შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.
რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.
ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.
8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.
მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.
5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.
ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)
ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)
ახლა აღარ მოგწონთ სანიოლი ხოოოო... ესპანეთის შემდეგ იბდღვნიდით სასწაული კაციაო, ეს არ არის გულშემატკივრობა,როცა იგებენ ბიჭები მაშინ რომ მაგრები არიან,წააგებენ და ლანძღავთ,ესეთები ხართ ჩვეულებრივი მედროვეები, ესეთებით არის სავსე პარლამენტიც და მაგიტომაც ვართ იქ სადაც ვართ,არანაერი გამხნევება და გვერდში დგომა,მე როცა რაღაც არ გამომდის როცა მიჭირს მაშინ მჭირდება გვერდში დგომა, აბა მე თვითონ რომ გამომდის ყველაფერი ბოდიში და რა ჩემს ... მჭირდება ვინმე. კაცი გაჭირვებაში იცნობა, სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ცოტა კაცია