გიორგი ლორია (5.5) - "ანორთოსისის" კიპერი შაბათის მატჩში ნაკლებად დამაჯერებელი იყო - ჯერ ბურთი მეტოქეს ჩააბარა, თუმცა მაშინ გადავრჩით. ბერძნებმა არჩათვლილი გოლი ლორიას ცუდად მოგერიებულის შემდეგ გაიტანეს.
გიორგიმ ერთ ეპიზოდში ბურთი კარის ხაზის მიღმა მდგომმა დააფიქსირა. სტუმრები ითხოვდნენ, რომ ხაზი ბურთმაც გადაკვეთა, თუმცა ასე არ ყოფილა.
მეკარეს გაშვებულ გოლებში ვერაფრით დავადანაშაულებთ. გარდა ამისა, რამდენიმე სეივი ჰქონდა.
ოთარ კაკაბაძე (5.0) - საქართველოს ნაკრების ფლანგები მთელი თამაშის განმავლობაში ნაკლებად აქტიურობდნენ და
საუკეთესო ფორმაში მყოფი კაკაბაძე ასეთი პასიური არ იქნებოდა. შეხვედრის ბოლოს კი მისი შეცდომა გოლად დაგვიჯდა.
დავით ხოჭოლავა (6.0) - ცენტრალური დაცვა გაცილებით დამაჯერებელი იყო, ვიდრე სექტემბრის შეხვედრებში. ხოჭოლავა ბევრს იბრძოდა - სახიფათო ზონიდან ბურთი 7-ჯერ გამოიტანა, ზუსტ პასებში (92%), დაცვიდან ამოსვლის კომპონენტშიც კარგად გამოიყურებოდა.
ლაშა დვალი (6.0) - დიდხნიანი უქმობის მიუხედავად, "ფერენცვაროშის" მცველს სანიოლი მაინც დაეყრდნო და იმედები არ გაცრუებია. იმ ფონზე, როცა დაცვაზე დიდი დატვირთვა იყო, ის ამოცანას კარგად უმკლავდებოდა. ისე ჩანს, ლაშა ამ პოზიციაზე სტაბილურად ითამაშებს.
გურამ გიობელიძე (5.0) - თუ როგორ ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს ფეხბურთელზე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ, "დრეზდენის" ფლანგელი ამის კარგი მაგალითია. გურამი ვერ იყო დამაჯერებელი, რასაც შეხვედრის მიწურულს საბედისწერო თერთმეტმეტრიანიც დაემატა.
გიორგი აბურჯანია (5.5) - სამწუხაროა, რომ გიორგის პორტუგალიაში ცოტა დრო ეძლევა. ბერძნების მოძრავ და ამავდროულად, ხისტ ცენტრთან მას უჭირდა. იყო პერიოდები, როცა ბურთი საერთოდ არ გვქონდა, ვერ ვინარჩუნებდით.
ჯაბა კანკავა (5.5) - კაპიტანმა ნაკრებში საიუბილეო (მე-100) შეხვედრა ჩაატარა. მას, გარკვეულწილად, ასაკის კვალი მაინც ეტყობა - რამდენჯერმე ბურთი ვერ ჩაჭრა, ხოლო მოწინააღმდეგეებს საყრდენი ზონიდან დარტყმის საშუალებას აძლევდა.
საბა ლობჟანიძე (6.0) - ეს ის თამაში არ იყო, რასაც "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა შეგვაჩვია. საბას მონდომება არ აკლდა, თუმცა ძველებურად ვერც დაცვას ეხმარებოდა და შეტევაშიც ბევრი ვერაფერი გააწყო.
თითქოს იკვეთებოდა, რომ მის ნაცვლად შეხვედრაში გიორგი წიტაიშვილი უნდა ჩართულიყო, თუმცა სანიოლმა ასე არ გადაწყვიტა.
გიორგი ჩაკვეტაძე (5.5) - "გენტის" ფეხბურთელმა ეპიზოდურად დაგვანახა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს - ერთხელაც მოწინააღმდეგეებს თავბრუ დაახვია და ჯარიმით შეაჩერეს. ერთხელ მახვილგონივრული პასი გააკეთა.
მაშინ, როცა ძველი ჩაკვეტაძე გვახსოვს, ამით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. გიორგის ართმევის ნაწილშიც ბევრი სამუშაო აქვს.
ხვიჩა კვარაცხელია (6.0) - "რუბინის" გარემარბმა თამასა იმხელაზე ასწია, თუნდაც ბერძნებთან სალონიკურ შეხვედრაში, რომ მისგან ცოტა პასიურობასაც ვერ ვეგუებით.
ხვიჩას მიმართ სტუმრებს სულ შიში ჰქონდათ და ფრანგი მთავარი მწვრთნელიც ავანსად ბოლომდე ენდო. კვარაცხელიას თამაშის გამწვავება უჭირდა ანდაც პასიურად, სტატიკურ პოზიციაში ცდილობდა, მეტოქე ჩამოეტოვებინა. მის ანგარიშზე 4 დრიბლინგი იყო. ხვიჩა ართმევის ნაწილშიც გამორჩეულია, რაც სათავეს ახალ შეტევას უწყობს, ახლა კი არც ეს გამოუვიდა.
გიორგი მიქაუტაძე (5.0) - გიორგიმ ფეხბურთის თამაში და გოლების გატანა იცის, მაგრამ მას ამისთვის შესაბამისი სიტუაცია უნდა შეექმნას. საქართველოს ნაკრები ცდილობს, ფონს ჩაწოდებებით გავიდეს, რაც მიქაუტაძის სტილისა და აღნაგობის ფორვარდისთვის შეუფერებელია - მას ტანმაღალ მცველებთან უწევდა ბრძოლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის გარდა, ბურთსაც კარგავდა და საკუთარ თავს არ ჰგავდა.
თორნიკე ოქრიაშვილი (6.0) - შეცვლაზე შესული თორნიკე, ტრადიციულად, შესამჩნევი იყო და ბოლომდე იბრძოდა, თავი არ დაუზოგავს, თანაგუნდელებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა. მისი მონდომება მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა.
ვაკო გვილია (5.5) - მას საკლუბო პერიოდი ცუდი არ აქვს, თუმცა ნაკრებში პროდუქტიულობა აკლია. მოტივირების პრობლემა მას ნამდვილად არ აქვს.
გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი - მათ იმდენად ცოტა დრო დაეთმოთ, შეფასება რთულია.
ვილი სანიოლი (5.0) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, სექტემბრის მატჩებისგან ბევრი ვერაფერი ისწავლა. ფაქტია, გუნდი რეგრესის გზაზეა, ის კი ახალს ვერაფერს გვთავაზობს.
სანიოლმა შემადგენლობა თითქოს სწორად შეარჩია, თუმცა, როცა თამაში მთლიანად დავკარგეთ, მასში ჩარევა ვერ მოახერხა. გაუგებარია, ცვლილებები უფრო თამამად რატომ არ გაკეთდა. როგორც ჩანს, ნულოვანი ფრე მისთვის მაინც მისაღები იყო, საბოლოოდ კი არც ეგ გამოვიდა.
ისე ჩანს, ვილის სამწვრთნელო დუელში უჭირს. მოწინააღმდეგეთა დამრიგებლები ჩვენს გუნდს უკეთ სწავლობენ, ვიდრე პირიქით.
ფრანგმა გახსნილად ისაუბრა პრობლემებზე, რაც ისედაც არახალია - ჩვენს ფეხბურთელებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, ლიდერისა და ნიჭიერის სტატუსი რომ გაამართლონ.
რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან?! - ვეძებთ მიზეზებს "ევროპულად"...