საქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ
მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.


ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.


აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.


ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
არ მინდა რევოლუციურ მოწოდებად გამომივიდის, მით უმეტეს, გერმანიაში ვცხოვრობ და ფიზიკურად ვერ შევძლებ. მაგრამ, არ შეიძლება, თუნდაც ერთი აქცია ჩატარდეს ფედერაციის წინ. ხალხის ფულით რომ ფინანსდება ეს ყველაფერი და ამხელა თანხებს ახდევინებენ ხალხს ამ სირცხვილში და დასცინიან ათწლეულებია, ფედერაციის პრეზიდენტის ჩათვლით. მით უმეტეს რომ, მაგის დროსაც ბევრჯერ თავს ლაფი დაუსხიათ. ხშირად პაექრობენ აქ რაგბის და ფეხბურთის გულშემატკივრები. ზელანდიასთან რომ წავაგეთ ბევრი ლელო გაგვიტანეს, მაგრამ ვინმეს მიუბრუნდება პირი და იტყვის არ მოინდომეს?! აი ამაშია განსხვავება. თუ არ გინდა ან არ შეგიძლია, წადი და სხვას დაუთმე ასპარეზი. მამუკა გორგოძე წავიდა, კაცი რკინას კვნეტს. და ესენი ??
გიორგი
25 მარტი 2019 19:33
4
თუ გერმანიში ცხოვრობ და ერთხელ მაინც გინახავს როგორ აკადემიებში და პირობებში იზრდებიან გერმანელი ბავშვები,მაშინ მიხვდები,რომ გერმანელებიც და შვეიცარიელებიც მინიმუმ 10-0 უნდა გვიგებდნენ,მაგრამ ჩვენი ნიჭის და მონდომების ხარჯზე გაჭირვებით გვიგებენ ერთიც და მეორეც.რაც ვაისის ნაკრები თამაშობს შვეიცარიასთან მეორე ტაიმი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტად ჩატარებული,განსაკუთრებით ჯიგრის ნაკლებობა შეინიშნებოდა.იმედია გამოასწორებენ ამასაც,მაგრამ იმის შემდეგ რაც ცხადაძემ და შემდეგ ვაისმა ჩაიბარეს ნაკრები,ბიჭებს მონდომებას ვერავინ დაუწუნებს,გარდა იმ ხალხისა ვისაც ამის დანახვა არ უნდა.მაგრამ რაგბისტებმა,რომ იტალიასთან(რეიტინგში14) წააგეს გმირებს ეძახდით და ფეხბურთელებმა რომ შვეიცარიასთან(რეიტინგში 8) წააგეს ცუდი ბიჭები არიან.თქვენ თვითონ თუ მაინც იცით რა გინდათ.შეეშვით საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრობას და ვისაც ბიჭების გვჯერა გვაცადეთ.იმ პირობებში როგორშიც ჩვენი ბავშვები იზრდებიან გმირები არიან,გერმანიაში ხარ და გაიარე შეხედე,თუ გინდა მე მოგცემ რამოდენიმე მისამართს სადაც ნახავ რამხელა სხვაობაა ჩვენს და მათ შორის და შემდეგ ჩამოდი და შეხედე რა მოედნებზე უწევთ ჩვენებს თამაში.
ობიექტურად შეაფასეთ ცოტა
25 მარტი 2019 20:00
8
Vaisic da nakrebis yvela fexburteli ararian shveicariis donis.sanam ar camova axali taoba da ar itamasheben normalur klubebshi
Gia
25 მარტი 2019 19:24
4
ტრაგედია არ არის ნამდვილად წაგება, მაგრამ ტრაგედიაა ის რაც ჩვენი ნაკრების შესრულებით ვნახეთ და ის რომ ამას ფეხბურთის თამაში გვინდა დავარქვათ და თან ასე "გავაპრავოთ" უკვე დიდი ტრაგედიაა, რადგან ჯერ პრობლემა უნდა დაინახო, აღიარო და მერეა მხოლოდ შესაძლებელი მის გამოსწორებაზე მუშაობა.
???
25 მარტი 2019 19:21
0
თუ იცი შე მამაცხონებულო რომ მოთამაშე უთამაშებელია თავის გუნდში, თავი ტკივა და ზოგი სულ არ არის ხაბარზე ფეხბურთის, რაღას შეგყავს განაცხადში? მერე თუკი ერთა ლიგიდან გინდა ამ ევროპაზე გასვლა გამოიყენე ეს შესარჩევი და გამოიძახე ნიჭიერი ახალგაზრდები, რომ შეეჩვიონ ერთმანეთს! აგერ კვარაცხელია ვაისმა არ დაიტოვა და სიომინმა ამახანაგურში ათამაშა, კაცმა დაბრდღვნა ყველაფერი!რა არის იმაში აუცილებელი, რომ ოქრიაშვილი ან ნავალოვსკი აუცილებლად ნაკრებში უნდა იყვენ გამოძახებულები? რა დააშავა ამ დროს გრიგალავამ და ხარაიშვილმა? თუ ვაისი თვითონ არ კრიბავს ამ ნაკრებს აბა ისიც გვითხრას, რომ ვისაც ხელს დაადებს იაშვილი,კობიაშვილი და მუჯირი ისინი უნდა გამოიძახოს! ცხადაძე მაგიტომ მოხსნეს,რომ მაგათ ჭკუაზე არ დაიწყო სიარული კაცსს სულ რაღაც ორი თვეც არ აცალეს ამას კიდევ 4 წელი ვუყურებთ!(არ დაბლოკოთ).
მწვრთნელი
25 მარტი 2019 18:35
4
გუნდს სტილი არ აქვს თამაშის, საერთოდ მწვრთნკლის ხელწერა არ ეტყობა და ვერავნ იტყვის რას თამაშობენ. ცხადაძის ხელში გუნდი გუნდს გავდვ და დააბრუნეთ ის კაცი სანამ ეს ციკლიც არ ჩააგდო ამ უმეცარმა ვაისმა.
Me
25 მარტი 2019 18:19
5
ვაისმა გუნდი გამოიყვანა 0-0 ზე სათამაშოთ. გუნდი რომელიც ასე გამოდის ყოველთვის აგებს. შემადგენლობას როგორ აყენებს ვერ ვხვდები. ვინც ლეგიონერია და თან ბევრჯერ იყო ნაკრებში არ ნიშნავს რომ სხვებს ჯობია. აგერ ანანიძე თვითონ მიხვდა და დაბრუნდა გუნდში. ვაისმა ეს თამაშის დროსაც ვერ დაინახა. შეცვლებით ვერასოდეს ვერ აძლიერებს თამაშს. უკვე მკვდარზე ვენოკის დადებას გავდა მისი შეცვლებიც. კონტრაქტს წელს დაამთავრებს და გამომვემშვიდობოთ, თორემ იმ შანსაც დავკარგავთ რაც გვაქვს.
paata
25 მარტი 2019 17:39
1
შვეიცარიასთან წაგება ახლა არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ერთა ლიგიდან შანსი გვაქვს. მარა თუ ბელორუსს აქ მოვუგეთ ფინალში 6-7 დამცველით ათამაშებს ვაისი. მშიშრობა შეიძლება ჩვენი შემადგენლობით ავხსნათ ნაწილობრივ, მარა შემადგენლობის ვერ დაყენება ხშირად და შეცვლების ვერ გაკეთება უკვე თითქმის ყოველთვის ეს უკვე მეტისმეტია. მგონი წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი ვაისს და კარგად იყოს. კუპერი, ტოპმელერი გაუშვით ბევრად ძლიერი მწვრთნელები და ახლა რა გინდათ? შანსი გვაქვს ევროპაზე გასვლის და ეს კაცი გაგვინიავებს, თუ დატოვეს დავწმუნდებით ამაში ყველ ერთად.
georgi
25 მარტი 2019 17:32
4
შეცვლებს აგვიანებს და ვერ ამართლებს, არც შემადგენლობის დაყენება მომწონს მაგრამ გუნდი შეკრა მგონი
mamu71
25 მარტი 2019 17:27
4
თავიდანვე ყველასათვის იყო ცნობილი,რომ შვეიცარელები ჩვენდამი პატივისცემის ნიშნად პირველ ტაიმში მთელი ძალით არ გვეთამაშებოდნენ.სწორედ ეს იყო უღიმღამო თამაშის მიზეზი,განსაკუთრებულად მეორე ტაიმში გამოჩდა ჩვენი ფეხბურთელების უბრძოლველად დანებება.
გიოშა
25 მარტი 2019 17:20
8
ბიჯო რო უპარტყუნებ ამ დიზლაიკს გესმოდეს მაინც რას ვწერ.მოდი გაგინმარტავ რატომ ჩვენდამი პატივისცემის ნიშნით.1.მასპინძელი გუნდი ვართ,2.სტადიონის ტრიბუნები სავსეა.3.საქართველოს ნაკრებმა ამ ბოლო ხანს წარმატებით იასპარეზა ერთა ლიგაზე.
გიოშა
25 მარტი 2019 18:46
7
ამ წვრთნელს აქვს რამდენიმე მინუსი, ის რომ შეცვლებს სულ აგვიანებს და გუნდის გადაწყობა ფაქტიურად არ გამოსდის. თავიდან როგორც იწყებს თუ წაუვიდა თამაში ხომ კარგი, თუ არა და მერე დანჯულობს ეგეც, ჩვენც და ნაკრებიც. თან ისეთ შეცვლებს აკეთებს რაც რეალურად არ არის გასაკეთებელი, ყველაზე აქტიური ფეხბურთელი ვინც არის მოედანზე იმას ცვლის და შემოყავს მცველი ან ყველაზე უნიჭო არსებული სათადარიგო სკამიდან.
გივი
25 მარტი 2019 17:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული