კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

AutoSharing Option
როგორც გენიალური ქართველი მსახიობი ვასილ ჩხაიძე გენიალურ ქართულ ფილმ "შერეკილებში" ამბობს, "დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა!" მალე ცათმფრენი ჰაერში უნდა აიჭრას და მფრინავები ოცნებების ასრულების გზას დაადგნენ. იქამდე კი რთული სამუშაო პროცესის დასასრული ბათუმის წვიმიან საღამოს გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია დინამოს გამოემშვიდობება. ახლა, როდესაც საქართველოს რეგიონების მოედნები "კვარას" ვეღარ ნახავენ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ხვიჩას საქართველოში ჩამოსვლას და ზოგადად, იმ გზაზე, რომელიც კვარაცხელიამ "ნაპოლიმდე" მამუკა ჯუღელთან ერთად გაიარა.

ხვიჩა კვარაცხელია სანამ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდოდა, შეთავაზება ლისაბონის "სპორტინგიდან" ჰქონდა.
რეალისტურად შევხედოთ მოცემულობას: ხვიჩას უდიდესი პლუსი ტექნიკა და დრიბლინგია. მაშინ კვარა ფიზიკურად ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ახლა. ტექნიკითა და დრიბლინგით ხვიჩას კონკურენციაში შესვლა პორტუგალიელ და ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მოუწევდა. საკმარისი იქნებოდა კი მისი პლუსები განვითარებისთვის საჭირო სათამაშო დროის მისაღებად? ალბათ, არა. პოლიტიკური და სოციალური საკითხი გვერდით რომ გადავდოთ და წმინდა სპორტული თვალსაზრისით ვიმსჯელოთ, საერთო დონის მხრივ, უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის პრემიერლიგა პორტუგალიის სუპერლიგაზე მაღლა იდგა (უეფას საკლუბო კოეფიციენტები და ტრანსფერმარკტის მიხედვით გუნდების საშუალო სატრანსფერო ღირებულება რომ ავიღოთ). ხვიჩას "სპორტინგში" პროგრესის მისაღწევად უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, რადგან ძირითადად, თამაში "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში მოუწევდა.

ხვიჩა "რუბინში" გაიხსნა, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ სწორედ იქ ჩამოყალიბდა. ამიტომ კვარაცხელიას რუსეთში წასვლას ნეგატიურად ვერ შევაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგი"-"პორტუს" თამაშის ხილვა უფრო გვესიამოვნებოდა, ვიდრე "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" ან "რუბინი"-"ურალის". პორტუგალიაში ხვიჩას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა, 18 წლის ფეხბურთელი კი მხოლოდ ვარჯიშებსა და მეორე გუნდში თამაშით ვერ ვითარდება. ხვიჩა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ რუსეთში მოემზადა, მას განვითარებაში ხელი "რუბინში" შეუწყვეს და ეს რეალობაა.

მაგრამ ფეხბურთელისთვის მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ნაწილად გახდომა მიზანი შეუძლებელია იყოს. ასეა ხვიჩაც. ის პირველ რიგში ადამიანია, მერე - კაცი, მერე ქართველი და შემდეგ ფეხბურთელი. როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, კვარას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. გახსოვთ, "რუბინში" რთული პერიოდი რომ ჰქონდა, საქართველოს ნაკრებში როგორ თამაშობდა? ამ ადამიანს საკუთარი ქვეყანა ფეხბურთზე მეტად უყვარს, საქმიანობის იმ სფეროზე მეტად, რისი წყალობითაც ცნობილი, დაფასებული და წარმატებული გახდა. ეროვნულ გუნდში ხვიჩას 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მასთან ერთად ნაკრები მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. ხვიჩამ კი საპასუხოდ გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის ჩემპიონატი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე არ დატოვა. ხვიჩას წამოსვლას ომის გაჩერება არ შეეძლო, ფეხბურთელი არც "რუბინში" აპირებდა დარჩენას, ომის საწინააღმდეგო პოსტი "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა. მეტი რა უნდა ექნა? იარაღი აეღო ხელში და საბრძოლველად წასულიყო?

გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორია - მისი კრიტიკის დროს ხშირად გამოიყენებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან, ჩვენი კარგად ესმით და ქართველ ფეხბურთელს რუსეთი მანამ უნდა დაეტოვებინა, სანამ ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააკეთებდნენ. უკრაინელებისა და ჩვენი მეგობრობის საკითხი ნათელია; ჩვენც და ისინიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში რომ ვართ ჩართულები, ესეც, თუმცა ერთი არაპოპულარული შეკითხვის დასმაც შეიძლება: თუ უკრაინელებს ჩვენი ყველაზე კარგად ესმით და ჩვენი ერები ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე რომელიმე სხვა დასავლურევროპულ ხალხთან, 2008 წელს, საქართველოში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ჩემპიონატიდან რატომ არცერთი უკრაინელი არ წამოსულა? რაც უკრაინელებს არ გაუკეთებიათ, ზუსტად იმის გამო რატომ ვლანძღავთ და ვაგინებთ იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთით მთელი ჩვენი საზოგადოების გახარებას ახერხებს?!

და ვისი დამსახურება იყო მისი კარიერის მსგავსი განვითარება? მხოლოდ კვარაცხელიასი? იქნებ აგენტისაც? ამ საკითხზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან მამუკა ჯუღელზე კარგის თქმისგან ჩვენი კოლეგები თავს იკავებენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსული ტერმინებით საუბრობს და ფეხბურთელები რუსეთში მიჰყავს. ბრიტანეთმა არგენტინას ფოლკლენდის კუნძულები წაართვა, მათთან ბრძოლაში ათასობით არგენტინელი დაიღუპა და ის არგენტინელი აგენტები, რომლებსაც ფეხბურთელები ინგლისში მიჰყავთ ან თავად ნისლიან ალბიონზე გადასული მოთამაშეები ქვეყნის მოღალატეები არიან? ეს ფეხბურთის სფეროა, სპორტის და არა ომის. აქ საუბარი ომზე გვაქვს და არა პოლიტიკაზე. ცხადია, სპორტსა და პოლიტიკას შორის დიდი კავშირი არსებობს, მაგრამ ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან პოზიტიურ პოლიტიკურ კავშირებს ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებიც ინარჩუნებენ. რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 8 წელია ოკუპირებული აქვს, ჩვენმა მოძმე ქვეყანამ კი მოსკოვიდან ელჩი მხოლოდ მას შემდეგ გამოიწვია, რაც რუსებმა კიევის აღება დააანონსეს.

მამუკა ჯუღელს კი ფეხბურთელები რუსულ კლუბებში მიჰყავდა, გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევდა, ვიდრე ბევრს შეეძლო. მოთამაშეები იმაზე გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე სხვა ქვეყანაში გადაუხდიდნენ. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ძალიან დიდი ნაწილის აგენტი მამუკა ჯუღელი იყო. რეალურად რომ შევხედოთ, ამ ადამიანს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. თემურ ქეცბაიას ყველა ჩვენგანი ტაშს უკრავდა, როცა ანორთოსისში ქართველი მოთამაშეები წაიყვანა და სანაკრებო მატჩების წინ სათამაშო პრაქტიკა მისცა. მაგრამ რატომ უნდა დავუკარგოთ მსგავსი საქმეები ჯუღელს? თან, თითქმის 20 წლის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეები ევროპის სიძლიერით მეექვსე ლიგაში მიჰყავდა და არა მხოლოდ მიჰყავდა, იმასაც ახერხებდა, რომ მის ფეხბურთელებს ეთამაშათ.

კიდევ ერთი საკითხია, რა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ აგენტის მუშაობა? მას ვალდებულება ფეხბურთელსა და მის ოჯახთან აქვს. თუ მოთამაშე კმაყოფილია, ნიშნავს, რომ აგენტი კარგად მუშაობს.

ყვავს თავისი ბახალა ულამაზესი ეგონაო, ეგრე ვართ ჩვენც. გვგონია, რომ საქართველოში ისეთ ფეხბურთელებს ვზრდით, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თუ არა, "დორტმუნდსა" და "აიაქსში" მაინც უნდა თამაშობდნენ. არადა, რეალობა სულ სხვანაირია. 21-ე საუკუნეში საქართველოდან წასულმა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აიწყო ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა ევროპის ტოპ 5 ლიგაში და ეს ზურაბ ხიზანიშვილი იყო. გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს ახლა იწყებს...

კიდევ ვიღაცებს მამუკა ჯუღელის რუსული ტერმინებით საუბარი არ მოსწონს. არადა, თითოეული ჩვენგანი რამდენ რუსულ სიტყვას ვამბობთ დღეში? მაინცდამაინც ინგლისურ-ფრანგული სლენგებით უნდა ისაუბროს ადამიანმა? პაღდოონ! ამიტომ, რუსული სიტყვების გამოყენებისათვის ადამიანის გაკრიტიკება სრულიად უადგილოა, რამდენადაც უნდა გვეზიზღებოდეს რუსეთის სახელმწიფო და მისი დიქტატორი. რუსი არაა სლუცკი, რომელმაც კვარაცხელიას განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა?!

მამუკა ჯუღელმა კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილება ნუკრი რევიშვილსა და ლადო დვალიშვილთან ერთად მიიღო. ცხადია, ეს ხვიჩას სურვილიც იყო. ბუნებრივია, კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადმოსვლას ვგულისხმობთ. ხვიჩა ჩამოვიდა თუ არა საქართველოში, სტადიონები გაივსო, თბილისის "დინამოს" თამაშზე ათობით ათასი ადამიანი მოვიდა, როცა ჩემპიონატის შეხვედრებს რამდენიმე ასეული გულშემატკივარი ესწრება. ეს იყო ის საჩუქარი, რაც მამუკა ჯუღელისა და ხვიჩა კვარაცხელიასგან ქართველმა გულშემატკივარმა მიიღო. როდის ითამაშებს 18 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგაში? როდის ნახავს მაყურებელი წყალტუბოს სტადიონზე "ნაპოლის" დონის მოთამაშეს? მას შემდეგ, რაც ჯუღელმა კვარაცხელიასა და დავითაშვილისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვება მოახერხა, ხვიჩას თურქული გრანდები იწვევდნენ. 3 თვეს "გალათასარაის", "ფენერბაჰჩეს" ან "ტრაბზონსპორის" მაისურით გაატარებდა, სატრანსფერო ღირებულებაც მოიმატებდა, მეტ გასამრჯელოს გამოიმუშავებდა, მაგრამ საქართველოში წამოვიდა. ეს არ უნდა აღვნიშნოთ, არაფერი უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებმა დიდი ფეხბურთი ქართულ სტადიონებს დაუბრუნეს?

ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვინახავს ბოლო პერიოდში, რომლებმაც კარიერაში ბევრ ვერაფერს მიაღწიეს. შესაძლოა, ხვიჩას დარი ტალანტი არ ჰქონდათ, თუმცა იმდენი მაინც შეეძლოთ, იტალიის სერია A-ს საშუალო დონის გუნდში მაინც მოხვედრილიყვნენ, თუმცა ვერ შეძლეს. მამუკა ჯუღელმა კი პასუხისმგებლობა აიღო და კვარაცხელია "ნაპოლიში" იდეალურ დროს მიიყვანა. ტექსტი შერეკილების ციტირებით დავიწყეთ და ეგრე დავასრულებთ კიდეც. ხვიჩას მომავალზე საუბრისას, მისი ტრანსფერის განხილვისას ძალიან ბევრს თავი პროფესორად მოჰქონდა და ამბობდნენ, მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას კარგ გუნდში ვერ წაიყვანსო, მაგრამ "ვინ ყოფილა გამოტვინებული?"

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 76 /
ხალხის 80 პროცენტი უმადურია.ძალიან დიდი წვლილი მიუძღვნის სლუცკის, სიომინს,მამუკა ჯუღელს და რუსეთს, ხვიჩას განვითარებაში.ხვიჩა რომ გაიძახის სულ მადლიერებას რუსეთის მიმართ როგორ გგონიათ აფირისტობს? გულს უხარებს რუსებს?არა ხვიჩა წესიერი ბიჭია და უბრალოდ თავმოყვარეობა არ მისცემს იმის უფლებას რომ იაფირისტოს.ისეთ ბოღმიან და შურიან კომენტარებს ვკითხულობდ აქ ამ საიტზე ხშირად გული მწყდრბა უბრალოდ.. ყველას გისურვებთ ჯამრთელობა.❤
მინდია
28 ივნისი 2022 11:44
10
ბათუმში, თუნდაც ცოტახნით თამაშმა მაგარი საქმე გააკეთა. ბევრმა დაიწყო ყურება ჩემს ირგვლივ ჩვენი ჩემპიონატის.
რაბუ
28 ივნისი 2022 11:42
1
ქართველებს ადრე საბჭოთა ბრაზილიელებს გვეძახდნენ, ყოველტვის გვყავდა გამორჩეული ფეხბურთელები, ბოლო პერიოდის ჩავარდნა ზოგადად მოხდა იმიტომ რომ სისტემა დაინგრა, ეხლა ნელნელა შენდება ახალი სისტემა და უკვე რაღაც სინატლწც გამოჩნდა. ასე რომ არავინ თქვას რომ ჩვენ პორტუგალიელს ან ბრაზილიელს ტექნიკაში ვერ დავუდგებით.არ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, ხვიჩა რომ სპორტინგში წასულიყო ვერ განვითარდებოდაო, შეიძლება უკეთესადაც კი განვითარებულიყო.
გიორგი
28 ივნისი 2022 11:09
10
"21-ე საუკუნეში საქართველოდან წასულმა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აიწყო ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა ევროპის ტოპ 5 ლიგაში და ეს ზურაბ ხიზანიშვილი იყო. " კალაძეს არ ქონდა წარმატებული კარიერა მილანში?
სპაიკი
28 ივნისი 2022 11:07
6
კალაძე კიევიდან წავიდა იტალიაში. პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატიდან იგულისხმა ავტორმა.
roma bejanidze
28 ივნისი 2022 14:33
0
ჯიგარო, კალაძე საქართველოდან 1998 წელს წავიდა, 21-ე საუკუნე 2001 წლიდან დაიწყო.
ჯიგარო
28 ივნისი 2022 11:12
5
რაც შეეხება უკრაინელ ფეხბურთელებს. უკრაინელი ფეხბურთელები ვერ წავიდოდნენ 2008ში იმიტომ რომ ფიფას და უეფას ნებართვა არ ქონდათ. ამიტომ ითხოვდა ხალხი ხვიჩას წამოსვლას რომ შეეძლო, თუმცა გასაგებია რატომ დაგვიანდა. სხვა მოლაპარაკება მიდიოდა რასაც დრო სჭირდებოდა.
მინდია
28 ივნისი 2022 10:58
23
სტატიაშიც არასწორი შედარებაა ომის მიმართებაში საქართველოს და უკრაინას შორის. ჩვენთან ომი იყო ორი დღე და უკრაინაში უკვე 4 თვეა მიმდინარეობს.
მინდია
28 ივნისი 2022 11:48
22
განათლებული ადამიანი ასე არ უნდა აზროვნებდეს...
ვენეციის კომისია
28 ივნისი 2022 10:56
27
აბა როგორ უნდა აზროვნებდეს ნაცივით?
geoachi
28 ივნისი 2022 11:27
20
დიდი წარმატებები ჩვენს არწივს, პირველ რიგჩი, როგორც ადამიანს და მერე, როგორც ფეხბურთელს. ხალხო, რას გააჭირეთ საქმე ამ უკრაინით? გახსოვთ რა უგნურება თქვა პრემიერმა კვირიკაშვილმა თურქეთში ვიზიტის დროს? "ისტორიული მეგობრები ვართო", არადა ისტორიული მტრები ვიყავით ყოველთვის. რა ისტორიული მეგობარია ჩვენი უკრაინა? ქვეყანა, რომელიც 1920 წლის ფარგლებში შეიქმნა? ქვეყანა რომელიც ქვეყანა არასდროს ყოფილა, გარდა ბოლო ორი ათეული წლისა. უკრაინას კი არა ისტორია რუსეთს არ აქვს. ამით ამტკიცებთ, რომ ისტორია არ იცით.
ჟორა გაბრიჭიძე
28 ივნისი 2022 10:56
14
ძალიან კარგი სტატიაა!!!!!!!!!! 2008 წელს რატომ არც ერთი უკრაინელი ფეხბურთელი არ წამოვიდა რუსეთიდან? 2008 წელს რატომ იყო უკრაინა რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი? 2008 წელს რატომ არ ჩამოვიდა ტონობით თუ არა კილოგრამობით მაინც ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინიდან? ბევრი კითხვაა რომელსაც პასუხი არა აქვს თუმცა ჩვენ მაინც ვიღაცის შეკვეთილ და დაწერილ ნარატივს მივყვებით!!!! რუსეთი ოკუპანტი და ველური ქვეყანაა!!!! სტატიის ავტორს დიდი მადლობა!!!!!!!!
Lebron
28 ივნისი 2022 10:51
16
რა გინდათ ამ კაცთან, ნაპოლიში გაიყიდა კაცი და რას ერჩით! წარმატებები ხვიჩას!
ქართველი
28 ივნისი 2022 10:39
4
ერთი ლევან ბერძენიშვილს ჰკითხეთ, აეღო უნდა იარაღი თუ არა.
ზურაბი
28 ივნისი 2022 10:30
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული