ეროვნული ლიგის მეორე ტურში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „იბერია 1999“-თან მართლაც სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში 2:3 დამარცხდა.
შეხვედრას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც მალე, 21 მარტს, ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. სავარაუდოდ, ქუთაისში ფრანგი სპეციალისტის ვიზიტის მთავარი მიზეზი მასპინძელთა შემტევის, გიორგი არაბიძის თამაშზე დაკვირვება იყო.
სტუმრებმა თავიდანვე უფრო სახიფათოდ შეუტიეს და „ტორპედო“ ერთხელ ხარიხამ, ორჯერ კი მეკარე კლიაიჩმა იხსნა. შემდეგ რეალური მომენტი „ტორპედოს“ ჰქონდა, როდესაც ჟორჟინიომ ბურთი მცველს აართვა, ლამაზი დრიბლინგით მეკარე კუპატაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. კომპენსირებულ დროში კოხრეიძემ ძალიან შორიდან დალაშქრა კლიაიჩის კარი და დედაქალაქელები დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კოხრეიძემ დუბლი შეასრულა. მან მერე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „ტორპედო“ შტურმზე გადავიდა. იონსენს გატანა კუპატაძემ არ დაანება, კონტრიერიშზე კი საჯარიმოში სილა კლიაიჩმა წააქცია და შ. ნონიკაშვილმა პენალტით ანგარიში გაზარდა. მალე არაბიძის პასით ნინკოვიჩმა სხვაობა შეამცირა. ბოლოს იონსენმა გაიტანა. შემდეგ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და საბოლოოდ ტაბლოზე 2:3 დაფიქსირდა.
„ტორპედო“ 10 მარტს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „იბერია 1999“ იმავე დღეს „სამტრედიას“ უმასპინძლებს.
ტორპედო - იბერია 1999 2:3
გოლები: 0:1 კოხრეიძე (45+3), 0:2 გ. კოხრეიძე (49), 0:3 შ. ნონიკაშვილი (84, პენ), 1:3 ნინკოვიჩი (86), 2:3 იონსენი (90+3)
დღეს „სამტრედიასა“ და „კოლხეთის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - კოლხეთი 1:1
გოლები: 0:1 ლ. კოხრეიძე (38), 1:1 უბილავა (86)
გაძევება: ტიამი (77, კოლხეთი)