საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
მინდა ვცდებოდე მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ცუდი არჩევანია.
1. სამწვრთნელო გამოცდილება ძალიან მწირი აქვს;
2. რაც აქვს ისიც საკლუბო. სანაკრებო არ აქვს საერთოდ;
3. არანაირი წარმატება არსად;
4. ოთხი წელი უმუშევარია, ვინაიდან არამოთხოვნადია, ასისტენტადაც კი.
ამდენ ხანს არჩევდნენ და უკეთესი ვერაფერი იპოვეს, დავიჯერო? არ არის ლაპარაკი უმაღლესი დონის მწვრთნელზე, უბრალოდ ელემენტარული გამოცდილების მქონე საშუალო დონის მწვრთნელის პოვნა შეუძლებელი რატომ იყო? ეტყობა ამ ნიშნით არ ეძებდნენ. ისეთ ადამიანს ეძებდნენ ვინც მათ გამოადგებათ და არა ნაკრებს. გამგები გაიგებს. სანამ ფედერაციაში არ მოვა პატიოსანი, საქმიანი და მცოდნე ხალხი, საშველი არ იქნება.


არტ
15 თებერვალი 2021 22:03
23
ყველა კითხვა ლოგიკურია და ეჭვიც. და ეს ამდენი ანლაიქი ვინც მიეცით ნეტა რა არ მოგეწონათ.
გიორგი
16 თებერვალი 2021 18:59
1
პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაქვთ ? ჩვენზე უნდა ისწავლოს მწვრთნელობა. გულშემატკივრებმა რა დავაშავეთ.
gaga
15 თებერვალი 2021 22:03
17
კეთილი იყოს შენი მობრძანება საფეხბურთო ჯოჯოხეთში,რას ერჩოდი საკუთარ თავს ბიძიკო,ბავარიაში კაი მცველი იყავი მახსოვხარ....მოკლედ მოთმინებას და გამძლეობას გისურვებ..და კიდევ ერთს გისურვებ როცა საქართველოს ნაკრებიდან წახვალ (როცა იქნება მომავალში)შენი ფასი ერთი ასად გაზრდილიყოს ამ საფეხბურთო ჯოჯოხეთში მიღწეული შედეგების გამო..ღმერთმა ხელი მოგიმართოს
ნიკანდრო
15 თებერვალი 2021 22:03
0
სად იპოვეს ამბავია
engadi
15 თებერვალი 2021 22:00
10
რა უბედურება გჭირთ? რას ამთხვევთ საზიზღრობებს? ჩემი აზრით მშვენიერი კანდიდატურაა. სხვა საკითხია რას მიაღწევს. რა თქმა უნდა გაუჭირდება კარგი შედეგის დადება. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი. წარმატებები ვილის, საქართველოს ნაკრებს.
alexandre
15 თებერვალი 2021 21:41
7
არა მგონია სერიოზულმა მწვრთნელმა თუ ძალიან დიდი ჰონორარი არ შესთავაზეს რაც ჩვენთან გამორიცხულია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ისურვოს. სანიოლს რა აქვს დასაკარგი? არსად მუშაობდა ბოლო წლებში და თუ მან წარმატებას მიაღწია მისი კარიერისთვის მაგარია. ვნახოთ რას იზამს ვილი, წარმატებები ვუსურვოთ, ამ შესარჩევში შედეგებს არავინ თხოვს. ნაკრებში მთავარია სწორი სელექცია შეძლოს და მარტო კვარას იმედზე ნუ იქნება კიდეც, იმედია ნაკრები უფრო დალაგებულ ფეხბურთს ითამაშებს.
zaza
15 თებერვალი 2021 21:34
1
ნუ ავჩქარდებით, დაიწყებს მუშაობას და ვნახავთ, როგორ მოერგება ჩვენს დოღს. თუ გამოიყენებს კვარას, ჩაკვეს და ჩვენს მენტალიტეტს გაუგებს ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. მაგრამ ყველაფერს მაინც დრო გვაჩვენებს. არ მინდა ისევ პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩეთ.
თემო
15 თებერვალი 2021 21:05
2
ამასაც გააქცევენ თუ არადა დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა :DDD
გეგი
15 თებერვალი 2021 20:56
20
მოლაპარაკების დროს მაგიდაზე დაუდეს კომპრომატები და თვალცრემლიანმა ვილიმ აკანკალებული ხელით მოაწერა ხელი და თან ფიქრობდა: მორჩა, დასრულდა ჩემი ცხოვრება!

ისე ამაზე ცუდს რას იზამს - ჯგუფს მოგების გარეშე დაასრულებს?
ზორბეგი
15 თებერვალი 2021 20:48
22
კარგზე ვიფიქროთ უფლის წყალობით მჯერა წარმატების
Giorgi
15 თებერვალი 2021 20:46
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული