შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდა კოსოვოსთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვლის კარგი თამაში, თუმცა ვინც ამ ფეხბურთელს იცნობს, არც არაფერი გააკვირვებდა. სწრაფია, მონდომებული, ემოციური, ენერგიული, აქვს ლიდერის თვისებები და ამბიციურია. კიევის "დინამოში" მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ უსამართლოდ მოექცა და ისევ იჯარით გაუშვა. შესაძლოა, ზოგიერთი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს.
წიტაიშვილს ყველასთვის დასამტკიცებელი აქვს - უკრაინაშიც და საქართველოშიც, ამიტომ თავს არ დაზოგავს. მით უმეტეს თავისი ბუნებიდან და სპორტული ჟინიდან გამომდინარე. გააჩნია დიდი პოტენციალი და ხშირად არ გაუმართლა, ტრავმები მიიღო, მაგრამ მებრძოლია და
სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდება "ჯვაროსნებს. ეჭვიც არ გვეპარება, გიო უკეთეს გუნდში კიდევ უკეთესად გაირჯება. ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ახალი სისხლი აუცილებელია, გაახალგაზრდავება და სრულად გარდასახვა - სტრატეგიულად და თვისობრივად.
წიტაიშვილისთვის ნაკრებში დებიუტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ზოგიერთი წაგება უფრო ტრიუმფალურია, ვიდრე მოგება" - მიშელ დე მონტელის ციტატაა.
გვჯერა, გიოს ენთუზიაზმი, ბრძოლისუნარიანობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია ნიჭი, კარიერაში, როგორც საკლუბოში, ასევე სანაკრებოში, წარმატებას მოუტანს. ის ხომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.