12:43 07-08-2017
დინამო(თბ)-დილა 5:0 - ეფექტურიც და ეფექტიანიც! [VIDEO]
AutoSharing Option
...წინა ტურში "ლოკომოტივთან" წაგებული მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ რამდენიმე კორექტივი შეიტანა თავისი გუნდის შემადგენლობაში: ამჯერად, ძირითადში გამოჩნდნენ ნიკა ნინუა და მიკოლა კოვტალიუკი, ხოლო 19 წლის ნიჭიერი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი ტრავმისგან გამოწვეული პაუზის მერე დაბრუნდა.
გარკვეული ცვლილებები იყო "დილას" შემადგენლობაშიც: გორელთა გუნდის თავკაცმა გიორგი დარასელიამ დისკვალიფიკაციის გამო ორი საკვანძო ფეხბურთელი, გიორგი პაპავა და ირაკლი ძარია მოისაკლისა, ისე, როგორც გამოცდილი ცენტრფორვარდი ირაკლი მოდებაძე, რომელიც მძიმე ტრავმის მერე სულ ახლახან დაუბრუნდა "დილას".
თუმცა ეს დანაკლისი მაინც ვერ გამოდგება "თავის მართლებად": სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა (განსაკუთრებით - უკანახაზელებმა) მთელი მატჩის განმავლობაში უამრავი უპატიებელი შეცდომა დაუშვეს და რამდენიმე ეპიზოდში მიხეილ მუჯრიშვილს რომ არ ეყოჩაღა, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ მიმდინარე სეზონის სარეკორდო ანგარიშიც გვენახა. "დილას" მეკარემ, სულ მცირე, ორ ეპიზოდში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამას გარდა, მასპინძლებს კიდევ 3 ისეთი მომენტი ჰქონდათ, 100-პროცენტიანს რომ ვამბობ ხოლმე.
პლუს, კიდევ ორი საკამათო ეპიზოდიც, როცა მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, ოღონდ, პირველ შემთხვევაში თუ კოვტალიუკზე წესების დარღვევა აშკარა იყო, აი, გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევაზე ანალოგიურის მტკიცება ძნელია...
ეს ორივე ეპიზოდი პირველ ტაიმში მოხდა, როცა, ფაქტობრივად, გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი. თუმცა არანაკლებ საკამათო იყო პირველი ტაიმის კიდევ ერთი ამბავი, რომელმაც, ჩვენი აზრით, გარკვეული გავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე. სტუმართა კაპიტნის, ალექსანდრე კვახაძის გაძევებას ვგულისხმობთ, რომელმაც წითელი ბარათი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად მოთამაშე ჩაკვეტაძის წაქცევისთვის მიიღო...
ისე, სხვების მსგავსად, ჩვენც გვეგონა, რომ ამ ეპიზოდს მალე უნდა მოჰყოლოდა ცვლილება სტუმართა გუნდში, თუმცა, ვიდრე ნომინალური ცენტრალური მცველი (ოთარ კუსიანი) ჩაერთვებოდა თამაშში, "დინამოს" უკვე სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. თანაც, ამ სამივე შემთხვევაში, დინამოელებმა სტუმართა დაცვის ცენტრში წარმოქმნილი ნაპრალებით ისარგებლეს...
..."დინამომ" მატჩის დასაწყისიდანვე საკუთარი, აგრესიული თამაში მოახვია მეტოქეს და როცა უკვე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა, მერე ხომ, საერთოდ, "ცალკარა" ვიხილეთ, ფაქტობრივად, ცარიელ "დინამო არენაზე".
არადა, "დინამოს" მოთამაშეთა მოტივაცია აშკარად იმსახურებდა ბევრად უფრო მეტ აუდიტორიას, ისე, როგორც კონკრეტული ფეხბურთელი იმსახურებდა ბევრად უფრო მეტ ოვაციას: 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ, ისე, როგორც წინა საშინაო მატჩში ("კოლხეთთან"), ამჯერადაც გაიბრწყინა!
ვიდრე შეცვლიდნენ, ეს ნიჭიერი შემტევი მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში იყო და თავისი გუნდის, ფაქტობრივად, ყველა შეტევის ორგანიზებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. პირველი გოლი მის წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა, ერთი საგოლე პასი შეასრულა, მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასვლა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, მეორე ტაიმში კი მართლაც ეფექტურ სტილში უზადოდ შეასრულა "სტანდარტული" - ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია, რასაც იმ საღამოს მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე აკეთებდა...
...გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად, "დინამოს" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვამახსოვრა თავი გააზრებული თამაშით: კარგი მატჩი ჩაატარა 18 წლის საყრდენმა ნიკა ნინუამ, ისე, როგორც კიდევ ერთმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, 22 წლის ბაქარ ქარდავამ, რომელმაც თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
დაბოლოს, შემცვლელებზეც უნდა ვთქვათ: ისე, როგორც წინა საშინაო მატჩში, კახა კაჭარავამ ამჯერადაც ეფექტიანი შეცვლები გააკეთა: "დინამოს" ახალწვეულმა, 21 წლის ლაშა ქოჩლაძემ ამჯერადაც შეცვლაზე შესულმა გაიტანა გოლი და ამჯერადაც, ეფექტურ სტილში!..
მატჩის სტენოგრამა
6' - კუთხურის მერე დავით კობოური ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა სტუმართა კარს;
7' - სტუმართა საჯარიმოში მიკოლა კოვტალიუკს აშკარად წესების დარღვევით აჩერებენ, თუმცა, "დილას" კარში პენალტი არ ინიშნება...
9' - აკაკი შულაიას ფლანგური პასის მერე ბექა მიქელთაძემ ახლო მანძილიდან უაღრესად ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა;
22' - გიორგი ჩაკვეტაძისა და ბექა მიქელთაძის ეფექტური კომბინაცია არანაკლებ ეფექტური და ზუსტი დარტყმით დაასრულა ბაქარ ქარდავამ - 1:0;
24' - გიორგი ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგიდან უზუსტესი დიაგონალური პასით მეტოქის საჯარიმოში ბექა მიქელთაძე მოძებნა და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია - 2:0;
27' - სტუმართა მორიგი შეცდომა ჩინებულად გამოიყენა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც "დილას" მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტადაც დაარტყა - 3:0;
29' - მიკოლა კოვტალიუკს 100-პროცენტიანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასულმა მიხეილ მუჯრიშვილს ვერ აჯობა;
41' - სტუმართა სტანდარტულის მერე ნუბიო ფლავიო თავით სახიფათოდ ურტყამდა - ბურთი მცირე მანძილით ასცდა "დინამოს" კარს;
45' - ნინუას მორიგი კუთხურის მერე ლუკა ლოჩოშვილი ახლო მანძილიდან თავით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ სტუმრები მიხეილ მუჯრიშვილმა გადაარჩინა;
68' - გიორგი ჩაკვეტაძემ მშვენიერ სტილში შეასრულა "სტანდარტული" და "მოჭრილი" დარტყმით ბურთი მეტოქის მეკარისაგან მარჯვენა მაღალ კუთხეში უზუსტესად გაგზავნა - 4:0;
75' - სტუმრები სასწაულებრივად გადაურჩნენ კიდევ ერთ გოლს: გიორგი თევზაძის ძლიერი დარტყმა მიხეილ მუჯრიშვილმა მოიგერია, რასაც მახვილი კუთხიდან აკაკი შულაიას კიდევ ერთი დარტყმა მოჰყვა, რის შემდეგაც ბურთი სტუმართა მცველისგან ხარიხას მოხვდა;
81' - იმედა აშორტიას შორეული დარტყმის მოგერიება ნუკრი რევიშვილს არ გასჭირვებია;
87' - ნიკა ნინუამ შორეული პასით მარცხენა ფლანგზე გარღვევაზე გაიყვანა გიორგი თევზაძე, რომლის გამჭოლი პასის შემდეგაც ლაშა ქოჩლაძემ, ერთი შეხებით, ეფექტური და ზუსტი დარტყმით ამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0!
ეროვნული ლიგა. XXI ტური
04.08. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო(თბ)-დილა 5:0
გოლები: 1:0 ქარდავა (22. მიქელთაძის პასით), 2:0 მიქელთაძე (24. ჩაკვეტაძის პასით), 3:0 ჩაკვეტაძე (27), 4:0 ჩაკვეტაძე (68), 5:0 ქოჩლაძე (87. თევზაძის პასით)
დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, კობოური, ლოჩოშვილი, თოთაძე (62. თევზაძე) - ქარდავა, ნ. ნინუა - შულაია, ჩაკვეტაძე (83. ქოჩლაძე), მიქელთაძე (71. ალიუ).
სათადარიგოები: ქაფიანიძე, კუცია, მიშჩენკო, ბულესკირია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი - მაჩაიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, გაგოშიძე - რაზმაძე - კირკიტაძე (79. აშორტია), სოფრომაძე, ტარავალიე, პედრინიო (30. კუსიანი) - ფლავიო ნუბიო (78. ნონიკაშვილი).
სათადარიგოები: ჭეჭელაშვილი, კერელეიშვილი, მოდებაძე, ბეგაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: თოთაძე (37), თევზაძე (85)
გაძევება: კვახაძე (12)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (თბ) 21 16 1 4 54-15 49
2. ტორპედო 21 13 5 3 31-14 44
3. სამტრედია 21 13 3 5 33-21 42
4. ლოკომოტივი 21 9 3 9 35-29 30
5. ჩიხურა 21 9 3 9 28-33 30
6. საბურთალო 21 9 2 10 29-27 29
7. დინამო (ბთ) 21 7 2 12 17-26 23
8. დილა 21 5 7 9 24-31 22
9. კოლხეთი 21 4 7 10 18-35 19
10. შუქურა 21 1 5 15 16-56 8
მომდევნო ტური
10 აგვისტო, ხუთშაბათი
დილა-საბურთალო 20:30
11 აგვისტო, პარასკევი
ლოკომოტივი-ტორპედო 18:00
12 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-დინამო (თბ) 18:00
13 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 18:00
შუქურა-კოლხეთი 20:00.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გორის დილას გამოსავალი, მის მკვეთრ გაახალგაზრდავებაშია. მოტივაცია დაკარგულმა, უპერსპექტივო ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ გუნდი. ყველაფერს სჭირდება განახლება, ძნელია ამის გაკეთება, მაგრამ აუცილებელია. ორი, სამი ტურის შემდეგ უკვე გვიანი იქნება. გავარდნის საფრთხე რეალურია. სასწრაფო ზომებია მისაღები.
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული