"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში გუშინ ნორვეგიასთან წაგებას გადაურჩა. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, შესაძლოა და ალბათ, სუბიექტური. ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამ მგონია, კამათისას უფრო ნერვებს ვიშლით, რამეთუ როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა ან რწმენაშია, ძნელია გადაარწმუნო და ამად არ ღირს. მით უმეტეს, ჩვენში ყველა ჩინებულად ერკვევა ორ „რამეში“ - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. უბრალოდ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მოგახსენებთ ყოველგვარი შელამაზებისა და გადაპრანჭული ფრაზების გარეშე, მარტივ ენაზე.
მეც ყველა თქვენგანის მოსაზრებას სიამოვნებით გავეცნობი, პატივისცემით მოვეკიდები და თხოვნა მექნება, ერთმანეთის მიმართ მეტად დელიკატურები ვიყოთ.

მახსოვს, 1994 შემოდგომაზე როგორი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან სახლში 0:1 დავმარცხდით. შეხვედრის წინ გაზეთ "11X11"-ში წერილიც გამოვაქვეყნე - „როგორია ჩვენი შანსები?“ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ყოველ ციკლს იმედგაცრუება მოჰქონდა, ჯერ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელთა ინდეფერენტულობის გამო, შემდეგ ნიჭიერი თაობაც აღარ გვყავდა და მარცხი „ჯვაროსნების“ წესად იქცა. გადის დრო და მაინც ჯიუტად გამოუსწორებელ ოპტიმისტებად ვრჩებით, ყოველ ჯერზე ვიწყებთ საუბარს მირაჟულ შანსებზე, რასაც კვლავ იმედგაცრუება მოჰყვება და ასე გრძელდება უსასრულოდ. დიდ ტურნირებზე მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს, ერთა ლიგიდან იქ უკანა შესასვლელი კარიდან მოხვედრის შესაძლებლობაც მოგვცა უეფამ, მაგრამ ჯერ ამ ძღვენით ვერა და ვერ ვისარგებლეთ.

და 40 წლის შემდეგ (ათვლას იქიდან ვიწყებ, როდესაც დავით ყიფიანმა თამაშს თავი დაანება) ხვიჩა კვარაცხელიას სახით ქართულ ფეხბურთში კვლავ გამოჩნდა არაორდინარული ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი გაგვიჩინა. რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყვნენ ჩინებული მოთამაშეები, თუმცა ასეთი კლასისა და შემართების მქონენი - არა. ეგაა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და საფეხბურთო გაზაფხულიც ვერ დაგვიდგა. საკმარისი აღმოჩნდა, კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ეთამაშა, რომ თბილისში დავმარცხდით და ისევ ვერ გავაღწიეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.

კვლავ დაიწყო ახალი ციკლი, მორიგი იმედებით აღსავსე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამასობაში ევროშესარჩევმაც აიღო სტარტი და საინტერესო გახლდათ იმის ნახვა, სინამდვილეში რანი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია, რამეთუ ერთია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ძლევა და სრულიად სხვა კონტინენტის ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად ჭიდილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 2:0 მოუგო, თუმცა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ლოკალური გამარჯვება იყო, ვინაიდან სისტემურში გადასასვლელად საკმარისი საკადრო რესურსი არ გაგვაჩნია. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი (უპირველეს ყოვლისა, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ნაკრები დაბალანსებული არაა, ანუ არ გვყავს 11 სრულფასოვანი მოთამაშე, რომლებიც იმ შრომატევადი სამუშაოს შესრულებას მოახერხებენ, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ნამატჩევს ილაპარაკა. მთელ რიგ პოზიციებზე საშინელი ჩავარდნაა. როგორც ამბობენ - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. ნორდებთან საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვა არ ჰყავდა. უბრალოდ არ ჰყავდა. ეს ფაქტია. ბურთს ვერავინ იჭერდა, ტემპს ვერ არეგულირებდა, თამაშს ვერ წარმართავდა, გადაცემებს ვერ აკეთებდნენ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ბურთის მისაღებად ღრმად უკან უწევდათ ჩასვლა და ა.შ.

Sportall.Ge

საერთოდაც, შეუიარაღებელი თვალითაც იმდენი ხარვეზი დავინახეთ, ამაზე მსჯელობას აზრიც არ აქვს. უნდა დაეყენებინა თუ რა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია - დრიბლინგში, კარში დარტყმაში, შავი სამუშაოს შესრულებაში - ტექნიკა და ბურთის ფლობის უნარი არ დაუკარგავს და არ მგონია, სხვაზე ნაკლებად სასარგებლო ყოფილიყო. „სლოვანში“ მის რამდენიმე მატჩს ყურადღებით ვუყურე, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა ჯერჯერობით ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მასზე კარგი ფეხბურთელი ელემენტარულად არ გვყავს.

არ მიყვარს მწვრთნელების კრიტიკა და მათ საქმეში ჩარევა, ისინი შეკრებაზე უკეთ ხედავენ, ვის რა შეუძლია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგიითა და ენთუზიაზმით ახალი სისხლის შემოტანა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც არ დაიჩაგრებიან. ამ დროს სწორედ „ფიზიკა“ წარმოადგენდა ნორვეგიასთან პრობლემას, როდესაც თითქმის ყველა პირველ ბურთსა და ორთაბრძოლას ვაგებდით, რაც არცაა გასაკვირი და ისევ და ისევ საკადრო პრობლემასთან მივდივართ. ასევე ძირითადში თამაშს იმსახურებს გამოცდილი საბა ლობჟანიძეც.

ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისი ამბობდა, ნახეთ, როგორ კლუბებში არიან ქართველი ფეხბურთელებიო. სამწუხაროდ, ბევრი იმ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და როდესაც სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქეებს ვუპირისპირდებით, რომლებიც ტოპ 5 ლიგის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება - ისინი გაცილებით გამართულად თამაშობენ, დისციპლინირებულად, გადაწყვეტილებებს დროზე იღებენ, სწრაფად გადაადგილდებიან, ცარიელ პოზიციაზე იხსნებიან, ლამის ყველა კომპონენტში გვჯაბნიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმუმ ერთი სრულფასოვანი საბრძოლო თერთმეტეული არ გვეყოლება.

თორემ, ნორვეგია რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ეს მეორე ნახევარში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მწვავედ შეუტია; არც ესპანეთი აღარაა ძველებურად გრანდი და გალიდერებულ შოტლანდიას მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ გრანდთა გრანდს. თითქოს მათ დონეზე გასასვლელად სულ ცოტა გვაკლია, მაგრამ არავინ იცის, განსხვავება „ამ ცოტაში“ რამდენ ხანში აღმოიფხვრება და ნუ ვეძებთ მუდამ დამნაშავეს მწვრთნელში. დიახ, მან გუშინ შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, მზადაა კი საქართველოს ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად? მგონია, ჯერ არა. იქნება ცალკეული გამარჯვებები, ღმერთმა ინებოს და შეიძლება ერთა ლიგიდან ევროპირველობაზეც გავიდეთ, მაგრამ თვისობრივი ნახტომის განხორციელება შეუძლებელია, სანამ მწვრთნელის განკარგულებაში სრულფასოვანი თერთმეტეული არ იქნება, ხოლო იქამდე ხანდახან მივაღწევთ  წარმატებებს, რაც სამომავლოდ იმედის დაუსრულებელ საფუძველს არ მოგვიშლის.

ამიტომ, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. საბედნიეროდ, გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს კლუბებში გადასვლის პერსპექტივები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო დიდ მიზნებზე ოცნება. ოცნება, რომელიც მარტო ოცნება კი არ იქნება, არამედ რეალობაში გადაიზრდება და უკვე კონკრეტული, მაღალი ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 90 /
არ გვყვავს მაღალი დონის ფეხბურთელები და რატომ ითხოვთ, რომ ნაკრებმა მაღალ,შესაფერისს დონეზე ითამაშოს?
როლანდ
20:22 31-03-2023
0
მოდი არ ვისაუბროთ ენის მოჩლექით, ეს თამაში ჩააგდო სანიოლმა ყველა ასპექტში. ეს მასზე ბევრად მაგარ ტრენერებსაც მოსვლიათ. თავისსავე დანერგილ სქემას 3-4-2-1 სქემას გადაუხვია და დააყენა 5 მცველი მკაცრად ხაზზე, 3 ნახევარმცველი და კვარა- მიქაუტაძე წინ. მოწინააღმდეგეს ხვდებოდნენ უმეტესად საკუთარ ნახევარზე. ეხლა იმის თქმა რომ სანიოლმა ჩვენზე უკეთ იცის ფეხბურთი, არ ნიშნავს იმას რომ შეცდომებს არ დაუშვებს.რამ გამოიწვია მისი ეს გადაწყვეტილება ამაზე არათუ უნდა ვისაუბეოთ, არამედ უამრავი გადაცემა და განხილვა უნდა მოეწყოს.30 წუთის შემდეგ არათუ მაყურებლების აბსოლუტური უმრავლესობა, არამედ რჩებოდა განცდა რომ თავად სანიოლიც გრძნობდა თავისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კატასტროფას, მაგრამ აღიარება უჭირდა. როგორც კი შეიცვალა ფლანგები და გადაეწყო 4-4-2 ზე მაშინ დავიწყეთ ფეხბურთის თამაში. ამის დანახვას არ სჭირდება სანიოლის დონეზე ფეხბურთის ცოდნა.თამაშის შემფასებელი საბოლოო ჯამში მაყურებწლია.რაც შეეხება პათოსს, რომ არ გვყავს დონის ფეხბურთელები და მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს, აბსოლუტურად არ ვეთანხმები. მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯუნტოლიმ კვარა რუბინის სკამზე აღმოაჩინა, ან მთლად ბათუმის დინამოში? ჩემი აზრით გადამწყვეტი ესპანეთთან და შვედეთთან მისი თამაში იყო.ისლანდიას და თავისდროზე ლატვიასაც კი რა, უკეთესი თაობა ყავდა ვინემ ეხლა ჩვენ? წინა თაობას მართლაც ქონდა მენტალური პრობლემები, რაც ამ ახალგაზრდებს არ ახასიათებს. გამართული მიდგომით ამ თაობას ნაღდად შეუძლია ფეხბურთის თამაში და მოდით ჯოხს მათზე ნუ გადავტეხავთ, მაშინ როცა ამას არ იმსახურებენ! ეს ჩავარდნა სამწვრთნელო შტაბის სინდისზეა და ამაზე უნდა ისაუბეონ პირველ რიგში მათ და ჩვენც, გულშემატკივრებმაც.
ამატაკი
00:44 31-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული