საქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ
მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.


ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.


აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.


ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
საკვირველია, ნუთუ ვერც ერთმა სპეციალისტმა ვერ დაინახა მსაჯის აშკარა შეცდომა ქვილითაიას მიერ გატანილ 100%-ან გოლზე??? "ჩასაფრებულებისგან" არც მიკვირს... ჭეშმარიტ გულშემატკივრებს მივმართავ!!!
tngh
25 მარტი 2019 14:08
2
ამ წაგების მიზეზია 1-2 ფერხბურთელის პრობლემა. მაგალითად, ყაზაიშვილმა აშკარად დააგდო დონეც და მუხტიც (თამაშიდან-თამაშამდე აკლებს და აკლებს), ხოლო ჩემი დიდი სიმპათიის მიუხედავად ანანიძემ ვერ დაალაგა შეტევა სათანადოდ. არ ვიცი ტრავმა აწუხებდა, ეშინოდა ტრავმის გამეორების, ფიზიკური კონდიციები არ ეყო თუ სხვა - მაგრამ ვერ შეასრულა ამოცანა ამ მარჩისთვის საჭირო დონეზე.
ალბათ ირლანდიაში კიტეიშვილი ითამაშებს ამ პოზიციაზე და ვფიქრობ უკეთესად. ალბათ აჯობებდა შვეიცარიასთანაც ასე ყოფილიყო.
რაც შეეხება ქვილითაიას - ის საუკეთესოა საჯარიმოში, როცა გუნდი შტურმს აწყობს, პირველ ნომერს თამაშობს - და უკანდახეულზე უჭირს შესრულება.

შალვა
25 მარტი 2019 12:02
0
უნდა ჩაამთავროს თავისი კონტრაქტი და წავიდეს ვაისი. უკვე ძალიან ბევრჯერ ვერც შემადგენლპბას აყენებს და შეცვლებზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ახლა რას ველოდოთ? როდის დაგვიბრუნდება ჩაკვეტაძე და როდის გაიტანს? ეს რა ვაისის მიღწევაა? ახლა D ლიგიდან თუ გავალთ იმას მიიწერენ და მიაწერენ, ფედერაციას და ვაისს. ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია, კი შვეიცარიას მაინც ვერ მუვუგებდით, მარა შენ ხომ სწორედ უნდა გააკეთო შეცვლა და რაღაც შეცვალო? მაგიტომ ხარ მწვრთნელი. მე მჯერა რომ ევროპაზე მაინც გავალთ, მარა ვაისი ძალიან არ მინდა ევროპაზე მწვრთნელის რანგში. მე იქ გუნდი მინდა ვნახო და არა ცხვრის ფარა.
georgian
25 მარტი 2019 15:18
1
ძალიან გული მწყდება ქართული ფეხბურთის ასეთ გასაჭირზე რო ვწერთ მაგრამ რა გზაა!!! ოთხმოძდაათიანებიდან მახსოვს ბურთები გაგვქონდა მაგრამ მეტს უშვებდით, ყოველთვის გვყავდა თავდამსხმელები, ეხლა პირიქითაა დაცვა ასე თუ ისე დავალაგეთ და ვეღარ გაგვაქ, ერთი რჩევა მინდა მივცე ფეხბურთელებს რა მნიშვნელი აქ 0 2 წააგებ თუ 5 0 ჩვენი ფეხბურთი და ჩვენი შანსი არის შეტევა ლაღი თამაში, ასე დამფრთხალი შეშინებული რატო დარბიან მინდორზე, ანახეთ ამ ბიჭებს უნგრეთი ხორვატიის თამაში , მონდომება ჯიგარი ჩადეთ მესმის რო მეტი არ შეგიძლიათ მარა ერთი ორი კაცის გარდა არ გეტყობათ რო თავგანწირვით თამაშობთ და თუ არ აპირებთ თავგანწირვას და ფეხებს უფრთხილდებით, აცალეთ ბატონო სხვას მშიერი ფეხბურთელი უფრო მოტივირებულია ასე ვფიქრობ მე, შეიძლება ვცდები. ღმერთმა გაგამარჯვებინოთ ჩვენც ეგ გვინდა!!!
iponi
25 მარტი 2019 15:04
1
ვაისს კი რაც შეხება რაც იცოდა ყველაფერი ჩადო ჩვენ ნაკრებში მეტი არ იცის და ცალკე ვაისაც ვერ ავუყვანთ მწვრთნელს:)
გოგა
25 მარტი 2019 12:24
4
ობიექტური სტატიაა. სამწუხაროდ ზოგიერთი გულშემატკივარი გადადის ზღვარს და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ბიჭებს, რომლებიც იგებენ იმ მატჩებს რომლებიც ობიექტურად მოეთხოვებათ. მასე რაგბისტები მსოფლიოს მერვე ნაკრეებ საფრანგეთთან რა დღეშიც აღმოჩნდებიან ყველამ ვიცით.
semi
25 მარტი 2019 12:07
3
რაგბისტები, მათ წინ მდგომ 12 გუნდთან აგებენ და მათ შემდგომ მდგომ 180 ნაკრებს უგებენ. ამას, როგორც ბუნებრივ მოვლენად, ისე აღვიქვამთ, მაგრამ არაა ეგრე. უშრომელად ვერც რაგბში ვერავის ვერ მოუგებ. ამიტომ, უმადურობა და მსგავსი შეფასებები არ გვინდა.
1234
26 მარტი 2019 11:25
0
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და ვფიქრობ არ შეიძლება ერთმანეთის შეურაწყოფა ამის გამო. არის ასეთი გამოთქმა “მე პატივს ვცემ შენს აზრს, მაგრამ არ ვიაზიარებ!”. რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, მოდით ყველამ ალალად გულზე ხელი დავიდოთ და მოვიყვანოთ თუნდაც ერთი მიხეილ, თუ რატომ უნდა მოვუგოთ შვეიცარიის დონის გუნდს?? ვფიქრობ ასეთი დასაბუთებული არგუმენტის მოძებნა შეუძლებელია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ბევრი არ უღრმავდება იმ პრობლემატიკას რის წინაშეც დგას ქართული ფეხბურთი. ერთი კი ფაქტია, ვიდრე არ გაკეთდება სწორი ანალიზი, თუ რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში მანამდე არც არაფერი არ გვეშველება. ჩემი აზრით კი საჭიროა გრძელვადიან პროგრამის შემუშავება და მიზანმიმართული მუშაობა მომავალი თაობების აღსაზრდელად, რათა 10-15 წლის შემდეგ მაინც გავიხაროთ და ვიამაყოთ ჩვენი ფეხბურთით. ამისათვის კი არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება, არამედ საჭიროა მთელი სახსრების სწორად განკარგვა. უბრალოდ საჭიროა სამი რამის განვითარება: ინფრასტუქტურა-მწვრთნელთა განათლება- ბავშვეთა ფეხბურთი!
გიო 13
25 მარტი 2019 22:28
1
ეგ ყველაფერი კარგია, თუმცა მოსმენილი მაქვს 10-15 წლის წინათ და მომავალი 10-15 წელი კიდევ მაგაზე იქნება ლაპარაკი. არ მითხრათ ეხლა ისლანდიაში, სლოვაკეთში და თუნდაც ხორვატიაში და ა.შ. ყვავის შიდა ჩემპიონატები, ინფრასტრუქტურა და განათლებული მწრთვნელების საბადოა, მაგრამ აქვთ წარმატებები და იცით რატომ, იმიტომ რომ შრომობენ თავდაუზოგავად, უყვართ ქვეყანა და ის საქმე რასაც ემსახურებიან! მაგალითი ჩვენი რაგბია.
ლაშა
26 მარტი 2019 09:40
2
არ შეგეკამათები,იმიტომ რომ ჩემი აზრით არ ხარ ჩახედული ფეხბურთში,ესე რომ არ იყოს,მაშინ გეცოდინებოდა რამხელა სხვაობაა თუნდაც სლოვაკეთი,ხორვატია,ისლანდიის შიდა ჩემპიონატს,ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურასა და საქართველოს იგივე ასპექტებს შორის.ზეპირად რომ ლაპარაკობთ მოიძიეთ ინფორმაცია და დარწმუნდებით,რომ ჩვენი ბიჭები არიან ჯადოქრები,ესეთი ცუდი პირობებით,რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გვაქვს.ყაზახეთის 3 კლუბს იმაზე დიდი ბიუჯეტი აქვს ვიდრე ქართულ ფეხბურთს ერთად აღებულს.ეს ისე ინფორმაციისთვის
ლაშას
26 მარტი 2019 10:38
1
თუ იცი შე მამაცხონებულო რომ მოთამაშე უთამაშებელია თავის გუნდში, თავი ტკივა და ზოგი სულ არ არის ხაბარზე ფეხბურთის, რაღას შეგყავს განაცხადში? მერე თუკი ერთა ლიგიდან გინდა ამ ევროპაზე გასვლა გამოიყენე ეს შესარჩევი და გამოიძახე ნიჭიერი ახალგაზრდები, რომ შეეჩვიონ ერთმანეთს! აგერ კვარაცხელია ვაისმა არ დაიტოვა და სიომინმა ამახანაგურში ათამაშა, კაცმა დაბრდღვნა ყველაფერი!რა არის იმაში აუცილებელი, რომ ოქრიაშვილი ან ნავალოვსკი აუცილებლად ნაკრებში უნდა იყვენ გამოძახებულები? რა დააშავა ამ დროს გრიგალავამ და ხარაიშვილმა? თუ ვაისი თვითონ არ კრიბავს ამ ნაკრებს აბა ისიც გვითხრას, რომ ვისაც ხელს დაადებს იაშვილი,კობიაშვილი და მუჯირი ისინი უნდა გამოიძახოს! ცხადაძე მაგიტომ მოხსნეს,რომ მაგათ ჭკუაზე არ დაიწყო სიარული კაცსს სულ რაღაც ორი თვეც არ აცალეს ამას კიდევ 4 წელი ვუყურებთ!(არ დაბლოკოთ).
მწვრთნელი
25 მარტი 2019 18:35
4
100% ვეთანხმები ავტორს. თუმცა თამაშის წინა სტატიის ავტორს არ დავეთანხმე, მარა ფქტია ეს გუნდი თვითონ ვარსკვლავია და ვარსკვალავები არ ყავს. ეს შვეიცარია ისეთ სწორ ფეხბურთს ღამაშობს რომ იმ გრანდების გვერდშია რომლებიც თბილიში ჩამოსულამ ადრე, იტალია, გერმანია, ინგლისი, ესპანეთი საფრანგეთი თავიაანთ ვარსკვალავებით. ჩვენების უმეტესობა ფორმაში არაა და მაინც პირველი ტაიმი თითქმის ტოლ სწორად ვეთამაშეთ და გასატანი ჩვენ უფრო გვქონდა ვიდრე მათ. ვაისმა ახლაც დაბალი კვალიფიკაცია აჩვენა და ვერც შეცვლები გააკეთა, რომ რამე შეცვლილიყო. ვერ ვხვდები რა სჭირს ამ ვაისს? თუ ყველანი თამაშის დროს ვხედავთ შეცვლების აუვცილებლობას თვითონ რატომ ვერ ხვდება? ნახევარდაცვა რომ არ გვყავდა ამას ბრმა დაინახავდა. რაღატომ მოიწვია კიტეიშვილი. ჩაკვეტაძე ძალიან გვაკლდა, უიმისოდ დაკოჭლრბულ ცხვარს გავდა ჩვენი ნაკრები. ვნახოთ ირლანდიასთან, აქედან მე-3 ადგილიც გამსვლელია და მე მაინც იმედი მაქვს.
Geo_Dinamo
25 მარტი 2019 14:38
2
საინტერესოა, როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ სიბნელეში და კიდევ რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ ეს ნახევრად სიმართლე?
წაგება ტრაგედია არაა გეთანხმებით, მაგრამ ტრაგედიაა წაგებას, რომ ფეხბურთელებს ვაბრალებთ.
ერთი მაგალითი, თუ მაინც გსმენიათ მსოფლიოში დაბალი კლასის ფეხბუეთელებზე აპელირების? იქნებ პატივცეულმა, ავტორმა ისიც აგვიხსნას, როგორ ამოტენა შვეიცარიამ ბელგია, რომლის ფეხბურთელების დონემდეც ძალიან ბევრი აკლიათ? ვენესუელამ როგორ მოუგო არგენტინას? გსმენიათ რამე ვენესუელურ ფეხბურთზე?
რიხით, რომ ჩამოგვითვალეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელები, რომლებსაც შედეგი არ ჰქონდათ, ამით რისი თქმა გინდოდათ? ბარემ მიმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მსოფლიო რაგბის ფედერეციის პროექტი დააკოპიროს და
აფრინოს ფიფა-ში.
ჩვენი ლოგიკით რა გამოდის, მხოლოდ ანდორასთან და ლუქსენბურგთან გვაქვს შანსი?
მეგობრებო, იმ დონემდე როგორ დავჩლუნგდით, რომ მწვრთნელი თვეობით უთამაშებელ ფეხბურთელებს ნაკრების სასტარტოში აყენებს და წაგებას მაინც ფეხბურთელებს ვაბრალებთ?
გოგა
25 მარტი 2019 13:18
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული