მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - უკეთესმა გუნდმა, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.
ერთადერთი, ვინც ლუქსემბურგელთაგან წაგება ობიექტურად აღიქვა, მათი მეკარე ანტონი მორისი იყო, რომლის თქმით, მაგრად გადარჩნენ, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.
მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“ - ბურთი მრგვალია, სიტუაცია ხანდახან იცვლება და უკეთესი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება. შეხვედრის წინ წერილში (მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?) ხაზი გავუსვი, რომ უეფა „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლის წინააღმდეგი არ
უნდა იყოს, რამეთუ „წყალქვეშა დინებებს“ აქვს ხოლმე ადგილი და მსაჯს ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია საკამათო ვითარებაში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. ლუქსემბურგის ადგილზე უფრო დიდი გუნდი რომ ყოფილიყო, არაა გამორიცხული, არბიტრს ორი საკვანძო მომენტი სრულიად სხვაგვარად განესაჯა. ვერც მოედავებოდი, ან რომ მოდავებოდი, რას მიაღწევდი? სხვათა შორის, ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა შეხვედრის წინ თქვა, რომ ესპანელი ხოსე სანჩესის ამ მატჩის მსაჯად დანიშვნა ძალიან არ ესიამოვნათ.
ამით ვილი სანიოლის გუნდის გამარჯვებას როდი ვაკნინებ, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ. თორემ როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობის, თავგანწირული ბრძოლის და დამსახურებული გამარჯვების უარყოფა. თუმცა, არის საკადრო პრობლემები და ცხადია, თუნდაც ჯაბა კანკავას დაბრუნება კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ელემენტარულად, სხვა გამოსავალი არ არსებობდა და ეს ფრანგმა სპეციალისტმა ჩინებულად იცოდა, სასტარტოში კი შეტევითი სტრატეგიის არჩევის გამო არ დააყენა, რამაც გაამართლა. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტი ჯიუტია. მუდამ ყველა სახეობაში ყველა მწვრთნელის გადაყენებას ვითხოვთ. რას იზამ, ჩვენში ყველას ჰგონია, რომ ორი რამ საუცხოოდ იცის - სპორტი (განსაკუთრებით, ფეხბურთი) და პოლიტიკა. თამაშის წინ ალექსანდრე ჩივაძემ ბრძანა, რომ შემადგენლობის და ტაქტიკის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა და მის საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუმცა რატომღაც ბევრს ფეხბურთში ჩივაძეზე უფრო კომპეტენტურად მიაჩნია თავი.
რაც შეეხება წუნს, როგორც კი მეტოქე მეორე ტაიმში შეტევაზე გადმოვიდა, მაშინვე გამოჩნდა სუსტი მხარე, რასაც გაცილებით უფრო ძლიერი საბერძნეთი არ გვაპატიებს. ელადელებს აქამდე ცხრაჯერ შევხვდით და ვერც ერთხელ ვერ ვძლიეთ, დღეს ყაზახეთიც გაანადგურეს, თუმცა მთლად ისეთი ძლიერებიც არ არიან, როგორც ერთი შეხედვით მოჩანდა - უბრალოდ ყაზახეთის ნაკრები სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ დემორალიზებული გახლდათ და თანაც, ობიექტურად არაა მაღალი კლასის გუნდი. ვფიქრობ, თბილისში მაგარი ბრძოლა გაიმართება, სანიოლი უკვე სულ სხვა სტრატეგიითა და ტაქტიკით ათამაშებს გუნდს და შემადგენლობასაც შეცვლის, რაც დააანონსა კიდეც. თან ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდება და ბუდუ ზივზივაძეც დიდებულ ფორმაშია. მარტო დუბლის შესრულების გამო კი არა, არამედ საერთოდ, რაღაც სხვანაირი ბრძოლის უნარი და გოლის ალღო გააჩნია. აკი აღვნიშნე ადრე, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობია კიდეც.
ლუქსემბურგთან სხვებიც კარგად გაისარჯნენ, მეტადრე, ეს გიორგი ჩაკვეტაძეზე ითქმის, რომელმაც ფიზიკურად ძალიან მოუმატა, ბურთი ყოველთვის წარმატებულად გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე, თამაშს ამწვავებდა და დაცვასაც ჯეროვნად ეხმარებოდა. ასე რომ, საბერძნეთის შიშით გულს ნუ გავიტეხთ, არც მთლად ისეთი გრანდია, ზოგიერთს რომ წარმოუდგენია (გრანდი რომ იყოს, პირდაპირ შესარჩევი ეტაპიდან გავიდოდა ევრო 2024-ზე), ჩვენს გუნდს გამარჯვება და გამხნევება სჭირდება და არა სოციალური ქსელებიდან დაუსრულებელი, სუბიექტური კრიტიკა. შანსები ჩემი აზრით, ნეიტრალურ სტადიონზე 40/60-ზე გვექნებოდა, საკუთარი კედლების ფაქტორის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ, 50/50-ზეა. ბევრი რამ დეტალებსა და ისევ მსაჯობაზე იქნება დამოკიდებული.
დასასრულ, მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. იცვლება უკეთესობისაკენ. ძველ დროში, მახსოვს, სტადიონზე მხოლოდ მზია მებაღიშვილი და კიდევ რამდენიმე ქალი დადიოდა, ახლა ოჯახებით მიდიან სტადიონზე ჩვენი ლამაზი ახალგაზრდები, ეროვნულ ჰიმნს შვილებთან ერთად მღერიან და უნდა გითხრათ, ფეხბურთსა და სპორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი სამშობლოს სიყვარულია, როდესაც მომავალი თაობა პატარაობიდანვე ასეთი გრძნობით, ასეთ ჩინებულ გარემოში დადებითად იმუხტება, ამაზე მშვენიერება არ არსებობს. რა ვქნა, ბოლოსკენ სადღეგრძელოსავით გამომივიდა, მაგრამ რაც მქონდა გულში, უნდა მეთქვა - გაგიმარჯოთ და მუდამ ასეთი გულანთებული პატრიოტები იყავით.
სამშაბათს ისევ გელით სტადიონზე და ისევ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ!
მიმომხილველი
ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა და რა ეღირება
რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან? [PHOTOS]
"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი
"სად არის ისა?" - თოფურიასა და მამარდაშვილის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
როცა ყველაფერი სანიოლის სცენარით მიდის - ხვიჩას დაბრუნება და გადამწყვეტი მატჩი
რაც შეეხება საბერძნეთს,ჩვენზე მაგარი და შეკრული გუნდია,დაბალანსებული და ლოგიკურად,ჩვენზე ძლიერები არიან ამ კუთხით. ჩვენ გვაყავს კვარა და ჩაკვე,ამის იმედზე ვართ და თუ ვინმე გეტყვით სიმართლეს,ის ეგრევე მტერი ხდება. არანაირი საფეხხბურთო საზომი არ არსებობს,რითაც ბერძნებს ვჯობივართ,თუმცა ამბიცია მაინც გვაქვს. ეს არ ნიშნავს რო არ შეიძლება ჩვენ გავიდეთ და ბერძნები ვერა,ჩვენ ვართ გამართლების იმედზე,კვარა მოატყუებს ორ-სამ კაცს და შეაგდებს,რო ვერ მოატყუოს? ამაშია საქმე,არანარი კმბინაციური ფეხბურთი არ გვაქვს და ამით ვერ გავდივართ ფონს,რომელთანაც ერთად,კვარას ყოლა იქნებოდა უპირატესობა. თუმცა ერი ვართ ეგეთი,ერთის კისერზე გვინდა ყველაფრის აკიდება და გუნდურობას არ ვაწვებით,შედეგიც შესაბამისი გვაქვს,მარტო ფეხბურთში კი არა,ყველაფერში ეგრეა. ამიტომაც ჯობია გუნდურობას მივაწვეთ ერი,თუმცა სიმართლის დამალვის ხარჯზე კი არა,სიმართლის თქმით და შეცდმომების გასწორებით გზით.