საქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ
მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.


ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.


აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.


ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
დასაკარგი არაფერი არ გვაქვს ელემენტარული ეს ევრო შესარჩევი გამოიყენონ სავარჯიშო მოედნად და გახსნილად თამაში ისწავლონ თორე ესე დაცვითი თამაში ვიცით უკვე ამიტომ ჯობია ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ სანახაობრივად დასაკარგი არაფერი მაინც არ გვაქვს
jei777
25 მარტი 2019 16:42
0
ყოველთვის ვამბობდი ანანიძე არსდროს ყოფილა კარგი ფეხბურთელი და ვერც იქნება,უბრალოდ პატრონი ყავს, რაც შეეხება თამაშს არავის არ უთამაშია გულიანად, საქართველოსთვის, თვით კაპიტანსაც კი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა. არცერთს არ ეტყობოდა ჯინი და მონდომება, ანუ უბრალოდ ხალხს, გულშემატკივრებს დაგვცინეს.
ვნახოთ რა იქნება ხვალ.
დათო
25 მარტი 2019 16:40
15
რელისტები ვიყოთ-მომატების პერსპექტივა მხოლდ 4-5 ფეხბურთელს აქვს, ასე კი წარმატების შანსი ( ზედა ლიგაში აღზევების)
გუსანი
25 მარტი 2019 16:31
2
წაგება არასდროს არის ტრაგედია, მით უმეტეს შენზე მთელი თავით ძლიერ გუნდთან... მაგრამ ტრაგედიაა, როცა ამას მეტოქის "მურტალი თამაშით" ხსნი და თავად უფრო მურტალ ფეხბურთს თამაშობ, ტრაგედიაა, როცა აცნობიერებ, რომ საქართველოს ნაკრები კვლავაც 1 ან უკეთეს შემთხვევაში 2 კაცის გუნდად რჩება და ამაში მილიონები იხარჯება, ტრაგედიაა, როცა 11 კაცს ვერ აგროვებ საქართველოში და იმ 11-ში ერთსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე თამაშის აღება, ტრაგედიაა, როცა მოწინააღმდეგე თამაშის დილიხორზე მოდის, თამაშს გიხსნის და შენი რჩეულები კი უკვე არაქათგამოცლილები არიან, ტრაგედიაა, როცა სამივე შეცვლა "მკვდარზე ვენოკის" დადებას უფრო ჰგავს, ვინემ თამაშში გარდატეხის შეტანის მცდელობას... თუ ეს ყველაფერი ტრაგედია არაა, მაშ რაღაა ტრაგედია?!...
მ. ტ.
25 მარტი 2019 16:30
0
ბრაზილიამ ითამასშა 1-1 და რამხელა რესურსი აქთ რამდენი მოთამასშე და ჩევენ რამდენი გვყავს და თან გადავაყოლებთ. თუ ასე მაგრები ვართ გავიდეთ და ჩვენ ვითამაშოთ ან გავწვრთნად გუნდი და მერე ხომარავის დავაბრალებთ, ვინც არ თამასშობს ყველას ადვილი გონია და თვითონ რომ გაიყვანო სტადიონზე სულ დაიკარგება და მოდი ვაცადოთ ამ ხალხს თავის საქმე და ჩვენ ჩვენსას მივხედოთ
N G
25 მარტი 2019 16:29
12
აქ საქმე შვეიცარიასთან წაგებაში კი არ არის, საქმე ჩვენს გუნდშია, გუნდი არის ძალიან სუსტი, მხარი რომ გაკრა დაფრინავენ, ფეხზე ვერ დგებიან, სირბილშიც ძალიან სუსტები არიან, არ დააკვირდით თამაშს სირბილით ბურთი რომ მიჰქონდათ ჩვენებს, ისინი ადვილად ეწეოდნენ და ან ართმევდნენ ან ადვილად უშლიდნენ ხელს, არ ვარჯიშობენ... თუ ივარჯიშებენ 1,2 საათით სამაგიეროთ საღამოს ან მეორე დღეს მუცელს ყვებიან, დილით ვეღარ დგებიან, აი, ეს არის ჩვენი პრობლემა არაჯანსაღი ცხოვრება!...
Zaza
25 მარტი 2019 16:21
0
კარგად თამაშობენ ჩვენი ბიჭები პროგრესი არის და ასე თუ გააგრძელეს კარგი გუნდი დადგება წარმატებებს ვუსურვებ
NIKOLOZ GOGOLADZE
25 მარტი 2019 16:19
15
ყველაზე ცუდი ის არის, რომ მწვრთნელი ვერ მიხვდა შეცვლებს, რის საფუძველზეც მეორე ტაიმში უნდა შეცვლილიყო თამაში, საერთოდ ერთა ლიგაზეც ჩაკვეს ფაქტორმ ამოგვაგებინა, თორემ მწვრთენილი რომელიც ცვლილებებს ვერ ხვდება ძაან მძიმედ საყურებელია. საერთოდ როცა არ ხარ მზად სათამაშოდ უნდა აუხსნა მწვრთნელს, იმ ჯანოს მოედანზე ყოფნა იყო დამაზიანებელი!!!
სტიგ
25 მარტი 2019 16:10
0
ავტორს მინდა უთხრა რომ წინსვლა აქვს ნაკრებს, მარა ვაისი ამაში დიდი ხვიდტო ვერაა. შევეცდები ავხსნა. ეს იგივეა რაც ისლანდიამ ან ალბანეთმა გააკეთა. ისინი დიდი ხანი ერთად თამაშობდნენ და ცოტა ისე რა ფეხბურთელებიც დაემთხვა, შეთამაშდა გუნდი და ისე რა მწვრთნელით ოღონდ დიდი მოწადინებით და რაღა თქმა უნდა სწორი ტაქტიკთ, რომელიც მათ გუნდებს მიესადაგებოდა ისე ათამაშეს თავიიანთი გუნდები. ამას ვაისი ვერ აკეთებს. ის ვერ აყენებს შემადგენლობას ან შეცვლას ვეღარ აკეთებს, რომ შეცვალოს ან გააძლიეროს თამაში. ევროპაზე რომ გავიდეთ რის შანშიც არის, მე ვაისის ნათამაშები ნაკრების ნახვა არ მინდა. იქ ყველა ჩვენ ნაკრებზე ძლიერი იქნება და მერე გვეტყვიან აი ხომ იქ მაინც გავედითო ავასრულეთ თქვენი ოცნებაო. ბელგიასთან წაგება არ არის ტრაგედია, მარა გუნდი ბელგიასთანაც და ანდორასთანაჩ სწორედ უნდა ათამაშო. გთხოვთ ვინმემ კითხვა დაუსვით და ახსნას, რატომ არ შეცვალა ყაზაიშვილი და ანანიძე?
dd
25 მარტი 2019 15:56
1
შვეიცარიასთან წაგება არ არის სამარცხვინო, ამას ველოდით კიდეც. უნდა ვაღიაროთ რომ ჯერ ძალიან შორს ვართ ასეთი დონის გუნდებისაგან. არჩეული ტაქტიკა, მიცემული დავალებები და ფეხბურთელების ნაგავი თამაში იყო სასირცხვილო. საქართველო არ არის იტალია და არ ყავს ისეთი დისციპლინირებული დაცვა (თუნდაც 7 მცველი გამოიყვანო მოედანზე) რომ არ გაშვებაზე ააწყო მთელი თამაში, არც ისეთი დონის თავდასხმა გყვავს რომ დარწმუნებული იყო ერთი მომენტი შეიქმნება და 100 % გოლი იქნება, არც იმ დონის ნახევარდაცვა გყვავს უსწრაფესი 2-3 პასით პირისპირ დატოვოს თავდამსხმელი. როცა იმ სტილს ირჩევ რომელიც შენი არ არის მაშინ ხდება წაგება ნაგავი თამაშით. მერჩივნა შეგვეტია 4 გაგვეშვა და 2 გაგვეტანა. როცა ასეთი ნაგავ თამაშს თამაშობ შედეგი უნდა დადო მაშინ რომ გაგამართლონ. ნაკრები გამოვიდა 0-0 სათამაშოდ გოლი გაუშვა და დაიბნა ბრინჯივით რა გაეკეთებინა არ იცოდა. ანუ რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ნაკრები ერთი გოლის გატანასაც კი არ აპირებდა. ან როგორ დააპირებდა როცა მხოლოდ 3 შემტევი თამაშობდა მოედანზე?
dadu
25 მარტი 2019 15:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული