სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს დავუკავშირდით და ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობის შეფასება ვთხოვეთ. ვკითხეთ, თუ რა მოეწონათ ან არ მოეწონათ, ამავდროულად, რას ფიქრობენ, რა შანსები გვაქვს და ა.შ.
გეგი კიკაბიძე ("საზოგადოებრივი მაუწყებელი") - "ბუნებრივია, ნაკრების წარმატება ერთა ლიგაზე უპრეცედენტოა და ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. ჯგუფში გამარჯვება, მეტოქეების დონის მიუხედავად, ძალიან სასიამოვნოა და ფეხბურთელებს, ფედერაციას და ყველა იმ
სადაც ფინეთი მოხვდა B დივიზიონში, ჩვენ რატომ ვერ უნდა მოვხვდეთ? ბირთვი გვყავს, გუნდში კონკურენციაა და ყველა ფეხბურთელი პროგრესირებს. მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპსაც ოპტიმისტურად ვუყურებ. ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ნაკრების წარმატებასთან. ახლა ზოგ-ზოგიერთი არაკომპეტენტური და ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი პირი ქართულ ფეხბურთში ჩადებულ ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ფინანსებს რომ ითვლის და მას უსაფუძვლოდ დახარჯულ ფულს რომ უწოდებს, იმედია, დაფიქრდება და მიხვდება, როგორ შეუძლია სპორტის ამ სახეობაში დასაქმებულ ნებისმიერ პიროვნებას ქვეყნისთვის სიხარულის მოტანა. მე მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზეც გავალთ და დავამტკიცებთ, რომ ფეხბურთი საქართველოში ისევ ყველაზე დიდ სიხარულთან ასოცირებადი სპორტის სახეობა იქნება".
ალეკო კაკაურიძე (გაზეთი "ლელო") - "საქართველოს ნაკრების თამაშს ვაფასებ დადებითად. ერთადერთი, რაზეც შემიძლია დავიჩივლო, არის საგოლე მომენტების გამოყენების დაბალი პროცენტი. მომეწონა ის, რომ გუნდმა ისწავლა მოსაგები თამაშების მოგება და ისიც, რომ ამ დონის ნაკრებებთან მაინც ვისწავლეთ დომინანტური ფეხბურთის თამაში. არ მომეწონა ის, რომ ხშირად ვლადიმირ ვაისი აგვიანებდა შეცვლებს და ისიც, რომ არცთუ იშვიათად დიდი განსხვავება იყო ტაიმებში ნაჩვენები თამაშის ხარისხში. ჩემი აზრით, ერთა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს. მეტოქე ნახევარფინალში არაა იოლი. ბელორუსი არც თვითონ თამაშობს ხშირად და არც სხვას ათამაშებს. მერჩივნა კოსოვო, რომელიც უტევს და მეტი სივრცეები აქვს დაცვაში".
გიორგი მელქაძე ("მსოფლიო სპორტი") - "შანსით დავიწყებ, რომელიც რა თქმა უნდა, არსებობს და საკმაოდ დიდიც. ევროპის ჩემპიონატთან საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ორი ნაბიჯი, ორი გამარჯვება გვაშორებს. თუმცა, ეს არ იქნება ადვილი, რადგან ჩვენთან ერთად იგივე მიზნები აქვთ დასახული ბელორუსს, მაკედონიასა და კოსოვოს. რა იქნება უშუალოდ ნახევარფინალში, ამაზე ახლა საუბარი რთულია, რადგან წელიწად-ნახევარი სანაკრებო ფეხბურთში საკმაოდ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მთავარია, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელი იყოს, რომლის მხრებზეც გადაიარა თუნდაც განვლილმა ჯგუფურმა ეტაპმა და გადაივლის დამდეგი შესარჩევი ციკლი. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ. სხვა თუ არაფერი, მიზანს მივაღწიეთ და თანაც, ლიგაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. იყო ხარვეზები, რაც გამოჩნდა ლატვიასთან თუნდაც საშინაო შეხვედრაში და ანდორაში.
ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს დასახვეწი ბევრი სათამაშო კომპონენტი. მაგალითად, გვიჭირს ფლანგებიდან ფორვარდის დატვირთვა მაღალი ჩაწოდებებით, ძალიან გვიჭირს სტანდარტულ მდგომარეობებზე თამაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთში. ბოლო ორ თამაშში, ანდორასთან და ყაზახეთთან დაახლოებით 20 კუთხური შევასრულეთ, მაგრამ სახიფათო მომენტიც კი არ მოჰყოლია. ამაზე ვაისს და ბიჭებს მუშაობა აუცილებლად მართებთ. ძალიან კარგია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე სწრაფად პრგორესირებს. ახლა მთავარია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს და პროგრესი გააგრძელოს.... დიდი იმედი მაქვს, ნელ-ნელა ის ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაბრუნდებიან და 2020 წლის გაზაფხულზე გუნდი ფორმის პიკზე იქნება. მინდა, ამის მჯეროდეს, რადგან ამაზე კარგი შანსი შეიძლება აღარ მოგვეცეს. თუმცა, მანამდე გველოდება შესარჩევი ეტაპი და ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა აქაც მაქსიმუმისთვის უნდა იბრძოლოს. ყოველ შემთხვევაში, გააჩნია, როგორი ჯგუფი გვერგება. რაც შეეხება ერთა ლიგაზე ყველაზე რთულ მეტოქეს, ნამდვილად ვერ გამოვარჩევ. ვფიქრობ, კოსოვოს, მაკედონიასა და ბელორუსს, სამივეს აქვთ პლუს-მინუსები. მთავარია, ჩვენ როგორ ფორმაში ვიქნებით იმ დროისთვის".
მიშა ჟორჟოლიანი (გაზეთი "ახალი თაობა") - "არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო მეტოქედ. საქართველოს ნაკრებმა შედეგი მიიღო. აქედან გამომდინარე, შეფასება დადებითია. ეს მოსაწონია. ასევე მოსაწონია, რომ შედეგთან ერთად მოიმატა ხარისხმაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ხარისხის მატებამ ფეხბურთელებს მეტი თვითდაჯერება უნდა შემატოს მოედანზე ნებისმიერ გუნდთან.
თუმცა, იყო ხარვეზები და არამარტო ანდორაში, რომელიც ნაკრების ყველაზე სუსტი თამაში გამოდგა ერთა თასზე. ხარვეზები იყო როგორც ფეხბურთელების შესრულებაში, ასევე სამწვრთნელო გადაწყვეტილებებშიც.
აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეგხვდება მეტოქედ, რადგან ოთხივე გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარია. რომელიმე გუნდს აშკარა ფავორიტად ვერ დავასახელებდი. ჩვენი უპირატესობაა სწორედ ჯგუფში ნათამაშები ხარისხიანი ფეხბურთი, რომელმაც მასპინძლის სტატუსი მოგვცა პლეი-ოფის ნახევარფინალში. ეს სერიოზულ შანსს გვაძლევს. ამ გუნდებში მოედნის უპირატესობა მნიშვნელოვანი ფაქტორია".
ბაჩო ცალუღელაშვილი (goal.ge) - "რა თქმა უნდა, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დადებითად შევაფასებ. საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარი გაახარა და ხალხი სტადიონზე დააბრუნა. ის, რომ ამ ფორმაციის ნაკრები წარმატებული გახდებოდა, ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩანდა. მიუხედავად ცუდი შედეგებისა, აშკარა იყო, რომ ნაკრები გასულ წლებთან შედარებით, ფეხბურთს თამაშობდა და შეტევა შეეძლო. რთულია, ასეთი კარგი შედეგების შემდეგ გუნდს რაიმე ცუდი მოუნახო, თუმცა ვფიქრობ, ჩვენი მთავარი სისუსტე მაინც ფორვარდის პოზიციაა, სადაც საუკეთესო ის ფეხბურთელია, რომელიც ნომინალურად თავდამსხმელი არ არის.
იმედია, გიორგი ქვილითაია მალე დაბრუნდება. ვაისის ფორმაციის გუნდში კიდევ ის მომწონს, რომ ყველამ თავისი საქმე იცის, იგრძნობა გუნდურობა, ერთიანობა და რაც მთავარია, გვყავს გიორგი ჩაკვეტაძე. რაც შეეხება შანსებს, ბელორუსზე ძლიერები ვართ და "დინამო არენაზე" აუცილებლად უნდა მოვუგოთ, მაგრამ არავინ იცის, რა სიტუაცია იქნება 2020 წელს. ამიტომ პროგნოზის გაკეთება ჯერ ზედმეტად ადრეა. ამჟამინდელი გადმოსახედიდან, საქართველოს ნაკრები D დივიზიონის უდავო ფავორიტია".
გიორგი ფულარიანი (რადიო "ენერჯი") - "პირველ რიგში, ყველას მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრების თვალსაჩინო პროგრესი ბურთის კონტროლსა და სისწრაფეებზე, რისი წყალობითაც ჩვენი დივიზიონი დამაჯერებლად მოვიგეთ, მაგრამ წინ უფრო ძლიერი ეტაპია, სადაც სულ სხვა, უფრო მაღალი ხარისხის სისწრაფეები და გაცილებით ძლიერი ფსიქოლოგიური მომზადება დაგვჭირდება. ვლადიმირ ვაისის უმთავრეს პრობლემად რჩება ცვლილებების დაგვიანება, რაც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. სხვა მხრივ, ნაკრები პროგრესს განიცდის და ესაა სასიხარულო.
ასე გაგრძელებაა საჭირო. ჩემი აზრით, ამ განვლილ პერიოდში ჩვენი გუნდიდან ყველაზე გამორჩეულები კაპიტანი, სული და გული ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე იყვნენ. ბელორუსი მარტივი მეტოქე, მით უმეტეს, ჩვენი ეშელონის ნაკრებისთვის, ნამდვილად არ არის. გვახსოვს მათ წინააღმდეგ გამართული შეხვედრები და ეს ჩემი სიტყვების დასტურად გამოდგება. ერთა ლიგის მოგების შანსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამ შანსს გამოყენება სჭირდება".
საბა საპანაძე ("აჭარასპორტი") - "როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრების გამოსვლით უკმაყოფილოები ვიყოთ? 6 შეხვედრიდან 5 მოგებით და 1 ფრით შევძელით ის, რომ ნახევარფინალსაც სახლში ვითამაშებთ. მომეწონა ის, რომ ნაკრებმა გუნდურად თამაში ისწავლა, კოლექტიური დაცვა. ბურთის დაკარგვისას ყველა ერთად იწყებდა მეტოქის შევიწროებას. ასევე, აღსანიშნავი იყო დაკარგული ბურთისას მაღალი პრესინგი საქართველოს ნაკრების მხრიდან, რომელსაც ძირითადად, ჯაბა კანკავა ან ვაკო გვილია აწარმოებდნენ. არ მომეწონა ის, რომ ვლადიმირ ვაისი შეცვლებს მუდმივად აგვიანებდა და ბევრ ფეხბურთელს იმდენად ცოტა დრო მიეცა, საკუთარი თავი რეალურად ვერც წარმოაჩინეს. რაც შეეხება მეტოქეებს, გამოვყოფდი მაკედონიას, რომელსაც გამოცდილი გუნდი ჰყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად ჩვენს ნაკრებს მივიჩნევ".
გოგა წურწუმია ("სპორტ24") - "საერთო ჯამში, შედეგიდან გამომდინარე კმაყოფილი ვარ. ვაისის ფორმაციის ნაკრებში დაცვის ხაზი იდეალურია. როგორც ყოველთვის, გვიჭირს თავდასხმაში და ძირითადად, ჩაკვეტაძის იმედზეა გუნდი... მთელი ჯგუფური ეტაპის მანძილზე ვაისის დაგვიანებული ცვლილებები არ მომწონდა. "ჯვაროსნებს" ყველაზე დიდი შანსი აქვთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე თუ შეტევაში გამოვასწორებთ ხარვეზს, ყველა გუნდზე მაღლა ვიქნებით".
მერაბ მამულაშვილი (სპორტული ჟურნალისტი) - "მომეწონა ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ეს იყო ნამდვილად გუნდი და არა 11 მოთამაშე. რა თქმა უნდა, D დივიზიონი ევროპული ფეხბურთის ყველაზე დაბალი დონეა, აქედან ილუზიების შექმნა სასაცილო იქნება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქამდე ოფიციალური მატჩები თბილისში არც ლატვიასთან და არც ყაზახეთთან არ მოგვიგია. გუნდი იყო უფრო ორგანიზებული და მობილიზებული. ამავდროულად, ვლადიმირ ვაისმა უფრო პრაგმატული და სწორი ფეხბურთი დაუპირისპირა მეტოქეებს. ჩვენ ხშირად ვითხოვთ რაღაცა ზღაპრებს, ისეთ გუნდებთან მოგებას, რომლებიც ფინანსებით, რესურსით, მომზადებით და ა.შ. წინ არიან.
ნაკრები რომ თავდამსხმელის გარეშე თამაშობს და არ მოიძებნა ალტერნატივა, ძალიან დიდი მინუსია და საკმაოდ დასაფიქრებელი ფაქტია. ფინალები წელიწად-ნახევრის შემდეგ იქნება და იმედი მაქვს, ამ პერიოდში ქვილითაია, მჭედლიძე და ოქრიაშვილი მომჯობინდებიან. რეალურად არის ახალგაზრდებშიც ამ პოზიციაზე რამდენიმე ბავშვი, რომლების იმედიც შეგვიძლია გვქონდეს. მთავარია, ისინი რუსეთში დიდი ფულის ნაცვლად არ წავიდნენ და მიბაძონ ჩაკვეტაძეს, რომელსაც პატარა ხელფასით დიდი პერსპექტივა გადაეშალა.
ძირითადად, ქართველები გადამწყვეტ თამაშებს ვიგებდით. ასე იყო 1964 წლის 18 ნოემბერს, 1981 წლის 13 მაისს, ასე იყო საბჭოთა კავშირის თასის ფინალებში და ახლა შეგვიძლია პატარა 13 მაისი გავიმეოროთ. ამ შესარჩევმა ციკლმა გამოაჩინა ასეთი რამ, როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და წარმატება, ფეხბურთს შეუძლია უზომო სიხარულის მოტანა. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ან სულელია, ან ქვეყნის შეგნებული მტერია. ფეხბურთი ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე სპორტის სახეობა. როგორც ბილ შენკლი იტყოდა - რაღაც მომენტში ჩვენთვისაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია".
ბაჩო შურღაია (Sportall.ge) - "მთლიანად ტურნირს დადებითად ვაფასებ. ეს ნამდვილად შესანიშნავი შანსია ჩვენნაირი ქვეყნისთვის და იმედი მაქვს, გუნდი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. გასაგებია, რომ ჩვენც და გულშემატკივარსაც მეტი გვინდა და უფრო მაღალი დონის გუნდების დამარცხებაც გვსურს. ამის შანსი შემდეგ ტურნირზე მოგვეცემა, როცა C ლიგაში ვიასპარეზებთ. ფაქტია, რომ ვაისმა გუნდში ერთიანობა შეიტანა და აღარ გვესმის გასახდელში არსებული დაძაბულობის შესახებ, რომელიც ჩვენს გუნდში სულ პრობლემა იყო.
გამოსარჩევია ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის თამაში. ჯაბა ნამდვილი კაპიტანი და პროფესიონალია, თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს და მას მთავარ ლიდერად აღვიქვამ. რაც შეეხება გიორგის, ამ ბიჭის იმედი ყველას გვაქვს და 2020 წლამდე ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა. რაც შეეხება მეტოქეებს, დარჩენილი ოთხი გუნდიდან კოსოვო ყველაზე ძლიერია შემადგენლობის მხრივ, თან დარჩენილ წელიწად-ნახევარში არ ვიცით, კიდევ რომელი ფეხბურთელები გადაწყვეტენ ამ ქვეყნის მაისურის ჩაცმას, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ და ნებისმიერ მეტოქესთან ჩვენი თამაში ვითამაშოთ".
თენგო ოყუჯავა (Sportall.ge-ს მთავარი რედაქტორი) - "საქართველოს ნაკრების გამოსვლას ერთა ლიგაზე დადებითად ვაფასებ. კარგია, რომ ნაკრები მოგებასა და გოლის გატანას მიეჩვია. ტურნირის დაწყებამდე ჩვენი მეტოქეების პროგნოზების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მაინც ფავორიტად მიმაჩნდა. მეტსაც გეტყვით, საქართველოს ნაკრები ბელორუსზე, მაკედონიასა და კოსოვოზე ძლიერიც მგონია, მაგრამ აქ მთავარ როლს ფსიქოლოგიური მომენტი ითამაშებს.
საქართველოს ისტორიული მომენტი უდგას წინ - შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ფსიქოლოგიური ფონი ძალიან მაღალი იქნება, დაძაბულობა პიკს მიაღწევს. ამიტომ ვფიქრობ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ისინი თამაშისთვის შეამზადოს, რადგან ასეთ შეხვედრებში ცივსისხლიანი მიდგომა თუ გაამართლებს.
5 მოგება და 1 ფრე კარგი შედეგია. ანდორასთან წაფორთხილებასაც არა უშავს, რადგან ეს მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ცუდი საფარი იყო. შანსი მიეცათ სათადარიგო სკამის ფეხბურთელებს და ვფიქრობ, მოტივაციაც სათანადო დონეზე არ იყო.
გიორგი ჩაკვეტაძეზე არ ვილაპარაკებ, რაც ხდება, ალბათ, ყველა ხედავს ამ ბიჭთან მიმართებაში. გამოვარჩევ ჯაბა კანკავას თამაშს. მართალია, მეტოქეები სათანადოდ ძლიერები არ იყვნენ, მაგრამ კანკავას თამაში აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა. ყოველთვის ვაკვირდები მის თამაშს და მეტად აქტიური გახდა ყველა კომპონენტში. ზოგჯერ მეგონა, რომ მეტოქეებს მისი ეშინოდათ კიდეც, როცა ის ბურთის ასართმევად მიდიოდა. რაც მთავარია, კანკავამ შეტევაში თამაში სცადა და ხშირ შემთხვევაში ეს კარგადაც გამოსდიოდა. არ ვგულისხმობ კარში დარტყმას, არამედ წინ პასებს.
მინუსად კი ცენტრალური თავდამსხმელის არყოფნა მიმაჩნია. შეიძლება გიორგი ქვილითაია კარგი ფორვარდი იყოს, მაგრამ ის ვერ გამოავლენს თავის საუკეთესო თვისებებს ვლადიმირ ვაისის ტაქტიკაში და ვერც ლევან მჭედლიძე ან ნიკა კაჭარავა. ვფიქრობ ვაისმა ამ მიმართულებით ტაქტიკა უნდა შეცვალოს".
10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ყაზახეთთან მატჩში