10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩიც დათმო (0:1), ამჯერად სტუმრად ირლანდიასთან.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით.

გიორგი ლორია - 5.5 - საქართველოს ნაკრების მეკარე, შვეიცარიასთან მატჩის მსგავსად, ნორმალურად გამოიყურებოდა, თუმცა მის კარში ერთადერთ გატანილ გოლში წვლილი თავადაც მიუძღვის, როცა ცოცხალი კედელი სათანადოდ ვერ დააყენა. ეს ფაქტი პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმაც აღნიშნა. ზოგ მომენტში ლორია ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ზოგჯერ კი ბურთს ზედმეტად დიდხანს იჭერდა და საკუთარ საჯარიმოში დრიბლინგსაც მიმართავდა. მაკგოლდრიკი შეტევის დროს ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა, ქართველი მეკარე წინ გავიდა,
თუმცა ბურთს ვერ მიუსწრო, რა დროსაც ირლანდიელი ადვილად გასცდა და ბურთი ძლიერად რომ არ გაეგდო წინ, გოლსაც გაიტანდა.

გურამ კაშია - 5.0 - სუსტი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს. ირლანდიელთა ფორვარდი მას ხშირად სცდებოდა და პოზიციურად თითქმის ყოველთვის ამარცხებდა. ჯარიმა, რომელიც ჩვენი გუნდის კარისკენ დაინიშნა და გოლად იქცა, სწორედ მაკგოლდრიკის კარგ თამაშს მოჰყვა, რომელიც გურამ კაშიამ წააქცია.

საბა კვირკველია - 5.5 - მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა. მეორე ტაიმში ბურთი, რომელზეც ტანმაღალ მცველს უპრობლემოდ უნდა ეთამაშა, გადაახტა და მეტოქე მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა. გოლი მხოლოდ იმიტომ არ გავიდა, რომ კუთხე ძალიან მახვილი იყო.

დავით ხოჭოლავა - 5.5 - დავით ხოჭოლავა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იმყოფებოდა, მან მთელი შეხვედრა მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა. ერთვებოდა შეტევებშიც, თუმცა ეს მისი ძლიერი მხარე არ არის. გარდა ამისა, მატჩის დასაწყისშივე დაზიანება მიიღო.

ოთარ კაკაბაძე - 5.0 - ოთარ კაკაბაძე, ისევე, როგორც შვეიცარიასთან შეხვედრაში, ამჯერადაც ხშირად ცდილობდა საკუთარი ტექნიკის დემონსტრირებას და ბევრი შეცდომაც დაუშვა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთში, როდესაც საქართველოს ნაკრები შეტევაზე გადავიდა, სახიფათო ჩაწოდება განახორციელა. მთლიანობაში, დიდად სარგებლიანი არ ყოფილა და დაცვაშიც ბევრ შეცდომას უშვებდა. მისი დრიბლინგი ხშირ შემთხვევაში წარუმატებელი იყო.

ჯაბა კანკავა - 5.5 - საქართველოს ნაკრების ორი რეალური შანსიდან ერთი ჩვენი კაპიტნის ანგარიშზეა, როცა მეორე ტაიმში შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა და მეტოქე გოლისგან ძელმა იხსნა. როგორც ყოველთვის, იბრძოდა, თუმცა შეცდომებსაც უშვებდა. მატჩის სტარტზე ბურთი საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა და გუნდი გიორგი ლორიამ იხსნა. ჯაბას არაზუსტ პასს მოჰყვა სწრაფი კონტრშეტევაც, რომლის შემდეგაც გურამ კაშიამ თამაშის წესები დაარღვია და ჯარიმა გოლად იქცა.

ნიკა კვეკვესკირი - 5.5 "ტობოლის" ნახევარმცველი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე შვეიცარიასთან შეხვედრაში. ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას და მის მოზომილ გადაცემას მოჰყვა პირველი ტაიმის ბოლოს მომენტი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ვერ გამოიყენა. კვეკვესკირის თამაში უფრო აქტიური და პასები უფრო ზუსტი მეორე ტაიმში გახდა.

ვაკო გვილია - 5.0 - თითქმის ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა ვაკო გვილიას, რომელსაც ბურთი შესანიშნავ პოზიციაში მიუვიდა, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული რენდოლფმა მოიგერია, დამატებაზე კი ქვილითაიამ ვერ ივარგა. პირველ ტაიმში ვაკო კარგი იყო, თუმცა ცუდი მეორე ტაიმი ჰქონდა. ხშირად კარგავდა ბურთს და არაზუსტ გადაცემებს აკეთებდა.

ოთარ კიტეიშვილი
- 6.0 - "შტურმის" ნახევარმცველს ვლადიმირ ვაისი შანსს ხშირად არ აძლევს, თუმცა ოთარი ირლანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო. ის ბოლომდე იბრძოდა და პრესინგს ცდილობდა, ბოლომდე ჩამოდიოდა დაცვაში და შეტევის გამწვავებასაც ცდილობდა. ერთხელ დაარტყა კიდეც, თუმცა მისი დარტყმული რენდოლფის კარს ზევიდან გადასცდა.

ვატო არველაძე - 5.0 - საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 21 წლის თავდამსხმელ ვატო არველაძეს. ალბათ, გამოუცდელობის გამო ვატო პირველ ტაიმში ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო. ერთ მომენტში დარტყმის კარგი შანსი ჰქონდა, როცა მის საყვარელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა კარისკენ დარტყმა ვერ გარისკა.

გიორგი ქვილითაია
- 5.5 - "გენტის" თავდამსხმელს უკეთესი მატჩი ჰქონდა, ვიდრე შვეიცარიასთან, თუმცა რეალური მომენტი არ ჰქონია. იბრძოდა ბოლომდე და პირველ ტაიმში საკუთარ გუნდს ბურთი რამდენჯერმე შეუნარჩუნა. პირველი ნახევრის ბოლოს ახლო მანძილიდან დამატება მართებდა, თუმცა მცველმა დაასწრო.

ცვლილებები
ლევან ხარაბაძე - ვატო არველაძის მსგავსად, დებიუტი ჰქონდა ლევან ხარაბაძესაც. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ტრავმირებული ხოჭოლავას ნაცვლად შემოვიდა. მეტწილად შეტევაში წასვლას ცდილობდა, თუმცა ბევრი არაფერი გამოსვლია. დაცვაში თამაში კი ხარაბაძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.

ვაკო ყაზაიშვილი - შვეიცარიასთან ცუდი მატჩის შემდეგ "სან ხოსეს" შემტევმა ირლანდიასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა. მოედანზე მეორე ტაიმის ბოლოს შემოვიდა და არც რამე დაუშავებია და არც შეუქმნია.

თორნიკე ოქრიაშვილი - ყველას გვახსოვს თორნიკეს ულამაზესი გოლი ირლანდიის ნაკრების კარში. მისგან ყოველთვის ველით ლამაზ და ტექნიკურ თამაშს, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში მას არც საამისო დრო ჰქონია და არც პრაქტიკა. 26 წლის ნახევარმცველი რამდენიმე თვეა უგუნდოდაა და 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა.

ვლადიმირ ვაისი
- 4.0 - ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ეკუთვნის, რომელიც მატჩის დაწყებამდე ამბობდა, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანა მართებდათ, თუმცა მოედანზე რეალური გეგმა, თუ როგორ უნდა მისულიყო გუნდი გოლამდე, არ ჩანდა. როგორც ყოველთვის, აგვიანებს ცვლილებებს და თამაშში გარდატეხის შეტანა უჭირს.

ვაისმა ისევ გაიმეორა აზრი, რომელიც თბილისში შვეიცარიასთან წაგების შემდეგ გააჟღერა, რომ მეტოქის ფეხბურთელები უკეთეს გუნდებში თამაშობენ, ვიდრე საქართველოს ნაკრების მოთამაშეები.

ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა და მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 7 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.

altმიკ მაკარტი: საქართველოს გასაქანი არ მივეცით, თუმცა მომენტები ჰქონდა

მკითხველის კომენტარები / 38 /
გვილია ვერ ქაჩავს. ახლა ჩვენი შემოქმედი ოქროს კაცი-ოქრიაშვილი დაბრუნდება ფეხბურთში, უკვე დაღვინებულია, სიმწიფის ასაკშია. იქ კუნძულზე ქეცბა ხელს შეუწყობს და გააძლიერებს! აქეთ კიტეიშვილი ძალიან მაგარი ბიჭია! სქემაში 1+3+5+1+1 მე ნახევარდაცვა ასე მესახება - კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, კვეკვესკირი (შემქმნელი - ასეთი პასის და ასეთი დარტყმის მქონე კაცი ბევრ გრანდს შეშურდებოდა), კანკავა, კაკაბაძე (კაკაბაძე აუცილებლად უნდა ამოიწიოს ნახევარდაცვაში, ასეთი ტექნარი-დრიბლიორი შემტევი ყველასთვის სანატრელი იქნებოდა). თავდასხმა ჩაკვეტაძე, ქვილითაია! დაცვაში გამოსანახავია 2 ნომერი. კაკაბაძე 2 ნომერზე არ გამოდგება, მას შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს 2 ნომერს. სანამ სხვა არ არის ისევ ხოჭოლავას უნდა დაეკისროს 2 ნომრის ფუნქცია. ცენტრში კვირკველია, მარცხნივ ტაბიძე. ლორია ხანდახან როცა საშუალება იქნება შევცვალოთ, სხვა მეკარეებიც უნდა ვათამაშოთ!
aburjga
27 მარტი 2019 14:06
6
ვაისი შეიძლება სლოვაკეთში მუშაობისას კარგი მწვრთნელი იყო,მაგრამ ჩვენთან იგივე ვერ გამოავლინა, უკვე ბევრი წელი გავიდა, ვფიქრობ ვაისმა ამოწურა და დროა ფედერაცია დაფიქრდეს ამაზე! იქნებ სხვა მწვრთნელმა სხვა ტაქტიკით უფრო გაამართლოს! ერთა ლიგა რომ არა ვაისი მოგების გარეშეა! ასე რო ერთა ლიგაზე წარმატებას თვითონ ამ ტურნირს უნდა ვუმადლოდეთ, იმ ნაკრებების დაბალ კლასს ვისაც შევხვდით და არა ვაისს!
ბასკი
27 მარტი 2019 15:47
4
ვაისი ძალიან ჯინიანი ტრენერია ზამენების მხრის, გვიან აკეთებს შეცვლებს და ისეთების შემოყავს, რომ სჯობდა არ გაეკეთებინა! მერე არ ათამაშებს ზარანდიას, არაბიძეს, ახალგაზრდებს, საცოდაობა იყო ამ ნაკრების ყურება.
F.F
27 მარტი 2019 17:34
2
ისეთი შტაბეჭდილება მაქვს, რომ ვაისს ჩვენზე მეტად თუ არა ნაკლებად არ უყვარს საქართველოს ნაკრები. გაუთვალისწინებელი ტრავმები დ. ა. შ. ძნელია შვეიცარიასთან და ირლანდიასთან ახალი სახეებით გარისკო, იმის სურვილით, რომ შედეგისთვის მიეღწია თავი აარიდა ექსპერიმენტებს. დარწმუნებული ვარ, შვეიცარიასთან, რომ არ დაეყენებინა ყაზაიშვილი და ეგ და ჯანო მეორე ტაიმის დასაწყისშივე მალევე შეეცვალა რისხვა დაატყდებოდა თავს. ვერც იმას იტყვი, ხარაიშვილის ყოფნის შემთხვევაში, რომ უკეთ ვითამაშებდით. კლასში არის სხვაობა და ამას დანახვა სჭირდება, ის იღბალიც დაგვაკლდა რაც ესოდენ გვქონდა ერთა ლიგაზე, თორემ ასე
იგორ
27 მარტი 2019 15:14
8
1 ლორია 6 ქულა, რამდენიმე კარგი სეივი, თუმცა შეცდომა კედლის დაყენების დროს...

2 კაკაბაძე 5 ქულა, ძალიან ერთობა ეზოს ფეხბურთისთვის დამახასიათებელი თამაშით, უადგილო ადგილას მატაობს და მის მიერ ბურთის დაკარგვას მოყვება ხშირად სახიფათო შეტევა. უბედურება ის არის რომ წამყვანებს ეს ეზოს ფეხბურთის ელემენტი მოწონთ, ვერ ასხვავებენ რომ ეზოს დრო არა დიდი მოედანზე და უქებენ და მერე რა მოყვება იმას ვერ ამჩნევენ...

3 ხოჭოლავა 6 ქულა კომენტარის გარეშე ნორმალურად ითამაშა, ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია მაგრამ არც გაუფუჭებია რაიმე.

4 კაშია 5 ქულა, ნორმალურად ითამაშა, ჰქონდა შეცდომებიც მაგრამ რამდენიმე სიტუაციაში გადაგვარჩინა

5 კვერკველია 6 ქულა, კარგად ითამაშა საიმედოდ და დაამტკიცა რომ მისი არ დაყენება შვეიცარიასთან იყო შეცდომა თუმცა ''ოჯახში'' უნდა გაირჩეს ვაისმაც აიტაცა და რატომ არ დააყენა თურმე უნდა ვკითხოთ საბას ან შიდა სამზარეულოდ უნდა დარჩეს და ამაზე მაქ მუდამ პასუხი... შიდა სამზარეულო ჩემი გადასახადებით არ უნდა იყოს დაფინანსებული მაშინ!

7 კანკავა 8 ქულა ამაზე მეტს კაპიტანი ვერ იზავდა... ვეტერანი, ასაკი, მოკლედ ჯარიმაც აიღო იქ სადაც უნდა აეღო, დაარტყა... იბრძოლა და ჩვეულად იომა!

6 კვეკესკირი 5 ქულა, რამდენიმე შეცდომა, რამდენიმე გამონათება, თუმცა მოკლედ - ტობოლი...

21 გვილია 5 ქულა, კარგ ქმედებებს საოცარ შეცდომებს უხამებდა, პასის კულტურა ამ თამასში - ტირილი გინდებოდა...

9 კიტეიშვილი 5 ქულა, პირველი ტაიმი რას აკეთებდა მე ვერ გავიგე, ველოდი რომ შეცვლიდნენ მაგრამ ვაისმა სამწუხაროდ ცვლილების არსი არ იცის ჩემი აზრით... მეორე ტაიმში მოუმატა და ამიტომაც 5 ქულა... თუმცა შემტევი კარებში რომ არ უყრტყავს 90 წუთის განმავლობაში... ეს ქულებიც ავანსია... რისი არ ვიცი მაგრამ ავანსი.

11 ქვილთაია 4 ქულა, შვეიცარიის თამაშთან შედარებით მისი მარგი ქმედება უფრო დადაბლდა

14 ვატო არველაძე 2 ქულა, ეს 2 ქულაც ალბათ შოთის და აჩის ხათრით - მემგონი დიდი კითხვის ნიშანი დასვა, ნოლი შემართება, ნოლი აგრესიულობა, ნოლი ენერგია და ნოლი გამწვავება... დარტყმაზე ლაპარაკი ზედმეტია... პრესინგი მაინც ითამაშე ახალგაზრდა ბიჭი ხარ... რამე დაგვანახე... გარდა გვარის... არ ვიცი რა უნდა ქნას თავის გუნდში რომ კიდევ ერთხელ ღირსი იყოს გამოძახების ალბათ 2-3 ჰეტრიკი... ვერ გაამართლა!

შეცვლაზე შემოსულები:

ყაზაიშვილის რა უნდა მემგონი თვითონ არ იცის...

ოქრიაშვილს 5 წუთში რა უნდა გაეკეთებინა არ ვიცი...

ხარაბაძე მემგონი კარგი ბიჭი ჩანს და იმედიანად ვიყოთ!

გიორგი
28 მარტი 2019 11:28
4
რა სისტემითაა ეს ქულევი დაწერილი გაუგებარია. ვიცით რომ კარგად არ გვითამაშია მაგრამ აშკარად ქულები დილეტანტურ მსეჯელობაზე დაყრფნობითაა გაკეთებული. ან მარგი ქმედების კოეფიციენტი გამოოანგარიშე, თუ ვინ რამდენი ირბინა,რამდენი ზუსტი და არაზუსტი პასი გააკეთა, რამდენი დრიბლინგი, აჩქარება, ჩაჭრა სახიფათო შეტევა და ა.შ. სხვანაირად უბრალო პირადი მოსაზრებაა. და აქვე ვიტყვი, საკუთარი თავიდან დაიწყოს ყველამ პროცესიონალიზმის მოთხოვნა და მერე მოთხოვოს სხვას.
QT
28 მარტი 2019 00:57
0
დღემდე ვერ გამიგია რატომ არ დარჩა კანკავა რეიმსში... ეხლა ხომ ლიგა 1-ში ითამაშებდა. ძალიან არ მინდა დავიჯერო , რომ ფულის გამო წავიდა. ამას ხომ მოგვიანებითაც შეძლებდა. საშინლად მენანება კანკავა და კვეკვესკირი ყაზახეთისთვის. ორივე გაცილებით უკეთეს ლიგაში უნდა თამაშობდეს. განსაკუთრებით ჯაბა. რა თქმა უნდა ყოფილა თამაშები, როცა შეცდომებიც დაუშვია, მაგრამ რა ჯიგრითაც ეგ კაცი თამაშობს, 10ჯერ მეტი შეცდომა ეპატიება. ეგეთი ყვ/ე/რებიანი ბიჭები გვჭირდება ნაკრებში. თითოეული ფეხბურთელი ეგრე უნდა ბრძოლობდეს პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე. მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის მეტოქე, რა ხასიათის მატჩია(ოფიციალური თუ ამხანაგური), რამდენად ძლიერ გუნდებში თამაშობენ და ა.შ.
Homeros
28 მარტი 2019 04:16
1
რის შეფასება, რა შეფასება, თქვენ მაგრად უბერავთ!!!!!!!
გიო
27 მარტი 2019 18:35
0
განსაკუთრებულს არაფერს ველოდი მაგრამ გაოცებული დავრჩი და გამიხარდა რომ შანსი მიეცა ვატოს და ხარაბაძეს, ისე ამას ვითხოვთ ქომაგები რომ სისტემატიურად გამოცადოს შესარჩევ ციკლში ფეხბურთელები რომლებიც უბრალოდ სკამისთვის იძახებდა გადაახალისოს და ნახევარ ფინალში ნორმალური გუნდით გავიდეთ.. ძნელი იყოო ამის გაკეთება)) ამ ჯგუფიდან უთამაშებელი და ტრამვორებული ფეხბირთელებით რომ შორს ვერ წავიდოდით ეგ ყველამ ვიცით მაგრამ პირველ თამაშში რა მაფია იყო ვერ გამიგია დღემდე.დავინახეთ რომ ტაბიძე და ხოჭოლავა აშკარად ჯობდა კაშიას,კიდე ის რო კაკაბაძეს ფუნტებით ლუცერნიც კი არ არი გაკვირვებული,ხარაბაძეს აქტიურ თამაშს ნუ დავუკარგავთ,გვილია ლუცერნიდან ზუსტად აი ესეთი თამაშის გამო გაუშვენ და ჭკუას ვერ სწავლობს,,(გვილია და კაკაბაძე ზედმეტობენ მოედანზე როცა უბრალოდ პასია საჭირო შედეგამდე, ყველაზე სუსტი წერტილი იყო ნაკრების ამ ორი თამაშისას).
ჩორნა
27 მარტი 2019 15:20
6
ბიჭო რანაირად უწერთ ვაისს 4 ბალს? რა უნდა ექნა თვითონ შესულიყო და შეგდო თუ რა უნდა ექნა? ჩაკვეტა პაპუნა გვყავს ბიჭები მთავარია ჯანებზე იყვნენ და ყოველშემძთხვევაში ესეთი დაბალი დონე აღარ ვიქნებით !! თვენ კიდე ცოტა დაფიქრდით ვაის როიმ უწერთ 4 ქულას :)) ზიდანი და ანჩეც ვერ გვიშველის რაის ვაისს 4 ბალი
tbiliski
27 მარტი 2019 14:06
12
რაც უნდა ექნა ის ქნა, ხელფასს იღებს და პრემიას, სენ იკითხე მეტროს ჯეტონის ფული რომ არ გაქვს
margveli
27 მარტი 2019 17:14
2
ვაისი არ არის ქართველი და შეიძლება ვერც გაიგოს ვინ რა დაუწერა. ფუტბალისტები კიდევ შეხვდებიან და ეტყვიან, ბიჭო, შე ჟურნალიუგა, რა ოთხიანებს მიწერ ტოო. საქმეს გაურჩევენ. ვაისი ბუნჩულა კაცია, არაფერს იტყვის.
odala
27 მარტი 2019 19:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული