო სისტემა ჩვენ არ შეგვიცვლია, შეიცვალა მხოლოდ დეტალები. სხვა მხრივ, ნაკრების სტილი იგივე რჩება. არიენ რობენი გუნდის ნამდვილი კაპიტანია, მისი შემართება მოედანზე ყველასთვის გადამდებია. რობინ ვან პერსის უფრო წყნარად, ერთი-ერთზე შეუძლია თანაგუნდელების დამოძღვრა და ის ამას კიდევ გააგრძელებს, რადგან ჩემი ვიცე-კაპიტანია".

არიენ რობენი: "ძალიან ამაყი ვარ. იყო შენი ქვეყნის ეროვნული გუნდის კაპიტანი, ძალიან ბევრს ნიშნავს".

ჰოლანდია (სავარაუდო შემადგენლობა): სილესენი - ვან დერ ვილი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ვილემსი - ვეინალდუმი, ბლინდი, სნეიდერი - დეპაი, ვან პერსი - რობენი.

* რობინ ვან პერსის ნაკრებში 98 თამაში და 49 გოლი დაუგროვდა. თუ გაიტანს, გახდება პირველი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ვინც ნაკრებში 50-გოლიან ნიშნულს მიაღწევს.

* ემილ ჰალფრედსონისთვის ეს მატჩი 50-ე იქნება ნაკრების შემადგენლობაში.

* ჰოლანდიის ნაკრები წინა 6 ტურში ბურთს 69%-ით ფლობდა. ეს ყველაზე დიდი პროცენტია შესარჩევ ციკლში.

* * *
ორ სხვა შეხვედრაში მასპინძლებს აუცილებლად მართებთ მოგება: ჩეხეთი მეორე ადგილზეა და ბოლოადგილოსან ყაზახეთს მასპინძლობს, ხოლო თურქეთი უკანასკნელ შანსს ებღაუჭება, ამისთვის კი ლატვია აუცილებად უნდა დაამარცხოს. ყაზახეთის ნაკრები ერთადერთია ამ ჯგუფში, რომელსაც ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გასვლის თეორიული შანსი აღარ შერჩა (ასეთი შანსი მხოლოდ პლეი ოფში გასვლაზე დარჩა).

მიუხედავად ამისა, ჩეხთა თავკაცი ფრთხილობს, ყაზახები 5-4-1 ტაქტიკით ითამაშებენ და მათი კარის დალაშქვრა ძნელი იქნებაო. ჩეხეთს, რა თქმა უნდა, დააკლდება ტრავმირებული კაპიტანი ტომაშ როსიცკი.

* ჩეხთა მცველ ტომაშ სივოკისთვის მატჩი ყაზახეთთან (თუ ითამაშებს) 50-ე იქნება ეროვნულ ნაკრებში.

* თურქეთის ნაკრებმა ბოლო 12 შესაძლებლიდან 8 ქულა მოიპოვა.

3 სექტემბერი
ჩეხეთი-ყაზახეთი 22:45
ჰოლანდია-ისლანდია 22:45
თურქეთი-ლატვია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 6 5 0 1 14-3 15
2. ჩეხეთი 6 4 1 1 12-8 13
3. ჰოლანდია 6 3 1 2 13-6 10
4. თურქეთი 6 2 2 2 7-8 8
5. ლატვია 6 0 3 3 2-13 3
6. ყაზახეთი 6 0 1 5 4-14 1

ბომბარდირები: 4 - ბორჟეკ დოჩკალი (ჩეხეთი), გილფი სიგურდსონი (ისლანდია), კლაას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია); 3 - ბურაქ ილმაზი (თურქეთი).

B ჯგუფი: ყველაზე საინტერესო ჯგუფი
ამ ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, რომ ტოპ-ხუთეულის ნებისმიერი გუნდი შეიძლება გახდეს ამ ორი ტურის შემდეგ ლიდერი ან უელსმა შეიძლება გაინაღდოს ევრო 2016-ის საგზური. უქულო ანდორა განყენებულია - ამ გუნდს თეორიული შანსი დარჩა პლეი ოფში მოხვედრის.

უელსის ნაკრები კვიპროსს სტუმრობს, ჩვენი მომავალი მეტოქე უელსი (2018 წლის მუნდიალისთვის) ჯერაც დაუმარცხებელია და პირველ წაფორხილებას კუნძულზე ნაკლებად ელიან. შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშში უელსელებმა 10 კაცით დაამარცხეს მეტოქე - 2:1. თამაშს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ფრანგული წარმოშობის კვიპროსელი ვენსან ლაბანი. ამავე მიზეზით არ იქნება უელსელი ჯო ალენი.

უელსელთა თავკაცი კრის კოულმენი შორს არის იმ აზრისგან, რომ უელსს მთავარი საქმე მომთავრებული აქვს.

"ახლა შორს არ ვიხედებით - მხოლოდ კვიპროსის ნაკრებთან თამაშზე ვფიქრობთ. მხოლოდ მატჩის შემდეგ ვიფიქრებთ ისრაელის ნაკრებზე და ასე შემდეგ. მარტივია. ეს თამაში აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიიდანაა. დიდი ხანია, უელსის ნაკრებზე ასეთი ზეწოლა არ ყოფილა, ჩვენ, როგორც ფავორიტებს, მოგება გვმართებს. ეს ზეწოლა კი მხოლოდ ერთზე მიუთითებს - ჩვენ სწორად ვვითარდებით. ჩვენ ამ კვირაში შეგვიძლია, დავასრულოთ უელსელთა 57-წლიანი მოლოდინი".

* უელსელთა გოლკიპერ უეინ ჰენესის 1 მატჩი აკლია ნაკრებში 50 კეპამდე.

* ეს ჯგუფი ყველაზე დაძაბულია, პირველ და მეხუთე ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 6 ქულაა.

* * *
ტურში კიდევ ერთი კარგი დაპირისპირება გველის - ბრიუსელში მარკ ვილმოტსის ბელგია ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს შეხვდება. ისევე, როგორც ზენიცაში, სადაც ედინ ჯეკოს გოლს რაჯა ნაინგოლანმა უპასუხა (1:1), "მეფე ბოდუინზეც" ძალზე დაძაბული ორთაბრძოლა გველის. ბელგიელთათვის ბოსნიელები უხერხულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ - 5 დაპირისპირებიდან 3 წააგეს, ფრეზე უკვე მოგახსენეთ და ერთი მოიგეს.

ბელგიას დისკვალიფიკაციამოხდილი ვენსან კომპანი უბრუნდება.

* მოგების შემთხვევაში, ბელგია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 50-ე გამარჯვებას იზეიმებს (113 მატჩიდან).

* ეს ბოსნიის ნაკრების მე-100 ოფიციალური მატჩია.

3 სექტემბერი
ბელგია-ბოსნია 22:45
კვიპროსი-უელსი 22:45
ისრაელი-ანდორა 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 6 4 2 0 8-2 14
2. ბელგია 6 3 2 1 13-2 11
3. ისრაელი 6 3 0 3 10-9 9
4. კვიპროსი 6 3 0 3 12-11 9
5. ბოსნია 6 2 2 2 8-7 8
6. ანდორა 6 0 0 6 3-23 0

ბომბარდირები: 5 - ედინ ჯეკო (ბოსნია), ომერ დამარი (ისრაელი), გარეთ ბეილი (უელსი).

H ჯგუფი: ორი ხორვატის დუელი ბაქოში
"ბაქსელ არენაზე" ორი ხორვატი მწვრთნელის დაპირისპირება გველის - რობერტ პროსინეჩკი ნიკო კოვაჩის წინააღმდეგ. პროსინეჩკი აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცია, რომელიც რეალურად საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა; აი, ხორვატია კი ლიდერის რანგში ჩავა ბაქოში.

აი, რას ამბობს ჯგუფის ბომბარდირი 4 გოლით, ახლახან მილანის "ინტერში" გადასული ივან პერიშიჩი:

"აზერბაიჯანში, რაც შეიძლება, მალე უნდა გავიტანოთ გოლი, რომ მერე თამაში გაგვიიოლდეს. მათთან პირველ შეხვედრაში კარგად ვითამაშე, მაგრამ ახლა ცოტა განსხვავებული დაპირისპირება გველის. აზერბაიჯანში სიცხე გველის, რომელთანაც გამკლავება არც ისე იოლია. კონცენტრაცია არაფრით არ უნდა დავკარგოთ". სხვათა შორის, ხორვატებს დაკლებული ქულა გაპროტესტებული აქვთ და არ არის გამორიცხული, უეფამ ეს ქულა ისევ დაუბრუნოს კოვაჩის გუნდს.

* ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 4 საგოლე პასით ოთხი ფეხბურთელი ლიდერობს, მათ შორის ერთი ხორვატი ივან რაკიტიჩია. სხვები არიან არკადიუშ მილიკი (პოლონეთი), სენად ლიულიჩი (ბოსნია) და ჯერდან შაჩირი (შვეიცარია).
იტალიის ნაკრები აუტსაიდერ მალტას მასპინძლობს და ბუნებრივია, აშკარა ფავორიტია.

იტალიელებზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ, ვიტყვით მხოლოდ, რომ "არტემიო ფრანკიზე" მალტას იტალიელი მწვრთნელი პიეტრო გედინი გამოიყვანს. გედინი იტალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იმ დროს იყო, როცა "სკუადრა აძურაში" ანტონიო კონტე თამაშობდა. ეს გუნდები აქამდე 21-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული იტალიის ნაკრები გამოვიდა.

დაბოლოს, "ვასილ ლევსკიზე" ბულგარეთის ნაკრები ნორვეგიას დაუდგება.

3 სექტემბერი
აზერბაიჯანი-ხორვატია 20:00
ბულგარეთი-ნორვეგია 22:45
იტალია-მალტა 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 6 4 2 0 16-3 13
2. იტალია 6 3 3 0 9-5 12
3. ნორვეგია 6 3 1 2 7-8 10
4. ბულგარეთი 6 2 2 2 7-7 8
5. აზერბაიჯანი 6 1 1 4 4-11 4
6. მალტა 6 0 1 5 1-10 1

შენიშვნა: ხორვატიას 1 ქულა დაკლებული აქვს.

ბომბარდირები: 4 - ივან პერიშიჩი (ხორვატია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისლანდია რომ ჯგუფის ლიდერია, ამას რამდენიმე ცლის ცინ ვინ ცარმოიდგენდა, ერთი ჩვენ არ გვეშველა
Unknown
17:36 03-09-2015
0
საინტერესო მიმოხილვაა ნამდვილად, მაგრამ ეს ცხრილები რა საშინლადაა ! ! !
სოს
11:31 03-09-2015
0

სიახლეები პოპულარული