C ჯგუფი: შურისძიება ოვიედოში?
ჯგუფის მოულოდნელ ლიდერ სლოვაკეთს სულ მცირე, პლეი ოფი გარანტირებული აქვს, მაგრამ ბუნებრივია, სლავებს მეტი სურთ - სლოვაკებს 6-დან 6 გამარჯვება აქვთ. თუმცა, ამ გუნდს ოვიედოში სერიოზული გამოცდა ელის, მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია. შეგახსენებთ, რომ სწორედ სლოვაკეთის ნაკრებმა შეწყვიტა ესპანელთა 36-მატჩიანი წაუგებელი სერია საკვალიფიკაციო ეტაპებზე. შარშან 25 წლის მიროსლავ სტოხის გოლმა 87-ე წუთზე სლოვაკეთს ისტორიული გამარჯვება მოუტანა ესპანეთზე. სტოხი, რომელიც "ჩელსის" აღზრდილია,
საკვალიფიკაციო ციკლში ყველა გუნდს შორის ესპანეთის ნაკრები ყველაზე მეტ პასს აკეთებს - 4,2 ათასი. ეს ბუნებრივია, თუმცა ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს აღარ აქვს ბურთის ფლობის საუკეთესო პროცენტი (ჰოლანდია სჯობს).
სლოვაკებს დისკვალიფიკაციების გამო სერიოზული დანაკარგი აქვთ - მარტინ შკრტელი და იურაი კუჩკა ვერ ითამაშებენ.
საინტერესო უნდა იყოს მეზობლების, უკრაინისა და ბელარუსის დაპირისპირებაც ლვოვში. უკრაინელები მესამე ადგილზე არიან, ხოლო ბელარუსები თეორიულ შანსებს ებღაუჭებიან.
რადგან ლიდერები ერთმანეთში თამაშობენ, ეს მატჩი უკრაინელთათვის შესანიშნავი შანსია. ბელარუსში სერჰი სიდორჩუკისა და ერთი ავტოგოლის წყალობით, უკრაინამ 2:0 იმარჯვა. ბელარუსის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო, მაქსიმ ბორდაჩოვი დააკლდება.
5 სექტემბერი
ლუქსემბურგი-მაკედონია 20:00
უკრაინა-ბელარუსი 20:00
ესპანეთი-სლოვაკეთი 22:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 6 6 0 0 13-3 18
2. ესპანეთი 6 5 0 1 15-3 15
3. უკრაინა 6 4 0 2 9-2 12
4. ბელარუსი 6 1 1 4 4-11 4
5. მაკედონია 6 1 0 5 6-14 3
6. ლუქსემბურგი 6 0 1 5 3-17 1
ბომბარდირები: 3 - მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი), პაკო ალკასერი (ესპანეთი), დავიდ სილვა (ესპანეთი), ანდრი იარმოლენკო (უკრაინა).
E ჯგუფი: ველით რეკორდს და საგზურს
ინგლისის ნაკრებში მთავარი თემა არა თავად მატჩია, არამედ, უეინ რუნის სავარაუდო რეკორდი - "შრეკს" ინგლისის ნაკრებში 47 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ გოლით ჩამორჩება გარი ლინეკერს. მეტოქე კი ძალზე სუსტია - სან მარინო ესტონელებთან აღებული ერთადერთი ქულით ამაყობს, ამ ნაკრებს ჯერ გოლი არ გაუტანია და 6 თამაშში 19 გაუშვა.
რუნიმ უკვე 5 გოლი გაიტანა ჯგუფში და ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტჯერ დაემუქრა მეტოქეთა კარს (ჯამში 31-ჯერ, ზუსტად 18-ჯერ). გაიტანს რუნი გოლს, ლინეკერს გაუტოლდება, შეასრულებს დუბლს და ბობი ჩარლტონს დაეწევა.
ინგლისის ნაკრები, ისევე, როგორც სლოვაკეთი შესარჩევ ციკლში უდანაკარგოა, გამარჯვების შემთხვევაში როი ჰოჯსონის გუნდი საფრანგეთის საგზურს მოიპოვებს.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება ბაზელში, სადაც "იაკობ პარკზე" შვეიცარიის ნაკრები სლოვენიას მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ძალზე მიუახლოვდება, რადგან მეორე ადგილისთვის ბრძოლაში სლოვენია უშუალო მეტოქეა.
ისტორიაც შვეიცარიის მხარესაა - 9 ურთიერთშეხვედრიდან 7 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ის ერთი მარცხი სწორედ ამ ციკლიდანაა - შარშან, ოქტომბერში სლოვენიამ მარიბორში მილოვოიე ნოვაკოვიჩის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო შვეიცარიას.
ტალინშიც მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა - ჯერ ერთი, ესტონეთისა და ლიტვის მატჩი ბალტიური დერბია, მეორეც, ამ გუნდებს ჯერჯერობით, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრაქტიკული შანსები შერჩათ. ესტონეთს ქულიანი უპირატესობა და საშინაო კედლები უფრო წინ აყენებს.
სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო, არ ეყოლებათ დონატას კაზლაუსკასი და გრატას სირგედასი.
5 სექტემბერი
ესტონეთი-ლიტვა 20:00
სან მარინო-ინგლისი 20:00
შვეიცარია-სლოვენია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 6 6 0 0 18-3 18
2. შვეიცარია 6 4 0 2 13-4 12
3. სლოვენია 6 3 0 3 12-7 9
4. ესტონეთი 6 2 1 3 3-5 7
5. ლიტვა 6 2 0 4 4-12 6
6. სან მარინო 6 0 1 5 0-19 1
ბომბარდირები: 6 - დენი უელბეკი (ინგლისი), 5 - მილოვიე ნოვაკოვიჩი (სლოვენია), უეინ რუნი (ინგლისი)
G ჯგუფი: 6-ქულიანი მატჩი
ბუნებრივია, ამ ჯგუფის მთავარი თამაში მოსკოვშია, "სპარტაკის" "ოტკრიტიე არენა" რუსეთისა და შვედეთის შეხვედრას მასპინძლობს. უშუალო კონკურენტთა დაპირისპირებას დიდი ფასი აქვს, ფაქტობრივად, ეს 6-ქულიანი თამაშია. შვედებს და ლიდერ ავსტრიელებს ამ ორ ტურში შეუძლიათ საფრანგეთის საგზურის მოპოვება, ამისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და კომპანიამ ორივე მატჩი უნდა მოიგოს, ხოლო ავსტრიას მოლდოვის დამარცხებაც ეყოფა, იმ შემთხვევაში თუ ლეონიდ სლუცკის გუნდი შვედეთს ვერ დაამარცხებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ამ ორ ნაკრებს შორის 5 მატჩი გაიმართა, შვედებმა ორჯერ იმარჯვეს, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ რუსეთმა იმარჯვა. შვედებს მოსკოვში კიმ კალსტრიომი დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო.
ავსტრიის ნაკრები მოლდოვას "ერნსტ ჰაპელზე" მასპინძლობს და ტრიუმფისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ავსტრია მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეა.
5 სექტემბერი
რუსეთი-შვედეთი 20:00
ავსტრია-მოლდოვა 22:45
ჩერნოგორია-ლიხტენშტეინი 22:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 6 5 1 0 11-2 16
2. შვედეთი 6 3 3 0 10-4 12
3. რუსეთი 6 2 2 2 9-4 8
4. ჩერნოგორია 6 1 2 3 4-8 5
5. ლიხტენშტეინი 6 1 2 3 2-12 5
6. მოლდოვა 6 0 2 4 3-9 2
ბომბარდირები: 5 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), 3 - დავიდ ალაბა (ავსტრია), მარკ იანკო (ავსტრია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"