ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ბელარუსთან მატჩში

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა. შეხვედრის მე-7 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტმეტრიანით მასპინძლები დააწინაურა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Sportall.ge-ს ვერსიით (10-ბალიანი სისტემა):

გიორგი ლორია (6.5) - "ჯვაროსნების" კიპერს ბელარუსთან ბევრი საქმე ჰქონდაო, რომ ვთქვათ, არცთუ რეალური იქნება. ლორიას კარში სტუმრებს ერთხელაც არ დაურტყამთ, რაც საქართველოს დაცვითი ხაზის კარგ თამაშზე მიუთითებს. ამის ფონზე, ლორიას გუნდის გადარჩენა არ დასჭირვებია.

ოთარ კაკაბაძე (7.5) - ესპანური "ტენერიფეს" მარჯვენა მცველი ბელარუსთან ძალიან
სტაბილური იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ოთარმა რამდენჯერმე შესანიშნავი რეიდი განახორციელა და მეტოქის დაცვას ბევრი პრობლემა შეუქმნა.

ყველაფერთან ერთად, კაკაბაძემ პრაქტიკულად ყველა შესაძლო ორთაბრძოლა მოიგო და პასების სიზუსტის მხრივაც გამორჩეული გახლდათ.

გურამ კაშია (7) - საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, როგორც ხდება ხოლმე, დამაჯერებელი იყო. კაშიას მეტოქეთა შემტევების წინააღმდეგ თამაში ერთი-ერთზე არ დასჭირდა, რამეთუ ქართველები დაცვით ფაზაში პოზიციურ ფეხბურთს ანიჭებდნენ უპირატესობას. რაც შეეხება სტანდარტული სიტუაციებიდან ბურთის ამოტანის საკითხს, აქ ქართველი მცველები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.

საბა კვირკველია (7.5) - ფეხბურთელი, რომელიც რუსული "როტორის" ღირსებას იცავს, თავის საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში ვაისის მიერ გაცემულ ავანსებს თავი მშვენივრად გაართვა. კვირკველია ძალიან დამაჯერებელი იყო და დაცვითი ფაზის გარდა, ე.წ. პირველი პასით ბურთი კარგად ამოჰქონდა.

ლაშა დვალი (7) - ერთი შეხედვით, საკმაოდ მოულოდნელი იყო, რომ ლაშა დვალი მარცხენა მცველის პოზიციაზე აღმოჩნდა. სლოვაკმა სპეციალისტმა "ფერენცვაროშის" წარმომადგენელი მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაამწესა, თუმცა, უნდა ითქვას, დვალმა უშეცდომოდ ითამაშა და მეტოქეს მარჯვენა ფლანგიდან აქტიურობის შესაძლებლობა არ მისცა. კაკაბაძისგან განსხვავებით, დვალი შეტევაში არ აქტიურობდა და უმეტესწილად, დაცვითი სამუშაოს შესრულებით იყო დაკავებული.

ნიკა კვეკვესკირი (7) - საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ბოლო პერიოდში თავისი საუკეთესო თამაშის დემონსტრირებას ახერხებს. გასულ მატჩში ნიკა დაცვით ფაზაში საკმაოდ პროდუქტიული იყო (ისევე, როგორც ნაკრების ყველა ფეხბურთელი), თუმცა კვეკვესკირის მთავარი პლუსები აშკარად ბურთთან ყოფნის დროს გამოიკვეთა. საკმაოდ ტექნიკური ნახევარმცველის უნარების წყალობით, "ჯვაროსნების" შეტევები ერთი ფლანგიდან მეორეზე რეგულარულად იცვლებოდა და ქართველები საჭირო სივრცეებს იღებდნენ.

ჯაბა კანკავა (7.5) "ტობოლის" ფეხბურთელი ბელარუსთან ძალიან კარგი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ კანკავამ თავისი სათამაშო სტილით, მეტოქეთა შეტევითი პოტენციალი, ფაქტობრივად, ნულს გაუტოლა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დაცვით ფაზაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ძალიან ბევრი ბურთი ჩაჭრა. ყველაფერთან ერთად, ის, თავისი პოზიციის მიუხედავად, პრესინგს ხშირად მიმართავდა და რამდენჯერმე მეტოქეთა ცენტრალური მცველების წინაც აღმოჩნდა.

ვაკო ყაზაიშვილი (7) - "სან-ხოსეს" შემტევმა ნახევარმცველმა საკმაოდ მაღალი ინტენსივობით ითამაშა. ყაზაიშვილისთვის, რომლისთვისაც ბურთთან ერთად ყოფნა და თანაგუნდელთა პასებით მომარაგებაა დამახასიათებელი, გუშინდელი შეხვედრა არასტანდარტული გამოდგა. ვაკომ პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში პრესინგი ითამაშა და ბელარუს ფეხბურთელებს ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ მისცა.
მიუხედავად ამისა, ყაზაიშვილს შეტევით ფაზაში ბევრი შეცდომა ჰქონდა. 27 წლის ფეხბურთელი ცუდი ნამდვილად არ იყო და ბევრ მომენტს კარგად ამწვავებდა, თუმცა გამოიკვეთა, რომ შესაბამის მიზეზთა გამო ის თავისთვის დამახასიათებელ ფორმაში ნამდვილად არ არის.

ოთარ კიტეიშვილი (7.0) - ავსტრიული "შტურმის" ფეხბურთელს ბოლო პერიოდი გაუცდა და ამის ფონზე ფაქტი, რომ ის თავის საუკეთესო ფეხბურთს ჯერჯერობით ვერ აჩვენებს, საკმაოდ ლოგიკურია. ყაზაიშვილის მსგავსად, კიტეიშვილის მთავარი პლუსი გუშინდელ შეხვედრაში დაცვაში თავდაუზოგავი შრომა და ბევრი სირბილი იყო. ბურთთან ერთად თავისი უნარების დემონსტრირების შესაძლებლობა კიტეიშვილს ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ეს უკანასკნელი, როგორც წესი, პასების განაწილებით იყო დაკავებული.

ხვიჩა კვარაცხელია (7.5) - ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე საკმაოდ დიდი წნეხი იყო. აშკარაა, რომ 19 წლის ფეხბურთელმა დაამკვიდრა სტანდარტი, რომელიც არცთუ მარტივი განსახორციელებელია და მისგან ყოველთვის განსაკუთრებულს მოელიან.
როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩამ თავიდანვე ძალიან აქტიურად დაიწყო. რამდენიმე წარმატებული დრიბლინგის შემდეგ ბელარუსთა ერთადერთი შანსი მისი თამაშის წესების დარღვევით გაჩერება გამოდგა. მიუხედავად ამისა, მე-7 წუთზე მოპოვებული თერთმეტმეტრიანის მთავარი განმაპირობებელი სწორედ კვარაცხელია გამოდგა.

ყველაფერთან ერთად, უნდა ვთქვათ, რომ "რუბინის" ფეხბურთელი მისთვის არადამახასიათებელი მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, თუმცა საკმაოდ პროდუქტიულად. აღსანიშნავია მისი გარჯა იმ შემთხვევებშიც, როდესაც ბურთს ბელარუსი ფლობდა.

თორნიკე ოქრიაშვილი (8) (საუკეთესო მოთამაშე) - ვლადიმირ ვაისმა ე.წ. ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თორნიკე ოქრიაშვილის კანდიდატურა მოიწონა და ნომინალური ფორვარდის გარეშე თამაში არჩია. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს, უდავოდ, კარგი გადაწყვეტილება იყო. ოქრიაშვილმა არა მხოლოდ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, არამედ მთელი შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.
მატჩის პირველ მეოთხედში, თორნიკეს საოცარი პრესინგის წყალობით, მეტოქეთა ცენტრალურ მცველებს ბურთი, პრაქტიკულად, ვერ ამოჰქონდათ. ყველაფერთან ერთად, ოქრიაშვილმა თავი წარმატებული დრიბლინგებითაც გამოიჩინა და მეტოქეთა მცველებს დიდი პრობლემები შეუქმნა.

ვალერიან გვილია (7) - "ლეგიას" ფეხბურთელი მატჩში 65-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად ჩაერთო. იმ დროის განმავლობაში, რაც მან მოედანზე გაატარა, ვერ ვიტყვით, რომ აქტიური იყო, რადგან უმეტესწილად უბურთოდ თამაში მოუწია. მიუხედავად ამისა, მან ხატკევიჩის კარის მიმართულებით ერთხელ ძალიან სახიფათოდ დაარტყა და საბოლოო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ლევან შენგელია, ჯიმი ტაბიძე, გიორგი ქვილითაია, საბა ლობჟანიძე - შეფასების გარეშე.

აღნიშნულ მოთამაშეთა შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მოედანზე გამოსვლა ტემპის დაგდებასთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვათ, რომ არასრულ 15 წუთში მინი-შეცდომების დაშვება ფეხბურთელებმა მოასწრეს, თუმცა არა იმ მასშტაბის, რაც ეროვნულ ნაკრებს უპირატესობის შენარჩუნებაში ხელს შეუშლიდა.

ვლადიმირ ვაისი (8) - საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე თქვა ფრაზა - მთავარი მოგება იყოო და მოიგო კიდეც. ვლადიმირმა გუნდს პრაგმატული ფეხბურთი ათამაშა და ვერ ვიტყვით, რომ ბელარუსებს ბევრი შანსი ჰქონდათ. მაკედონიასთანაც ასე ვითამაშოთ და მოვიგოთ!

მოამზადა გიორგი მრელაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაკვეტა და კვარა თუ გვიშველის მაკედონიასთან, თორე სხვა რესურსი ჩვენ არ გაგვაჩნია, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, ფსიქოლოგიურად მომზადებაა საჭირო, პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ბოლო თამაშს, ასეთი შანსები ალბათ სხვა დროს აღარ გვექნება, თან თბილისში ვთამაშობთ, თან ცოტა წინაც თუ გავიხედებით ჯგუფი, სადაც უნდა მოვხვდეთ ერთ-ერთი უსუსტესია. კანკავა ნამდვილი კაპიტანი და გუნდის ლიდერია და მაგალითია ყველასათვის თუ როგორ უნდა ითამაშო 90 წუთი.
don gio
10 ოქტომბერი 2020 11:28
0
ყველას თავისებური ხედვა აქვს და მათ შორის მეც.ოქრიაშვილის ყველაზე მაღალი შეფასება კი გადამეტებულად მიმაჩნია.ერთი რამ ცალსახაა,ნაკრების თამაშში ჩანს სათამაშო დისციპლინა,რაც უდავოდ ვაისის დამსახურებაა.
ruslani
10 ოქტომბერი 2020 10:15
0
რა ოქრიაშვილი კაი რა, ჯერ რამდენი პასი დააგვიანა მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი გვყავს გუნდში ხვიჩა და ამას დაამტკიცებს მაკედონიასთან
ბეღურა
10 ოქტომბერი 2020 09:09
0
ეს მისი აზრია ვის რამდენს დაუწერს, არც მე ვეთანხმები. საუკეთესოდ კი ოქრიაშვილის დასახელება?! ალბათ პენალტი რომ გაიტანა იმიტომ. ძალიან ბევრი წუნი ჰქონდა და სისწრაფეც დაკარგული აქვს.დანარჩენები ფორმაში არიან და მეტი შეთამაშება სჭირდებათ, კარგი მწვრთნელის ხელში საშუალოზე ცოტა მაღალი დონის გუნდი დადგება. აგერ ნახავთ თუ არა.
emigranti
10 ოქტომბერი 2020 00:13
3
მე ალბათ რაღაცა სხვას ვუყურე.თუმცა ჩემს ტელევიზორშიც საქართველომ ბელორუსს 1:0 მოუგო.ყაზაიშვილმა ყველა ორთაბრძოლა წააგო ბელორუსებთან.ოქრიაშვილმა ვერც ერთი პირველი ბურთი ვერ მოიგო.ერთად ერთმა კაკაბაძემ ითამაშა მოულოდნელად გამართულად.ასეთი თამაშით მაკედონიასთან ძალიან გაგვიჭირდება.
ნუკრი
09 ოქტომბერი 2020 20:51
7
გეთანხმებით, ოქრიაშვილმა ვერც ერთი ბურთი მიიღო სულ თამაშგარეში იყო აშკარად აგვიანებდა და ა.შ. საერთოდ ასეთ მაღალ შეფასებას გუნდი არ იმსახურებდა.
gia
10 ოქტომბერი 2020 08:26
0
ასეთი დონის თამაშით,მაკედონიასთან ძაააააააააააააააალიან გაგვიჭირდება. დიდი შანსი გაგვიჩნდება,თუ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ორივე ჯანმრთელები იქნებიან. უფალო გადმოგვხედე!
დ.დ.
09 ოქტომბერი 2020 19:25
3
ოქრიაშვილი ერთ-ერთი სუსტთაგანი იყო ჩემის აზრით. შემტევებიდან საოცრად არავის უთამაშია, საყრდენებს და დაცვას არაუშავდა. 40 - 60 შანსები მაკედონიასთან ( თუ ჩაკვეტაძე ვერ მომჯობინდა).
ბურთის ბაბუ
09 ოქტომბერი 2020 18:44
21
ჩემი აზრით ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელის შეფასება მომატებულია.ყველა ფეხბურთელმა ითამაშა დისციპლინირებულად დაცვაში და არამარტო ამ თამაშში. სამივე თამაშის განმავლობაში მხოლოდ 2-3 რეალური მომენტი შევაქმნევინეთ მეტოქეებს. ეს ძალიან კარგი შედეგია. ჩვენები კარგად ფლობენ ბურთს და ზონებსაც ვაკონტროლებთ. თანაც სამივეში პირველ ნომრად ვითამაშეთ. მაგრამ...ცუდად ვთამაშობთ შეტევაში. აშკარად გვაკლდა ჩაკვეტაძე. ზოგადად გამთამაშებელი ამ ეტაპზე არ გვყავს. იმედია უახლოეს ორ თამაში ჩვენები უფრო გაიხსნებიან. მოგება და ფრე ამ ორ თამაში ძალიან კარგი შედეგი იქნება. წარმატებები ბიჭებს...
merabi-1960
09 ოქტომბერი 2020 18:17
1
მესმის გახარებულები ვართ,მაგრამ რა შეფასებები გაქვს ვერ გავიგე
ალბად რადიო ტრანსლაციას უსმენდიი??
სსჯწწჯ
09 ოქტომბერი 2020 17:59
1

სიახლეები პოპულარული