ვინა ვართ და საით მივდივართ? - რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები

AutoSharing Option
ნაკრები სახეა ქვეყნის ფეხბურთისა, მისი აისბერგია, ზურგს ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი უნდა უმაგრებდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არაა და მაინც, ქართული ფეხბურთი თავისი ნიჭით საკუთარ თვითმყოფადობას არ კარგავს.

ვინა ვართ, რანი ვართ ან საით მივდივართ? ნუ ჩამომართმევთ "ურა-პატრიოტიზმში", მაგრამ უსასრულობიდან უსასრულობაში მივდივართ. საქართველო მარადიულია, მარადიულია ქართული ფეხბურთიც. ეს შეიძლება მავანს და მავანს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მისი უდიდებულესობა ქართული ფეხბურთი ძველ სიმაღლეებს დაიბრუნებს. რითი? თავისი ნიჭით, გენეტიკური ნიჭით.

ამას წინათ თავისი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობით გაღიზიანებული ყაზახი ჟურნალისტის სტატია ვთარგმნე (უფრო სწორად, გადმოვაქართულე),
რომელიც მიიჩნევს, რომ რადგან ჩვენზე მდიდარი სახელმწიფო აქვთ, რამდენიმე წელიწადში ფეხბურთში მათთან შედარებით ჯუჯები გავხდებით. ერთი ოღონდ არის აქ და ეს "ოღონდ" ძალზე მნიშვნელოვანია - ისევე, როგორც ყველაფერში, ფეხბურთშიც ყველაფერი ნიჭზეა დამოკიდებული. ეს ნიჭი კი, მაპატიოს პატივცემულმა ჰალიმჟან ერჟანოვმა და, ქართველებს სხვებზე მეტად მომადლებული გვაქვს. ეს ფაქტია, ჯიუტი ფაქტი. ნიჭს ვერ შეიძენ, შრომით ვერ მოიპოვებ, საბედნიეროდ, ძალიან დიდი ფულითაც ვერ იყიდი.

ისტორიულად ასე იყო: აბა, სად იყო ძველ დროში "კაირატი" და სად იყო თბილისის "დინამო"?
ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ გამარჯვებად ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება მიიჩნევა, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თბილისში "ლივერპულის" გაბითურება (3:0) გაცილებით დიდი მიღწევა გახლდათ. მაშინდელი "ლივერპული", ფაქტობრივად, "ბრიტანეთის ნაკრები" იყო (მინუს კევინ კიგანი) და ეს გუნდი "დინამოზე" შერცხვა. თან, წმინდა ბრიტანულ ამინდში (მატჩს 100 ათასი მაყურებელი დაესწრო).

რა თქმა უნდა, არ ვიქნები სწორი პარალელის გავლებაში, მაგრამ რატომღაც მიმაჩნია, რომ ის და ყაზახეთთან მოგებული თამაში რაღაც კავშირშია. კავშირშია პერსპექტივასა და პოტენციალში, ქართული ფეხბურთის უკვდავებაში. აქ მარტო გამარჯვებაზე არაა საუბარი - მხოლოდ ერთ რამედ ღირდა გიორგი ჩაკვეტაძის გაკეთებული ფინტი. ჰოდა, თუ ბიჭი ხარ, მიდი და ფულით იყიდე ეს ნიჭი.


Sportall.Ge

ახლა ზოგიერთი მეტყვის, რა საჭიროა ეს იწილო-ბიწილოო და შესაძლოა, მართალიც იყოს, მაგრამ შევახსენებ, წარსულის გარეშე არ არსებობს აწმყო, აწმყოს გარეშე კი არ არსებობს მომავალი. წარსული კი ქართულ ფეხბურთს დიდი და სახელოვანი აქვს. არანაკლებ სახელოვანი მომავალი გველის. რატომ? გეტყვით, ბატონი ბრძანდებით.

უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ როგორც იქნა, საქართველოს ნაკრები გუნდს დაემსგავსა. არაერთხელ მითქვამს, ამათზე გაცილებით ნიჭიერი თაობები გვყოლია, მაგრამ შედეგი ვერ მიგვიღია. ეს ბიჭები უფრო მოტივირებულნი არიან ნაკრებში და ბოლომდე იხარჯებიან. რაღაცნაირად სხვა მენტალიტეტი აქვთ. ბოლომდე იბრძოლებენ და მიზნის მიღზევისთვის არც თავს დაზოგავენ და არც ფეხებს.

დიახ, ფეხებია ის, რითაც მათ საკუთარი კარიერა უნდა მოიწყონ და მომავალი უზრუნველყონ, რამეთუ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და ერთმა ტრავმამ შეიძლება ყველაფერი გაუფუჭოს. ამდენად, ანდორაში ჩაგდებული მატჩი საპატიებლად მიმაჩნია. რატომ?

სწორი შეკითხვაა: იმ საშინელ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ნორმალურად თამაში შეუძლებელი იყო, სადაც ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა. ცდილობდა ანტიფეხბურთით, დაუნდობლად. სულ კოჭ-წვივში ურტყამდნენ გამიზნულად ჩაკვეტაძეს და კიდევ კარგი, სერიოზული ტრავმა არ მიიღო. მოხდა მათთვის სასწაული და ფრეს მიაღწიეს. თუმცა, მგონია, უფრო მოტივირებულნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენი ფეხბურთელები გაიმარჯვებდნენ.

რა ღვაწლი მიუძღვის ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრების წარმატებაში?
ძალიან დიდი. როგორც აღვნიშნე, მისი ხელმძღვანელობით, გუნდი, როგორც ასეთი, გუნდს დაემსგავსა. ჩვენს ნაკრებს მასზე გაცილებით სახელოვანი დამრიგებლები ჰყოლია, მაგრამ შედეგი არ მიღწეულა. მაგალითად, ექტორ კუპერმა დაინახა, რომ პერსპექტივა არ არსებობდა, თავისი გასამრჯელო აიღო და წავიდა.

პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას: ვაისი არაა ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ის საუკეთესოა. და კიდევ, ისმის მორიგი ლოგიკური კითხვა, რატომ? ვაისი სლოვაკია, სლავია, ყოველთვის მუშაობდა სლოვაკეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, მისთვის ეს გარემო უცხო არაა. ამიტომ არა აქვს პრობლემები. ის არაა ჩვენი გუნდისთვის იდეალური მწვრთნელი, მაგრამ რაა ამ სამყაროში იდეალური?

Sportall.Ge

მისი უარყოფითი მხარეები? რამდენიც გინდათ. ძალიან უჭირს თამაშისას რეაგირება, სტრატეგიული და ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება. ის არ დადის ქართველი ლეგიონერების თამაშებზე და იშვიათად ესწრება ეროვნული ლიგის მატჩებს. მოკლედ, შორეული ნათესავივითაა, რომელიც ხანდახან მოგინახულებს ხოლმე.

და გვაწყობს კი ჩვენ ასეთი "შორეული ნათესავი"? პარადოქსია და გვაწყობს. ეგაა, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, უფრო მეტი მოსთხოვოს და დაავალოს.

ვაისის კიდევ ერთი "ნაკლი" - არაბიძე
ალბათ, ყველა ქომაგის სათქმელს ვიტყვი, ძალიან სჭირდება ჩვენს გუნდს ეს ფეხბურთელი. ახალგაზრდულ ნაკრებში მის ბოლო თამაშს ვუყურე და აღფრთოვანებული დავრჩი. როგორ შეიძლება ასეთი მოთამაშე გყავდეს და არ გამოიყენო? ნუ, ვთქვათ და რთული ხასიათისაა, არაა პირფერი, მაგრამ ხომ ვიცით, როგორი რთული ხასიათის მქონენი იყვნენ დიდი ქართველი ვარსკვლავები. შენ იმიტომ განდეს ამხელა საქმე, რომ "ოქროს შუალედი" მოძებნო და სიტუაცია საქმის სასარგებლოდ გამოიყენო.

Sportall.Ge

რას ერჩის ვაისი ზარანდიას?
ვინც ლუკა ზარანდიას თავის გუნდში თამაშს აკვირდება, არ შეიძლება არ გაუკვირდეს, რომ ნაკრებში არ ათამაშებენ. ყაზახეთთან მატჩის დასასრულს შეიყვანა მხოლოდ ვაისმა და გვინდა ვკითხოთ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს - ეგ პოლონეთი ხომ შენს სამეზობლოშია, ნუ დაიზარებ, ჩაირბინე და ნახე, ეს 22 წლის ბიჭი როგორ ირჯება.

Sportall.Ge

სხვა მხრივ, რა შეიძლება ითქვას, წინსვლა აშკარაა. მართალია, ჩვენმა გუნდმა სუსტი მეტოქეები დაჯაბნა, მაგრამ ადრე ასეთ გუნდებთან მოგება სანატრელი გვქონდა.

მალე უფრო ძლიერებსაც შევხვდებით და გამოჩნდება "ჯვაროსანთა" გუნდის შნო და მარიფათი.

და მაინც მგონია, ეს გუნდი ვაისმა გუნდს დაამსგავსა და მასთან ორთაბრძოლა უკვე ყველას გაუჭირდება.

P.S. შენ როგორ თვლი, ჩვენო მკითხველო?

altყაზახები აღიარებენ, რომ გოლი თამაშგარედან გაგვიტანეს, ჩაკვეტაძეს კი ბრილიანტის ფეხი აქვს

altყაზახი ჟურნალისტი: ახლა დაგვცინიან - 3-4 წელიწადში კი საქართველო ჩვენთვის ჯუჯა იქნება

altრა მოეწონათ, რა არა? - ქართველი ჟურნალისტები ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს აფასებენ

alt8 ქართველი ჯგუფის სიმბოლურში - გიორგი ჩაკვეტაძე აქაც საუკეთესოა

მკითხველის კომენტარები / 20 /
რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს დღევანდელ სიტუაციაში ფეხბურთში ყველაფერს ფული წყვიტავს, უფულოდ შედეგი არ გაქვს. შესაბამისად ავტორის ლოგიკას ვერ დავეთანხმები, იმ ნიჭს თუ შემდგომ სწორი სპორტული აღზრდა არ მიეშველა ფეხბურთელები ნიჭის რეალიზაცია ვეღარ ახდენენ. დაანებეთ ამ 40 წლის წინანდელი საბჭოთა ფეხბურთის გახსენებას თავი და მომავალზე წერეთ, როგორ შეიძლება არსებული პრობლემები გადაიჭრას და მოგვარდეს მაგაზე წერეთ!!!!
გივი
17:42 28-12-2018
0
საქმე არის იმაში, რომ საკმაოდ კარგი თაობა წამოვიდა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც ჩვენ ბიჭებს თანამედროვე, გამართულ ფეხბურთს ათამაშებს, უფრო სწრაფ პროგრესირებას უზრუნველყოფს.ზოგადად ჩვენი მისაბაძი უნდა იყოს ხორვატია,რატომაც არა! როგორც კი ცხოვრება ქვეყანაში ოდნავ მაინც დაწყვა, ეგრევე წამოვიდა თაობა.დარწმუნებული ვარ ეს გაგრძელდება. ქართველებს ნაღდად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში, მგონი ეს არ უნდა იყოს სადაო. მახარებს რომ გაგვიჩნდა ამბიცია და ეს სწორია. როგორც ცხოვრებაშია, ფეხბურთშიც უნდა გვქონდეს მიზანი, მისაბაძი და შესაბამისი ამბიციაც - საით მივდივართ და რას გვსურს რომ მივაღწიოთ. ამაში ყველამ უნდა დავდოთ ჩვენ-ჩვენი წილი აგური - ფეხბურთის მესვეურებმა, საკუთრივ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმაც. ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, ასეთი გამონათება ადრეც გვყოლია და გვყავს ეხლა და მომავალშიც გვეყოლება.
amataki
11:18 30-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული