საქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ
მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.


ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.


აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.


ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
კარგია სტატია დაიწერა და მე ვეთანხმები სრულიად ამ სტატიის ავტორს, ჩვენი გუნდი არ არის მზად რომ მოუგოს ისეთი დონის გუნდს როგორიცაა შვეიცარიის ნაკრები რომელიც ბელგიის ნაკრებს უგებს 5-2 - ს, და მაინც პროგრესი არის და ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს.
ხვიჩა
25 მარტი 2019 14:03
4
მყისიერი გარდასახვა და შედეგების უცაბედად გაუმჯობესება არ/ვერ მოხდება და ეს უნდა გვესმოდეს.სულ მცირე 20 წლიანი უკუსვლა ბავშვთა ფეხბურთში უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა-კი უნდა გვცოდნოდა.ერთადერთი,რაზეც ნამდვილად მწყდება გული-კახაბერ ცხადაძის ნაკრებიდან დათხოვნა იყო.მისი გუნდი სწრაფად ვითარდებოდა და აღმასვლისას განთავისუფლება გაუმართლებელი და მოულოდნელი იყო.
გიორგი ჯანიკაშვილი
25 მარტი 2019 12:03
2
არ მოგწყინდათ ამ სტერეოტიპებით აზროვნება? თურმე შვეიცარია გერმანულ ფეხბურთს თამაშობს-არც თვითონ თამაშობს და არც შენ გათამაშებს :) ჯერ ერთი ბოლოს როდის ნახეთ ''ძალისმიერი'' გერმანული ფეხბურთი? მერე მეორე, პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები იყო 9 კაცით დაცვაში და პირიქით, შვეიცარიას არ ათამაშებდა, თვითონ კი არ შეეძლო! მესამეც, რატომ თვლით,რომ მაგალითად, სტივენ ცუბერი უფრო არაესთეტიურ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე საქართველოს ნაკრების 90 % ?
1234
26 მარტი 2019 11:02
0
ცხადაძე სასწრაფოდ
Zaza
25 მარტი 2019 22:13
3
sadamde unda apraod es "zalit pexburtelebi" am jurnalistebma, erti jurnalisti wers normalurad itamashes waageb es normaluri tamashi rogor ari?? es wers saertod tragedia aario da ragac sisuleelebit amartlebs, tragedia ar ari kazaxistantan mogeba rom gvixaria ukve??
სანდრო
25 მარტი 2019 22:00
1
თავიდანვე ყველასათვის იყო ცნობილი,რომ შვეიცარელები ჩვენდამი პატივისცემის ნიშნად პირველ ტაიმში მთელი ძალით არ გვეთამაშებოდნენ.სწორედ ეს იყო უღიმღამო თამაშის მიზეზი,განსაკუთრებულად მეორე ტაიმში გამოჩდა ჩვენი ფეხბურთელების უბრძოლველად დანებება.
გიოშა
25 მარტი 2019 17:20
8
ბიჯო რო უპარტყუნებ ამ დიზლაიკს გესმოდეს მაინც რას ვწერ.მოდი გაგინმარტავ რატომ ჩვენდამი პატივისცემის ნიშნით.1.მასპინძელი გუნდი ვართ,2.სტადიონის ტრიბუნები სავსეა.3.საქართველოს ნაკრებმა ამ ბოლო ხანს წარმატებით იასპარეზა ერთა ლიგაზე.
გიოშა
25 მარტი 2019 18:46
7
ბრაზილიამ ითამასშა 1-1 და რამხელა რესურსი აქთ რამდენი მოთამასშე და ჩევენ რამდენი გვყავს და თან გადავაყოლებთ. თუ ასე მაგრები ვართ გავიდეთ და ჩვენ ვითამაშოთ ან გავწვრთნად გუნდი და მერე ხომარავის დავაბრალებთ, ვინც არ თამასშობს ყველას ადვილი გონია და თვითონ რომ გაიყვანო სტადიონზე სულ დაიკარგება და მოდი ვაცადოთ ამ ხალხს თავის საქმე და ჩვენ ჩვენსას მივხედოთ
N G
25 მარტი 2019 16:29
12
არ ვიცი ვინ რა აზრის ხართ,მარა სტადიონზე ვიყავი და ფერხბურთის გარდა ყველაფერი იყო ის რაც გააკეთა ჩვენმა ნაკრებმა.ვაისისგან რა გინდათ?! მეტიც კია ეგ მწვრთნელი ამ ფეხბურთელებისთვის.აშკარად აღემატება ჩვენი ფეხბურთელების კვალიფიკაციას ვაისის კვალიფიკაცია.მწვრთნელის ბრალია ყაზაიშვილმა წესიერად,რომ ვერ დაარტყა?! მასეთი მომენტიდან ხელებში რატომ უნდა დაერტყა ვერ ვხვდები.2 პასი არ გაუკეთებიატ ზედიზედ ნორმალური,რატომ??? იმიტომ,რომ არ შეუძლიათ.ბურთის გაჩერებას 3-4 შეხება,რომ ჭირდება გაცლის ვინმე რამის გაკეთებას?!ერთი გვილიას და კაკაბაძეს არა უშავდა და ლორიაც კარგი იყო,დანარჩენი არცერთი არ იყო ფეხბურთელი იქ.
777
25 მარტი 2019 14:44
9
ხოდა ეგ არის ვაისის ბრალი. უნდა შეცვალო ესეთი მოთამაშე რომ ხედავ ვერ თამაშობს. მარა ვაისი ბრმაა და ვერ ხედავს, ვერც ხვდება რათ უნდა დანარჩენი მოთამაშეები შეცვლაზე რომ ყავს. თამაშI შეცვლებით უნდა გააძლიერპ ან შეცვალო რამე.
Geo_Dinamo
25 მარტი 2019 15:11
0
სანამ "ჭ" კლასის ლიგების ლეგიონერები გვეყოლება, სხვა შედეგი არ იქნება. ვაისს შეიძლება მინუსები ჰქონდეს,მაგრამ ამ შემთხვევაში 100%-იანია.ფეხბურთელების მაგივრად ვერ ითამაშებს.არ არის დღეისათვის საქართველოში მაღალი კლასის შემსრულებელი.სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი სახეზეა
vax-vax
25 მარტი 2019 14:32
5
Tavs zemot zala araa. Jer unda itamashon hvenma fexburtelebma arsenalshi,liverpulshi,gladbaxshi,dortmundshi,shalkeshi da mere unda movtxovot shveicariis damarcxeba! Hveni ori lideri tamashobs kustanais tobolshi da mat rogor unda mostxovo arsenalis da dortmundshi fexburtelebis damarcxeba!
Kika
25 მარტი 2019 14:01
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული