საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო, მესამე ტურში, სახლში ლიეტუვას დაუზავდა - 1:1.
დებიუტში მასპინძლები დანელიამ ლამაზი გოლით დააწინაურა. სტუმრებს მალევე პენალტით შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გარბალიუსკასს გოლი მეკარე ყავლაშვილმა არ გაატანინა. 85-ე წუთზე გრუძინსკასმა თანაფარდობა მაინც აღადგინა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ასევე ფრე დაფიქსირდა დანიისა და ავსტრიის დაპირისპირებაში (2:2). შედეგად, პირველი ადგილი 7 ქულით ავსტრიამ მოიპოვა, საქართველომ და დანიამ 4-4 ქულა დააგროვეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლების წყალობით ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა და ელიტ რაუნდში გავიდა.
ელიტ რაუნდის მატჩებს გიორგი ჩიტაურის გუნდი მომავალი წლის გაზაფხულზე ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა დეკემბერში გახდება ცნობილი.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო - ლიეტუვა 1:1
გოლები: 1:0 დანელია (5), 1:1 გრუძინსკასი (85)
გამოუყენებელი პენალტი: გარბალიუსკასი (8)
საქართველო: ყავლაშვილი, ამისულაშვილი, გვასალია, ხარებაშვილი, შათირიშვილი, გოგილაშვილი (ჩიქოვანი 66), სალია (ქუთათელაძე 85), დანელია (გლუნჩაძე 72), სურგულაძე, ელისაშვილი (ჩუბინიძე 66), წულაია