საქართველოს ნაკრები: ვინ შეუტევს უელსსა და სერბეთს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს ადგას ორი ევროშესარჩევი მატჩი. ამ შეხვედრებით ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს ჩაამთავრებს. ჯერ თბილისში ვმასპინძლობთ უელსს, მერე კი გასვლაზე ვეთამაშებით სერბეთს. რა თქმა უნდა, ყველას გვეიმედება, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევს გამარჯვების გარეშე არ დაასრულებს...

ეროვნული გუნდის ყველა სათამაშო რგოლში მეტ-ნაკლებად გასაგები სიტუაციაა და ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია. ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი თავდასხმაში გროვდება. ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრებმაც დაგვანახვა, რომ ვაისის გუნდს წინა ხაზში კვლავ პრობლემები აქვს.

მჭედლიძის გარეშე
თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ
უახლოეს შეხვედრას კვლავ ლევან მჭედლიძის გარეშე ჩაატარებს. ლევანის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ მიდის. შედეგიანი აღმოჩნდა ბარსელონაში ვიზიტი, მაგრამ ტრავმის მოშუშებაც რომ მოასწროს, ოქტომბრის დასაწყისში ლევანი ვერაფრით იქნება ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

ყველამ კარგად ვიცით, რამხელა ძალაა მჭედლიძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის და როცა ის არ არის მწყობრში, ჩვენი შემტევი პოტენციალი ძალიან იკლებს. რასაც ჰქვია გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელი, ბოლო ორ შეხვედრაში ასეთი საქართველოს ნაკრებს ორი ჰყავდა - გიორგი ქვილითაია და ირაკლი სიხარულიძე. ვფიქრობთ, სანაკრებო სიის შედგენისას ვლადიმირ ვაისმა ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

არის კი რეზერვი?
მთლად იმედს ნუ გადავიწურავთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ გამოჯანმრთელდა თორნიკე ოქრიაშვილი, ვისაც ძალიან მაგრად შეუძლია შემტევების მიხმარება, თუმცა ბოლო ორ შესარჩევ მატჩში შემტევებს მაინც თავისი საქმე ექნებათ და ოქრიაშვილს - თავისი.

საქართველოს დღეს არ ჰყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი და, მით უმეტეს, თავდამსხმელი, ვის ხარჯზეც შეიძლება მოხდეს ეროვნული გუნდის გაძლიერება, მაგრამ ასეთი მოთამაშეები მაინც არიან.

იმედს ვიტოვებთ, რომ ორ უახლოეს შეხვედრამდე ნიკა კაჭარავა მოახერხებს გამოჯანმრთელებას. ცუდია, რომ ამ ბოლო დროს მას ტრავმები შეეჩვია, თუმცა ვფიქრობთ, ეს დროებითი მოვლენაა. კაჭარავას კომპლექციის თავდამსხმელი ძალიან გამოგვადგება როგორც უელსთან, ისე სერბეთთან მატჩებში. დიდი მარჩიელობა არ სჭირდება იმას, რომ როგორც უელსელთა, ისე სერბთა დაცვა ტანმაღალი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.

ვაისმა აუცილებლად უნდა იფიქროს ბაჩანა არაბულის კანდიდატურაზეც. ის უნგრეთის ჩემპიონატის საშუალოზე დაბალი დონის გუნდში თამაშობს და ხშირად გააქვს. თუ ფეხბურთელს ნაკრებში მხოლოდ კლუბის სტატუსის გათვალისწინებით ვიწვეთ, მაშინ საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეს საერთოდ არაფერი უნდა ესაქმებოდეს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ასე არ ხდება და ეს ძალიან კარგია. არაბულს კი შეუძლია, სასარგებლო ფეხბურთელი იყოს საქართველოს ნაკრებისათვის. მით უმეტეს, თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ იკარგებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ასაკობრივი ნაკრებების ლიდერები იყვნენ. ჩვენ კი იმ ასაკობრივი ნაკრებებისგან, რომლებითაც სამართლიანად ვამაყობდით, რასაც ნამდვილი ფეხბურთი ჰქვია, მგონი, მხოლოდ არაბული დაგვრჩა.

არაბულის კოზირი ისიცაა, რომ მას თამაში შეუძლია როგორც გამოკვეთილ ცენტრალურ თავდამსხმელად, ისე უკანდახეულ ფორვარდად. არაბული ახალგაზრდაა და დიდი ალბათობით, ხვალ უკეთეს კლუბში ითამაშებს, ვიდრე დღეს თამაშობს.

ჯოკერი, როგორც ასეთი
გიორგი პაპუნაშვილი მეორედ დაბრუნდა ევროპაში. მისი პირველი ვოიაჟი არ იყო წარმატებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორეც ასეთივე იქნება. ახლა გიორგის ასაკი მოემატა, ის ბავშვი აღარ არის და უწინდელზე კარგად იცის, რომ ამ ევროპულ შანსს გამოყენება სჭირდება.

"სარაგოსაში" ადგილის დამკვიდრების შემთხვევაში მას აშკარად შეუძლია, სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს და მისი გამორიცხვა სანაკრებოდ შეგულებული ფეხბურთელებიდან არ შეიძლება.

სხირტლაძე და ვაწაძე
დავით სხირტლაძეს უკვე ჰქონდა რამდენიმე სანაკრებო შანსი. ვერავინ იტყვის, რომ იმ შეხვედრებში დათომ "იფრინა", მაგრამ ცუდი შთაბეჭდილებაც არ დაუტოვებია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ სხირტლაძე მიიღებს მეტ სანაკრებო ნდობას, ის მეტად სასარგებლო ფორვარდი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

დანიის ჩემპიონატში დამკვიდრება იოლი საქმე რომ არ არის, ეს ჩვენ იმ ფეხბურთელების მაგალითზეც ვნახეთ, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს პირველობაზე გამორჩეულები რომ იყვნენ. სხირტლაძე სისტემატურად თამაშობს "სილკებორგში" და, რბილად რომ ვთქვათ, ის ამ გუნდში უკანასკნელი კაცი სულაც არაა. აქედან გამომდინარე, ვაისს სრული საფუძველი აქვს, მას სანაკრებო ნდობა გამოუცხადოს.

არ შეიძლება, არ გახარებდეს ის ფაქტი, რომ თანდათან იბრუნებს სასურველ ფორმას მათე ვაწაძე. დღევანდელ საქართველოში მათესდარი ფორვარდი ბევრი არაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მას გოლი სისხლში აქვს გამჯდარი.

ბოლო წლების განმავლობაში ვაწაძეს თან სდევდა ტრავმები. ახლა ყველაფერი კარგადაა. ვაწაძეს აქვს სათამაშო პრაქტიკა იმავე "სილკებორგში" და გოლებიც გააქვს.

ვინ იქნება ეროვნული ლიგიდან?
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს ბევრი აღარაა კვალიფიციური ფორვარდი. შემთხვევითი არაა, რომ რამდენიმე ამბიციურ ქართულ კლუბში შეტევის წინა ხაზზე ლეგიონერები გვევლინებიან წამყვან პოზიციებზე.

ვაისმა ნაკრებში უკვე ნახა ირაკლი სიხარულიძე და, ვნახოთ, ენდობა თუ არა კიდევ მას. არ ვიცით, რას ფიქრობს ამ თემაზე ვაისი, მაგრამ ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებისათვის ამ ეტაპზე გამოსადეგი თავდამსხმელი შეიძლება იყოს დიმიტრი ტატანაშვილი.

ყოველ შემთხვევაში, ამ ფეხბურთელის დღევანდელი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თუნდაც სანაკრებო სიაში ყოფნის ამბიცია. ტატანაშვილს აქვს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს თავდამსხმელს. რაც მთავარია, მან იცის, როგორ აქციოს გოლად თუნდაც ნახევარმომენტი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფეხბურთელი ბევრი ნამდვილად არაა.

ირლანდიასთან შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს მართლაც რომ აკლია ასეთი ფეხბურთელი. გავრისკავთ და ვიტყვით: ასეთი მოთამაშე რომ გვყოლოდა, ჩვენი გუნდი აუცილებლად გამოიყენებდა მეტოქის კართან შექმნილ არაერთ შანსს და, შესაბამისად, მოიგებდა კიდეც.

თუ მოუმატებენ...
არის შემტევთა ჯგუფი, რომლებიც თუ თამაშს მოუმატებენ, აუცილებლად გაუჩნდებათ საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ამბიცია. მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე უნდა ვახსენოთ. ეგაა, ამ უდავოდ ნიჭიერი თავდამსხმელისათვის მთლად შესაბამის ასპარეზად არ გვეჩვენება დანიის ჩემპიონატის მეორე ლიგა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს პერმანენტულად ოთარ მარცვალაძესაც ეძახდნენ. გამოცდილ ფორვარდს ტრავმებმა შეუშალა ხელი და ის სადღეისოდ ვერც ბათუმის "დინამოს" ეხმარება.

დასკვნა
საქართველოს ნაკრებს დღეს თავდასხმაში არ აქვს ძალიან დიდი რესურსი, მაგრამ იმდენი კი აქვს, რომ საშუალო ნაკრებს ეყოს. უბრალოდ, ამ რესურსის სწორად გამოყენებაა საჭირო და სანაკრებო სიის შერჩევისას მწვრთნელმა იმასაც უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება, ვის აქვს სათამაშო პრაქტიკა და ვის არა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა სათამაშო რგოლებს, მათ თაობაზე უელსთან და სერბეთთან მატჩებამდე აუცილებლად დავწერთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ტყუილად წერე ამდენი, ნუ წვალობ....საბოლოოდ მაინც დვალიშვილს დაუძახებს:)
zaza 197
23 სექტემბერი 2017 11:16
1
სხირტლაძე-ვაწაძე ეს ორი ადამიანი ერთად თამაშობს და შეთამაშებულნი არიან, შეიძლება მათ შანსი მიეცეთ მითუმეტეს ეს ორო მატჩი ფაქტიურად ამხაბაგურის ტოლფასია. ქვილთაიაც უნდა გამოიძახოს. პაპუნა და ოქრი უფრო შწმტევი ნახევარმცველები არიან, ამიტომ ალვათ თავდასხმის ხაზი სიხარულიძით რომ შეივსოს კარგი იქნება.
Raiola
23 სექტემბერი 2017 12:05
1
ტყუილად მსჯელობტ ხალხო ის მაინც დვალისჰვილს ატამასჰებს აი ნახავტ.ნავალოვსკი უნდა სჰეცვალოს ხოჰოლავამ ვერ გავიგე რიტია ნაკლები წეს ბიჰი.
bajo
23 სექტემბერი 2017 13:36
1
ვაისმა სანდრო ცვეიბა რომ გამოიძახოს სანკტ-პეტერბურგის დინამოდან რა მოხდება. ახრიკ ცვიბას შვილი ცოტა მეტ ყურადღებას მაინც იმსახურებს და ურიგოდაც არ გამოიყურება რომ გასინჯოს მაინც.
არძიმბა
23 სექტემბერი 2017 19:48
3
vn sheutvs ba me sheutev
kaxa
23 სექტემბერი 2017 11:55
0
მჭედლიძის ნათამაშები მე არ მახსოვს, რატო განიხილავენ საერთოდ მიკვირს. კაი ბიჭია,სხირტლაზე მარა ნაკრებისთვის ჯერ არა. თუ გასაყიდია. და არანაირი პრობლემა თავდასხმაში არაა. ქვილითაია ფორმაშია, მერება ფორმაშია, არაბა თავდამსხმელი არაა. ვაწაძე ფორმაშია, მეტი რა გინდა, მეორე, როდის იყო ვაისი 2 ფორვარდიტ თამაშობდა, რას წერთ, რა სტატიებს აგდებთ? მიხედვა თუ უნდა დაცვაა, არც მანდარაა კიდე გასაჭირი. დაიმატეთ ხოჭოლავა და დვალი ნავალასა და კვერკველიას მაგივრად და მორჩა.მაკარიძე, კაკაბაძე, დვალი, ხოჭოლავა, კაშია გვილია, კვეკვე, ჯანო, ოქრი, არაბა, და გინდა მერება დაამატე, გინდა ქვილითაია. და ზამენებიც გყავს კიდე, ვაკო, ჯიღაური, ვაწაძე, მცველის დამატება გინდა დაამატე კვერკვე, ი ბეილის მეშინია მაინც, არაა ფორმაში მარა მაინც. სად გვიჭირს, არსად. ასეთი კაი შემადგენლობა არც გვყოლია, მარა ტვინში გიჭირთ ბიძია თქვენ. სახში თამაშობ, მოგება გინდა 2 თავდამსხმელით უნდა ითამაშო. ზემოთ ვინც ჩამოვთვალე ისე უნდა დააყენო, ყველა მაგრადაა ბურთთან დაცვიდან მოყოლებული. ცასვი არაბა თავდასხმაში და თუ არ შეაგდებს ნახავთ. თუ არ დააყენე სასთავი, მასე რას მოიგებ
vaso
23 სექტემბერი 2017 19:45
1

შენ საერტოდ ფეხბურტს უყურებ?კვირკველიას დონეზე საერტოდ რომელი თამაშობს მითუმეტეს თავის გუნდში კაცს გადამწყვეტი გოლები გააქ და მეორე დამისახელ ქართველი თვდამსხმელი ვისაც მაგაზე მეტი აქვს გატანილი ამ სეზონში.მცველზე ხომ ზეტმეტია ლაპარაკი. ნუ კაშიასაცსაც გამოვყოფ რათქმუნდა
vasos xoneli
23 სექტემბერი 2017 21:34
0
ყველაფერში მართალი ხარ.მჭედლიძე საერთოდ არაა განსახილველი ნაკრებში გინდ დამეთანხმეთ გინდ არა.თვითონ კი არა ხალხი დაიღალა მისი ტრანვებით.თიხის ფეხები აქვს
ზუურ
24 სექტემბერი 2017 06:41
0
ქვილითაიას თამაშს თქვენ ეტყობა კარგად ვერ აფასებთ ვინებს ადარებთ არ გცხვენიათ რა ტატანაშვილი და სიხარულიძე? ქვილითაია ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას ცენტრ ფორვარდებიდან დღესდღეობით და წინა ორივე თამაშიც მაღალ დონეზე ჩაატარა და ვინც ეს ვერ დაინახა არ ესმის ფეხბურთი
avto
23 სექტემბერი 2017 19:07
1
არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ მაგრამ სიხარულიძე ,და ტატანაშვილის იმედი თუ გვაქვს კარგად ყოფილა ჩვენი საქმე,არც სხირტლაძე და ვაწაძე არიან სანაკრებო ხალხი,აი შეყილაძის მოსინჯვა კი შეიძლებოდა.და ეს მჭედლიძე საერთოდ რატომ გყავთ სათვალავში ვერ გავიგე,როდის და სად დაგვანახა ამ კაცმა ის ძალა ნაკრებში რასაც თქვენ იძახით,და არ გადაგვაყოლოთ იმ შოტლანდიასთან გატანილ გოლს,რომელიც ათი წლის უკან შეაგდო.
თენგო
23 სექტემბერი 2017 23:31
0
euhh ra waiget am chedlidzeti tvini,goli vergaaq da meti sxvaraari forvardis movaleoba?sixarulize,beglarashvili,chakvetaze,anramdeni uketesi bichia kide romlebsac shansi arezlevat,an chven rashvakitxeb amstatias,tu rogorc chven ise tqvencaravin gisment ara??mova droda vincam bichebs blokavs da saertod qartul pexburts agmochndebian yvelani ert did sanagveshi
euhh
23 სექტემბერი 2017 17:22
0
და დვალიშვილი? როგორ გამოგრჩათ ეს ლეგენდარული ფეხბურთელი?!
ალეკო
23 სექტემბერი 2017 16:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული