მის საფეხბურთო კარიერაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მოხვდა: ითამაშა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, იყო გამორჩეული კლუბის ძირითად შემადგენლობაში და სისწრაფეში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე და "საბურთალოს" "ბროდარაცთან" რომ ჰყოლოდა, შეიძლება ქართულ გუნდს ეს ბარიერი დაეძლია კიდეც.
ახალგაზრდა ფეხბურთელს მის მომავალსა და განვლილ წელზე ვესაუბრეთ:
- პირველ რიგში, რჩები "საბურთალოში" თუ გაქვს შემოთავაზებები?
- ამ დროისთვის არანაირი ვარიანტი არ მაქვს, "საბურთალოში" ვრჩები.
- როგორ შეაფასებდი შენს წინა სეზონს? ერთ-ერთი გამორჩეული იყავი
- სრულიად კმაყოფილი არ ვარ ჩემი სეზონით, შეიძლება ითქვას, კაი სეზონი მქონდა, მაგრამ ბევრი ტრავმა მომიწია და ამიტომ კარგ სეზონს ვერ დავარქმევდი.
- საქართველოს თასის ფინალზე გადაწყდა, რომ ევროთასებზე "საბურთალო" ვერ ითამაშებს. როგორ შეაფასებდი მთლიანად კლუბის მიერ ჩატარებულ სეზონს?
- ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ევროტურნირებზე მოვხვედრილიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა. მთლიანობაში, ვფიქრობ, ნორმალური სეზონი ჩავატარეთ.
- ახალგაზრდულ გუნდზე რას გვეტყოდი, რა დააკლდა გუნდს "ბროდარაცის" ბარიერის დაძლევამდე?
- რა თქმა უნდა, რთულია, როცა გუნდს ვერ ეხმარები და როცა სჭირდები. მე ვფიქრობ, ბიჭებს თავდაჯერებულობა დააკლდათ, თორემ შესაძლებელი იყო, გავსულიყავით.
- რამდენად ხედავ საქართველოს ეროვნულ ლიგაში განვითარების პერსპექტივას და მომავალ სეზონში მიზნად რას ისახავ?
- რაც იყო, იმასთან შედარებით, ეროვნულ ლიგაში წინსვლა არის. "საბურთალოს" გეგმა შემდეგ სეზონში, რა თქმა უნდა, ჩემპიონობა იქნება.
- ახალგაზრდული ნაკრებების წევრი ხარ. ბოლო პერიოდი 19-წლამდელებმაც და 21-წლამდელებმაც ცუდად იასპარეზეს, რა იყო, შენი შეფასებით, ამის მიზეზი?
- საქართველოს ნაკრებში ბიჭები ვინც არიან, ყველას უნდა, რომ თავისი ქვეყანა ასახელოს. ცუდად არავინ ეკიდება ამ საქმეს, უბრალოდ, არ გამოუვიდათ ჩემი აზრით და რა თქმა უნდა, ჩვენშიცაა პრობლემა.
- მომავალი წინ გაქვს. რომელია შენთვის იდეალური ჩემპიონატი, სადაც ითამაშებდი და რას ფიქრობ, რა დაგჭირდება ამისთვის?
- ლა ლიგაში მსურს თამაში და რა თქმა უნდა, ძალიან რთული გზა მელის.