"კვარაცხელია 120კმ/სთ სიჩქარით დარბის; სანიოლი გვეუბნება, შეუტიეთო!" - ინტერვიუ გურამ კაშიასთან

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი გურამ კაშია გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ამ სამი თამაშის ჩატარების შემდეგ ამბიცია გაგვიჩნდა, რომ ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამი თამაში სახლში გვაქვს დარჩენილი, ალბათ, მაყურებელიც იქნება და ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უპირატესობაა.

სახლში საბერძნეთს და შვედეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, მე-2 ადგილზე გასვლის ამბიცია გვაქვს.

ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მეტად ცენტრფორვარდის პოზიციაზე გვიჭირს. ხშირად ვთამაშობთ გრძელ პასებზე და ფორვარდებს 3 მცველთან უწევთ ჭიდილი.

ეგ პოზიცია ნაკრებში ძალიან
რთული სათამაშოა. ვცდილობთ, რომ მათ თამაშის განმავლობაში 3-4 მომენტი შევუქმნათ.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პოზიციას, დაცვას... მე და ლაშა დვალი უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან კარგი ბიჭია, შეცდომებს თითქმის არ უშვებს, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და გამოცდილება მიიღო.

ხოჭოლავა უნდა ვახსენოთ, რომელიც კოვიდის გამო დაგვაკლდა და მუდმივად ევროსარბიელზე ასპარეზობს.

საბა კვირკველია წლებია რუსეთშია და ყოველთვის მაღალ დონეზე ირჯება; ასევე, მამუკა კობახიძესაც და გია გრიგალავასაც შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში.

ფლანგის მცველებმა ძალიან დიდი ენერგია მოგვცეს და ბურთის ატანაში გვეხმარებოდნენ. გიორბელიძემ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი და ორთაბრძოლებს თითქმის არ აგებდა. მასაც და ჩაბრაძესაც ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდათ.

ჩვენი ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი ძალიან თავისუფალი და ღია ადამიანია. ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და დაელაპარაკო.

ძალიან მცირე დრო გვქონდა მოსამზადებლად და ამ მოკლე დროშიც კი მოახერხა გადმოეცა ის ყოველივე, რაც მოედანზე უნდა გაგვეკეთებინა.

ზურა ხიზანიშვილი ძალიან ეხმარება. ეტყობოდა, რომ მისი დამსახურებით ყველა ფეხბურთელი შესწავლილი ჰყავდა და კარგი სელექცია იყო ჩატარებული.

სანიოლს ძალიან უყვარს დისციპლინა. ყველამ აუცილებლად უნდა შეასრულოს მისი დავალება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორი ამხანაგური მატჩის წინ მის ფილოსოფიას უფრო კარგად გავიგებთ და ერთმანეთს უფრო შევეწყობით.

ის, ვაისისგან განსხვავებით, თამამი ფეხბურთის თამაშს და შეტევას გვთხოვს. უნდა, რომ ბურთით ვითამაშოთ და უბურთოთ ძალიან აგრესიულები ვიყოთ. პლუს, ძალიან უყვარს, როდესაც გუნდში სწრაფი ფეხბურთელები არიან და რაც შეიძლება მეტი კონტრშეტევა უნდა გააკეთო.

მწვრთნელი უშუალოდ დააკვირდება ჩვენს ჩემპიონატს და საქართველოში იცხოვრებს, რაც ძალიან კარგია. ნათამაშები მაქვს ევროპაში და ვიტყვი, რომ ჩვენ მათთან შედარებით ძალიან დაბალ დონეზე არ ვართ. რა თქმა უნდა, ფიზიკურ მომზადებაში უდიდესი სხვაობაა, მაგრამ საერთო ჯამში, დონეში დიდი სხვაობა არაა.

კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა და მაგარი ბიჭია. იწყება თამაში და 120კმ/სთ სიჩქარით დარბის. რომ გაიზრდება, ალბათ, ამას დააბალანსებს", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაიო? შვედეთს და საბერძნეთს სახლში უნდა მოვუგოთო? კოსოვოის რა უშვები? სამი თამაშიდან 1 ქულა გაქვთ. თუ მეშლება, გამისწორეთ. ამათ რა გონიათ, მთავარია სურვილი და ყველაფერი ახდება?
პირველ ნომრად თამაში რომ გიჭირთ, მე უნდა შეგახსენო? კიდევ კარგი, ბოლო ბოლო მიხვდით რომ ცენტრი არ გყავთ და გრძელი პასებით თამაში ქვილითაიაზე, ტყუილად ბურთის დაკარგვაა. ის ბიჭი 120-ით რომ დარბის, მაგარია, მარა თუ ბურთი ვერ მიეცი და სივრცე არ შეუქმენი დაამტვრევენ.
Hoda
17:49 09-04-2021
71
შენ დამიფარე ძლევად მეც დაძლევა მე სატანისა.
ფარავდეს ხვიჩას ღმერთი-ტრავმებისგან, ინსტაგრამებიდან, ბაია პატარაიასგან... ირდენისანის დაბალანსებიდან
გოგი
17:00 09-04-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული