სად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

AutoSharing Option
ბევრს იქნებ მარტივად მიაჩნია, ესპანეთის ნაკრებთან ასეთი განადგურების (1:7) შემდეგ, დაწერო - ყველას ხაზს გადაუსვამ და მიწასთან გაასწორებ. ასე სულაც არაა, ჩვენც გვაქვს ემოციები და გარდა ამისა, სასურველი არაა, ჯოხი კონკრეტულ ადამიანებს გადაატეხო და ვითარება ღრმად არ შეაფასო.

სიტუაცია მატჩამდე...

ვილი სანიოლის გუნდში ბოლო დროს რომ პრობლემებმა იმატა, ამას აქამდეც ვწერდით. ამიტომაც იყო, ბევრისთვის მოულოდნელად, შოტლანდიაში (0:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ რომ აღვნიშნეთ - "წვიმას ნურაფერს დავაბრალებთ". ზოგჯერ დამატებით ფაქტორებზე აპელირება მხოლოდ საკუთარი პრობლემებიდან გაქცევასა და არაღიარებას ნიშნავს. როგორ უპასუხა ფრანგმა
მთავარმა მწვრთნელმა ამ პრობლემებს სექტემბრის მატჩების წინ? - სანახევროდ. მათი დიდი ნაწილი, ვინც აშკარად კარიერულ რეგრესს განიცდიან, კვლავ გუნდში მიიწვია, თუმცა განაცხადში ახალი სახეებიც შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ შესაძლო რევოლუციურ ცვლილებებს აშკარად პესიმისტური თვალით შევხვდით.

სხვა მხვრივაც, ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის როლი და მნიშვნელოვანი სიახლის კვალი ვერ შევნიშნეთ. გასაგებია მათი სიძლიერე, თუმცა ესპანეთის ნაკრებს ორი წლის წინ თბილისში ბევრად მეტი წინააღმდეგობა გავუწიეთ. მალე ნორვეგიასთან დაპირისპირებაა, ამ მოცემულობით კი საქართველოს ნაკრები სექტემბერს მოუმზადებელი შეხვდა.

შემადგენლობა

ბევრი კი ვეცადეთ, სავარაუდო შემადგენლობის დროს მაქსიმალური მოწოდება ყოფილიყო, განაცხდაში მყოფ ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეღოთ, რაც არ მომხდარა.
სანიოლმა შეცვლა სათამაშო სქემა. თეორიულად, ის მთავარ ბრძოლას მინდვრის ცენტრში ელოდა და ფეხბურთელთა რაოდენობა იქ გაზარდა, თუმცა ამან მეტოქის ზეწოლა ვერ შეამცირა, დაცვაში კი მეტი სივრცე დავტოვეთ, რის გამოც მამარდაშვილის კართან ნამდვილი შტურმი მივიღეთ, გაუთავებელი იერიშები და ჩაწოდებები.

სანიოლს თავის დროს 3-მცველიანი ტაქტიკა დავუფასეთ, ამით ჩვენი ფლანგელები დაცვასა და შეტევაში თამაშს უკეთ აბალანსებდნენ, ახლა კი სწორედ ეს არ იყო, რამაც პრობლემები შექმნა. მაგალითად, გიორგი გოჩოლეიშვილის ძალიან სუსტი თამაში იქნებ მაშინ თავიდან აგვერიდებინა, თუკი სხვა ტაქტიკური სქემა გვექნებოდა.

ესპანელებს მინდვრის ცენტრში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, როდრის თამაშის სტილს და დამაჯერებლობას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. აქ ნამდვილად იყო შემთხვევა, როცა უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ გვქონდა. მაგალითად, ლუკა გაგნიძეს თავი არ დაუზოგავს, ყოველთვის ცდილობდა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიეღო, მაგრამ ის მართლაც სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა იმ ფონზე, როცა ბოლო დროს მოსკოვის "დინამოშიც" ცოტას თამაშობს. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება სხვა დონეზე მიეცეს. არ გვინდა ისე გამოვიდეს, ცოტა სხვა შემადგენლობით გამარჯვების შანსი გვექნებოდა, ეს ვარაუდები და დაშვებებია, თუმცა ახალი სახეები ვერც მინდვრის შუაში ვიხილეთ, თუნდაც, გიორგი ქოჩორაშვილი.

მწვრთნელის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა საბა ლობჟანიძის სასტარტოში დაყენება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშისა და სიტუაციის მიუხედავად, შეხვედრაში კარგად ვერც ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო.

და, მთავარი - მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჯერ ახლა იწყებს, საბა საზონოვი ჩვენი ნაკრების დაცვის ცენტრში თამაშს უკვე იმსახურებს და ესეც კიდევ ერთი შეცდომა შემადგენლობის შერჩევაში. ის, რომ გიორგი გველესიანს შანსი არ მიეცა, აქამდეც აღვნიშნეთ.

Sportall.Ge

სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, შემდეგ კი ჩავარდნილი პერიოდი იყო. მაშინ ფრანგი ცოტა "აჭრილიც" კი მოგვეჩვენა, განსაკუთრებით ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, სადაც უცნაურად გადახალისებული შემადგებლობა ვიხილეთ. ამას წაუგებელი სერია და ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა მოჰყვა.

"ერთა ლიგა" ჩვენთვის იდეალური ტურნირი გამოდგა, მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის ნაკრებებთან წარმატებას მივაღწიეთ და ეს ცუდ სამსახურს იმაში გვიწევს, გუნდის რეალური დონის განსაზღვრა გვიჭირს, შემდეგ კი ამბიციები გვეძალება. ვილის, თითქოს, ფანტაზია ამოეწურა და მას სამწვრთნელო გამოცდილებაც არ აქვს, მისი დახმარებით მანევრირება შეძლოს. აპელირება კვლავ "ერთა ლიგიდან" მოპოვებულ პლეი-ოფზეა. ასე იყო ვაისის დროსაც, მანამდე ყველაფერი "გავატარეთ", ფინალის მოგების და ევროპირველობაზე გასვლის შანსი გვაქვსო.

სანიოლი მაინც ნაკლებად გვიცნობს. საქართველოს ნაკრები სულ ასეთი გუნდი იყო, ფსიქოლოგიაზე დიდად დამოკიდებული. ახლა მოკლე დროში მათი ამ ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლა იმავე მწვრთნელის მხრიდან რთული ამბავი იქნება. კი ბატონო, შორს არაა 12 სექტემბერი და დაველოდოთ, იქნებ სასწაული ხდება, თუმცა ბევრი მწვრთნელი პარასკევის საღამოს გადადგებოდა. საქმე მხოლოდ ერთ მარცხში არაა, ეს უფრო სიტუაციის ლოგიკურ და არასასურველ ფინალს ჰგავს, რომლის დასრულება რაც უფრო გაიწელება, მიწაზე უფრო დაენარცხები, შემდეგ კი წამოდგომა ორმაგად გაჭირდება...

ფეხბურთელები

ვსაუბრობთ ზოგად პროგრესზე, უკეთეს კლუბებში მყოფ ჩვენებურებზე, მაგრამ თავს იქნებ სწორედ აქ ვიტყუებთ. ჯერ ერთი, გუნდური ელემენტებია მთავარი და წარმატებას ეს განსაზღვრავს, ამავდროულად კი რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესით ყველაფერს ვერ შეცვლი. უმეტეს შემთხვევაში, საქმე დაბალი დონის ჩემპიონატებთან გვაქვს, მერე რა, რომ საუდის არაბეთსა და აშშ-ში რონალდო და მესი არიან, მერე რა რომ ხანდახან ავსტრიაშიც გაგვაქვს, კვიპროსშიც და სლოვაკეთშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ შემადგენლობა ამა თუ იმ ქვეყნის დონის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, ასეთი პერიოდები გვქონია და მას თავისი უარყოფითი აქვს.

ესპანეთთან მატჩის სტარტიდანვე იგრძნობოდა, რომ წარმატების რწმენა არ არსებობდა, ორბურთიანი ჩანორჩენის შემდეგ კი ვერცერთი ჩვენებურის სახეზე კარგს ვერაფერს ამოიკითხავდი.

Sportall.Ge

ვეტერანები

მხოლოდ ესპანეთის ნაკრების მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, მათ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა თუნდაც მხოლოდ ძველი დამსახურების გამო, ნაკრების განაცხადში რამოსი, ბუსკეტსი თუ ალბა ახლაც რომ იყვნენ, ამის გამო ქვეყანას არავის შეყრის. ვხედავთ, როდის ასრულებენ სანაკრებო კარიერას. ზოგჯერ ამ პროცესს რაც უფრო გაწელავ, კრიტიკა და წარსულში განცდილი ემოციების განელება იმატებს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ჟურნალისტებსაც უჭირთ, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. უჭირდათ ბრაზილიაშიც, გერმანიასთან განადგურების შემდეგაც. ამას სჭირდება ცოტა გამბედაობა, ამავდროულად, ტაქტი.

არც ისაა სასურველი, კონკრეტული გვარები ჩამოვწეროთ, თუმცა არც რაღაც ზოგადი და აბსტრაქტული საუბარიცაა გამართლებული. საქართველოს ნაკრებშიც უკვე მეკარის ჩანაცვლებაც მოხდა, რომლებიც ყველაზე დიდხანს თამაშობენ და ლოგიკურად, ეს ხაზი ახლა დაცვაში უნდა გაგრძელდეს. შუა შესარჩევში ამის გაკეთებას მიზანშეწონილად არ ჩავთვლიდით, ჯგუფიდან გასვლის შანსები რომ შენარჩუნებული გვქონდეს. ამავდროულად, ყაზახეთის ნაკრებთან ოპტიმალურ შემადგენლობაზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ, იქ უკვე შეცდომები აღარ გვეპატიება. არც ისე უნდა გამოჩნდეს, ყველა უბედურებას, რაც ესპანეთის ნაკრებისგან მივიღეთ, მხოლოდ კაშია-კვირკველიას დუეტს ავკიდოთ, როცა რგოლებს შორის ამხელა წყვეტაა და შენს საჯარიმოში ასე ცხელა, შეცდომების დაშვების ალბათობაც მეტია და დაჩაგვრისაც.


კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიაზე ნამდვილად ცალკე უნდა ვისაუბროთ, რადგან მის მიმართ მოლოდინი ძალიანაა გაზრდილი. ისევ იქედან უნდა დავიწყოთ, რომ მხოლოდ ინდივიდუალიზმით დიდი წარმატებები არ მოდის, თანაც, ახლა "კვარა" იდეალურ ფორმაში არაა. ჩვენი გუნდის ზოგადი დონისა და თამაშიდან გამომდინარე, მას იმ დრომდე, სანამ ანგარიშში ჩამორჩენა ძალიან გაიზარდებოდა, ჩვენ ლიდერს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ხვიჩა თანაგუნდელებს მუდმივად ესაუბრება, ამშვიდებს, რჩევებს აძლევეს, ახალისებს, ის ამ მხვრივაც გაზრდილია. 

ცოტა სხვა მოცემულობაში, კვარაცხელიასგან კიდევ უფრო მეტს ვნახავდით. ესპანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ის კუთხეში მიემწყვდიათ და ამ დროს "ნაპოლის" ფეხბურთელის გრძელ პასებს, რომელიც გაცილებით თავისუფალი თანაგუნდელებისკენ მიდიოდა, შესაბამისი გაგრძელება არ ჰქონდა...

იმედია, ამ შოკიდან ყველანი გამოვალთ, მანამდე კი კარგად უნდა განვსაზღვროთ, თუ რაა ჩვენთვის მთავარი. გვახსოვს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიას ტაქტიკით უკმაყოფილო ვიყავით, ახლა თითქოს ის განცდა იყო, რომ არაფრის დათმობას ვაპირებდით და კატასტროფულად დავამთავრეთ. ზოგჯერ მართლაც შედეგზე თამაში გვჭირდება, იშვიათად, მაგრამ "ღირსეული წაგებაც" არაა ცუდი, უფრო მთავარი კი მწვრთნელის ხედვა და მრავალფეროვნებაა, რაც ასე ვერ დავინახეთ!..

altისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

altსანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

მკითხველის კომენტარები / 81 /
რაგბი რატომ განვითარდა ჩვენთან? იმიტომ, რომ სულიერად და ფიზიკურად ძლიერ ბავშვებს ირჩევენ სელექციონერები.
ქ. გ.
09 სექტემბერი 2023 18:27
1
ფეხბურთში ხო აყვავდით და ეხლა რაგბის ნაკრები ყვავის ავსტრალიასთან. თავისმომჭრელად აგებენ
G
09 სექტემბერი 2023 20:51
10
ძალიან ფრთხილად ეხება მწვრთნელის როლს ამ სტატიის ავტორი,არც მწვადი და არც შამფურის ვარიანტს უფრო ჰგავს ეს ანალიზი.სინამდვილეში კი ყველაფრის თავი და თავი სანიოლის გამოუცდელობა დანარაპროფესიონალიზმია,როგორც მწვრთნელის.სწორედ არასწორი ტაქტიკის გამო მთელმა გუნდმა ცუდად ითამაშა.მუდმივი ექსპერიმენტები ძირითად შემადგენლობაში შეუთამაშებლობას უწყობს ხელს და გუნდიც არეულია.გეუბნებით მერამდენედ,სანიოლი დაბნეულია და არ იცის რა გააკეთოს.გუნდს მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობოდა გუშინ.იქიტ იქით უარესი იქნება,თუ პროფესიონალი მწვრთნელი არ მოვიყვანეთ.მგონია რომ კობიასვილმა ბოდიში მაინც უნდა მოიხადოს იმ შეცდომისთვის,რაც სანიოლის მოყვანით დაუშვა.
მირო
09 სექტემბერი 2023 18:17
1
ქართული ფილმში ფეოლა ამბობს, ეხლა სხვა დონეზე გადიხართ და სხვა მწვრთნელი გჭირდებათო, დიდებული ნათქვამია, ჩვენს შემთხვევაში მწვრთნელსაც და ფედერაციასაც ეხებათ, სტადიონების გახსნას რა უნდა ყველა მოახერხებს, შედეგი უნდა დადო მთავარი.
თენგო
09 სექტემბერი 2023 18:12
1
ბოდიში და არავითარი პასუხისმგებლობა რა ლოგიკაა? თუ ცუდად ითამაშე ძალით. უნდა წახვიდე თუ მეტი არ შეგიძლია იგივე უნდა ქნა უნდა წახვიდე ნაკრები კი არა უბნის გუნდშიც ბოლომდე უნდა დაიხარჯო აღიარებას რა ფასი აქ ქმედება თუ არ მოყვება მე მაქ თავმოყვარეობა და აღარ მინდა მეათასე შანსი მოგცე მესამე ტურის მერე რეალურად დამთავრდა 10 ტურიანი საკვალიფიკაციო ჩვენთვის გადახედეთ ლუქსემბურგს შოტლანდიას მანჩესტერის მოთამაშეს რას ნიშნავს მისთვის ნაკრები როგორ არის ტიპი ბომბარდირი როცა მანიუში არც ეძლევა წუთები და არც არადროს გაუტანია ამდენი და მითუმეტეს ასე ცოტა თამასში მარა მისთვის ნაკრები სხვა დონეა საკუთარ თავს ახტება იმიტო რო ასეთია მისი გენი სულ არ აინტერესებს მეტოქის ტიტულები მოედანზე ყველა თანაბარია მისთვის და კი აქვთ შედეგი
ნოდო
09 სექტემბერი 2023 17:52
0
7-1-ზე, ესპანელმა მოედნის ცენტრში ჩვენი ფეხბურთელი ხელით დაიჭირა და ყვითელი ბარათი მიიღო, ნეტა რატომ, რა აუცილებლობა იყო? სანამ ამას ვერ გაიგებენ, ჩვენები, მანამდე ასე ჩასვრილები და დაპანღურებულები ვიქნებით.
goga
09 სექტემბერი 2023 17:03
0
მსოფლიო დონის მწვრთნელიც კი სასწრაფოდ გადადგება ასეთი კატასტროფული მატჩის შემდეგ
დათო
09 სექტემბერი 2023 18:47
1
ძალიან არ მინდა პლეიოგებს ფსიქოლოგიურად გატეხილები შევხვდეთ... ერთადერთი, მუხტია, რაც შანს გვაძლევს ამ შემადგენლობით რაღაცას მივაღწიოთ, თორე მწვრთნელის ტაქტიკა და ხედვები არც მისი "ქოუჩის" უნარები და არც შემადგენლობის სწორად შერჩევა არ ჩანს ბოლო დიდი ხნის განმავლობაში... მუხტი თუ არ გვექნება ამ შანსსაც გავუშვებთ ხელიდან... კაშიას რაც შეეხება, კაშია ჯერჯერობით საჭიროა ზუსტად მისი გამოცდილების, ლიდერული და კაპიტნის თვისებების გამო, მუხტის მიცემის, დამშვიდების, რაღაცნაირად იმედის ქონა თამაშის დროს, ოღონდ მას 5 მცველიან ტაქტიკაში ცენტრში ორი ახალგაზრდა ჯანიანი მცველი უნდა უბალანსებდეს ვეტერანის მინუსებს და არა საბა კვირკველია რომელიც ფორმის პიკში დიდი ხანია რაც აღარაა. საბას საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი მაქვს, სათადარიგოდ არაა ცუდი არჩევანი, მაგრამ 4 მცველიან ტაქტიკაში, ვეტერან კაშიასთან და ფლანგებზე შემტევ მცველებთან ერთად?? ხო არ ღადაობ??? ან აბურჯანიას ვინ ყავს ასეთი პატრონი რო მსგავსი უუნარო ფეხბურთელი ამდენი წელია ესპანეთში, პორტუგალიაში, თურქეთში და ნაკრებში არის სტაბილურად... მისი მსგავსი კარიერა რომ მექვაბიშვილს ქონოდა, ასჯერ უკეთესი საყრდენი იქნებოდა... ასეთი ნელი, ფაფხურა და უფხო ფეხბურთელი არ მახსებდევა არავინ... ეროვნულ ლიგაში მოიძებნება ათი ფეხბურთელი რომელიც მაგაზე მეტ შეცდომას არ დაუშვებს. რა უბედურებაა რა გჭირთ ხალხო. კვარა კიდე ჯადოქარი არაა, მითუმეტეს ფორმიდან შედარებით ამოვარდნილი და ასეთ თქეშ წვიმაში სადაც 1-2 ად იკლებს მსგავსი სისწრაფეში ტექნიკური ფეხბურთელების პროდუქტიულობა, მითუმეტეს სეზონის ამ ნაწილში, ამდენი გაუგებრობის ფონზე რაც მის გარშემოა... სანიოლის წინააღმდეგი არ ვიყავი ასე მძაფრად, მაგრამ ძალიან მეშინია მეტნაკლებად პოტენციალის მქონე გუნდით კიდევ ერთი ნაჩუქარი შანსი არ გავანიავოთ მის ხელში...
რა მაფიაა?
09 სექტემბერი 2023 16:07
7
სანიოლი მწვრთნელობას ახლა სწავლობს და სავარაუდოდ მას არავინ არაფერს ეკითხება. ხიზანიშვილი კი წარმოადგენს ფედერაციად წოდებულ ფულის საკეთებელ მანქანას.
გიორგი
10 სექტემბერი 2023 18:32
1
სანიოლი რომ პროფესიონალი არა, ჯერ ერთი იქიდან ჩანს,რომ ასეთი წაგების მერე გადადგებოდა (მერე რა ქნას,სად წავიდეს)მეორე ის რომ თავიდან რაღაც გაუმართლა,გუნდებიც ისეთი შეხვდა და იფიქრა ზაგალო ვარო.მერე დაიწყო ფეხბურთელების და ტაქტიკის არასწორი არჩევა და ნელ-ნელა მივედით ამ შედეგამდე.მინდა კიდევ ერთ რაღაცაზე გაამახვილოს ყურადღება,ეს არის თამაშამდე რო წაგებული ხარ უკვე.სახლში ასეთი ჩასვრილი გუნდი დაწყებისთანავე არ მინახია.ჩსუსტვენს თუ არა მსაჯი ყველა უკან გარბის,ე მანდ გოლი არ გაგვიტანონო.....გუნდში უაზრო თანამდებობაზე რომ მოიყვანეთ ახალი მწვრთნელი, იმას ჯობდა კარგი ფსიქოლოგი მოგეყვანათ.და კიდევ,ეს ეხება მთლიანად შტაბს, გაანებეთ იმ ფეხბურთელების გამოძახებას თავი, ვისაც მართლა ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი ფეხბურთისთვის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, უკვე ვეღარ ქაჩავენ.ნუ აგინებინებთ ხალხს მაგათ თავს,სანამ შერჩენიათ კიდევ ხალხის სიყვარული. არ არიან მაგის ღირსი.
კახა ქ.
10 სექტემბერი 2023 07:23
0
კლანი მართავს ყველაფერს! შესაბამისად შედეგს ნუ ველით!
კახა
10 სექტემბერი 2023 13:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული