"თუკი შანსს მივიღებ, ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას ვეცდები..." - ინტერვიუ ნაკრების დებიუტანტებთან

AutoSharing Option
ვილი სანიოლი დებიუტანტებსა და ეროვნული ლიგის მოთამაშეებს თამამად რომ ენდობა, ეს ფრანგი სპეციალისტის პირველივე, მარტის თამაშებზე გამოჩნდა. სექტემბრის შეხვედრებისთვის დასახელებულმა შემადგენლობამ მოლოდინს გადააჭარბა.

საქართველოს ნაკრებში 5 დებიუტანტია, რომელთაგანაც ლეგიონერი მხოლოდ ერთია - "ვოლფსბერგერის" მცველი ლუკა ლოჩოშვილი; 4-დან ერთი თბილისის, დანარჩენები კი ბათუმის "დინამოს" წარმოადგენენ - საბა ხვადაგიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი ფანცულაია.

კონფერენს ლიგაზე საკმაოდ კარგად მოთამაშე ბათუმელებს ეროვნულ ნაკრებში გამოცდილი წევრი ჯაბა ჯიღაური ჰყავთ; გრიგოლ ჩაბრაძემ, ირაკლი აზაროვმა და მეკარე ლაზარე კუპატაძემ კი გუნდთან ადაპტირება იოლად მოახერხეს.
მათ დებიუტანტ თანაგუნდელებს ამ ფაქტორის იმედიც აქვთ.

სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის "დინამო")
:

"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ლიგიდან ნაკრებში ფეხბურთელების მიწვევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ჩემს პოზიციაზე (ნახევარდაცვაში) იმხელა კონკურენციაა, გამოძახება მაინც სიურპრიზია და ძალიან გახარებული ვარ.

რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ევროტურნირებზე წარმატებით ასპარეზობა "დინამოს" ფეხბურთელების თამამად მიწვევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. ეს ის დონეა, რომელიც ეროვნული ნაკრებებისას, გარკვეულწილად, უტოლდება...

ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურია და შეუძლია ნაკრებს თავისი განსაკუთრებული უნარები შესძინოს. მთავარია, მწვრთნელისგან რა კონკრეტულ დავალებებს მიიღებს.

როცა ეროვნული ნაკრების წევრი ხარ, ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა იყო. თუკი შანსს მივიღებ, ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას ვეცდები!"

ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმის "დინამო")
:

"ნაკრებში დებიუტის შესაძლებლობა რომ მეძლევა, პირველ რიგში, ღმერთის მადლობელი ვარ და შემდეგ ყველა და ყველაფერი დანარჩენის, რამაც ამ ფაქტს ხელი შეუწყო.

ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების შერჩევისას სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებს და სანიოლს აქცენტი მხოლოდ ჩემ მიერ სტანდარტულების შესრულებაზე არ გაუკეთებია...

Sportall.Ge

ეროვნული ლიგის ფეხბურთელებზე დაყრდნობა სამწვრთნელო შტაბის შემდეგ იმ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც შანსი გამოიყენეს და ეს ნდობა გაამართლეს. მათ რიგებში ბათუმის "დინამოს" მოთამაშეებიც არიან".

საბა ხვადაგიანი (თბილისის "დინამო")
:

"გამოძახების შემდეგ, ემოციური ფონი ნამდვილად მაღალია. 18 წლის მოთამაშისთვის ამ დონის თანაგუნდელებთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება და ამავდროულად, პასუხისმგებლობაა.

ეროვნულ ნაკრებში მიწვევამ, პირველ რიგში, გამოცდილება უნდა შემძინოს, რომელიც საქართველოში გასამართ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ძალიან დიდ სამსახურს გამიწევს. ამავდროულად, მოტივაცია და დასახული მიზნისკენ სწრაფვა უნდა გამიორმაგოს...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი გოლებიდან გიორგი ჩაკვეტაძის ყაზახეთის ნაკრებისთვის და ხვიჩა კვარაცხელიას ესპანელთა კარში გამოვარჩევდი. ჩემთვის ეს ეპიზოდები განსაკუთრებით ემოციური იყო".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ორ ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება. 8 სექტემბერს ამხანაგური მატჩია: ბულგარეთი - საქართველო.

altსაქართველოს ნაკრები - კონკურენცია და პრობლემური პოზიციები

altვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა



მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია, რომ საქართველოს პირველობიდან იწვევენ ნაკრებში... ეს მკვეთრად გაზრდის ჩვენი ჩემპიონატის დონეს და მოტივაციას...
tngh
18:08 25-08-2021
0
ბათუმის სამივე კარგი ბიჭებია.ხვადაგიანს არ დავკვირვებივარ.იმედია ყველა გაამართლებს
Levani
14:47 25-08-2021
0

სიახლეები პოპულარული