კვარაცხელია მეორე ტაიმში? - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. საქართველოს ეროვნულ გუნდს ამ სტატუსის სულ ერთი შეხვედრა აქვს და კვირას, 9 ივნისს (22:45 სთ), მონტენეგროს ესტუმრება.

ასეთი ტურნირის წინ მწვრთნელები სიფრთხილეს მიმართავენ, მაგრამ ვილი სანიოლს ახლა ერთადერთი საშუალება აქვს, ფეხბურთელები ტონუსში ჰყავდეს, ახალი ტაქტიკური ელემენტები დახვეწოს და ამავდროულად, უახლოესი რესურსის მომზადების დონე ნახოს. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი ოპტიმალურ თერთმეტეულს მაქსიმალურად დაეყრდნობა, დროს კი ბევრი მიიღებს.

მიქაუტაძე გუნდს ბოლოს შეუერთდა...

Sportall.Ge

სასტარტო შემადგენლობის გამოცნობა ახლა მართლაც რთულია, თუმცა ვეცდებით, ის გარკვეულ
ლოგიკას დავუქვემდებაროთ. ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი შეიძლება ის იყოს, ნაკრებს ვინ როდის შეუერთდა გვიან დასრულებული სეზონისა თუ შორი გზის გამო. მაგალითად, ყველაზე ბოლოს (5 ივნისი) გუნდში გიორგი მიქაუტაძე მივიდა და მას, მაქსიმუმ, მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ მიეცემა.

მონტენეგროს ნაკრები ბელგიასთან (0:2) დამარცხდა და სამწუხაროდ, იმ გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ცოტა ხნის წინ რომ არ ვისურვეთ. მათი საყრდენი ნახევარმცველი უხეშობის გამო გააძევეს. ბურთს, ძირითადად, ბელგიელები აკონტროლებდნენ, ჩვენი მომავალი მეტოქის "მონაპოვარი" კი 20 ხისტი თამაში იყო. იმედია, ჩვენ წინააღმდეგ სხვანაირ ნაკრებს ვიხილავთ და ამაში თავის დადებით როლს მთავარი მსაჯიც შეასრულებს. ამ ფონზე კიდევ უფრო რთულია სანიოლის დილემა, თუ რამდენად მისცეს სათამაშო დრო ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის წინააღმდეგ უხეშობა ისედაც ჩვეულებრივი ამბავია...

მამარდაშვილი ამხანაგურშიც პირველი იქნება?

Sportall.Ge

მეკარე

სავსებით მოსალოდნელია, ჩემპიონატის წინ პირველმა კიპერმა გიორგი მამარდაშვილმა ითამაშოს და არც იმას გამოვრიცხავთ, მეკარეებმა თითო ტაიმი გაცვალონ. საბერძნეთთან გაძევების გამო გიორგი ლორია ევროს პირველ ტურში დისკვალიფიცირებულია და შესაძლოა, ამხანაგურში დრო ლუკა გუგეშაშვილმა მიიღოს.

ცენტრალური მცველები

რადგანაც საბა კვირკველიას ზურგის ტკივილი აწუხებდა და თანაც, ის გუნდს გვიან შეუერთდა, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მონტენეგროსთან მის ალტერნატივას ველით. ასეთი ოთარ კაკაბაძეა, მაგრამ თუ არა ახლა, როდის უნდა მიიღოს სანაკრებო დრო გიორგი გველესიანმა?!

ვვარაუდობთ, კაპიტანი გურამ კაშია სასტარტო შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ჩემპიონატზე აქ ლაშა დვალს თამაში გარანტირებული აქვს, სამწვრთნელო შტაბმა კი ახლა იქნებ მისი მთავარი ალტერნატივის განხილვაზე იფიქროს. ამ ეტაპზე ისე ჩანს, ამის შანსი უფრო ჯიმი ტაბიძეს აქვს, ლუკა ლოჩოშვილი კი მესამე ალტერნატივად და ღრმა თადარიგში უნდა მოვიაზროთ. უფრო მეტს სანიოლის გადაწყვეტილებებით გავიგებთ.

შენგელიამ ბოლოს საბერძნეთთან ითამაშა...

Sportall.Ge

ფლანგები

თუკი სანიოლი მნიშვნელოვან როტაციას გადაწყვეტს, სათამაშო დრო გიორგი გოჩოლეიშვილმაც უნდა მიიღოს. საბა ლობჟანიძეს ძალების აღსადგენად მცირე პერიოდი აქვს. ჩემპიონატზე ფრთაზე კაკაბაძე იქნება, "გოჩოს" კი შეტევაში სიმწვავის შეტანა მუდმივად შეუძლია.

ლევან შენგელიას ფინალში ტრავმის შემდეგ არ უთამაშია. ამიტომ ახლა მისი თამაში მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საინტერესოა, რამდენი წუთისთვისაა მზად. ვინც უნდა დაიწყოს, მისი და გიირგი წიტაიშვილის როტაცია ახლაც უნდა ვნახოთ და ევროს ჯგუფურ ეტაპზეც.

ნახევარდაცვა

გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი საყრდენ ზონაში უალტერნატივონი არიან და მიგვაჩნია, ისინი მონტენეგროსთანაც პირველივე წუთებიდან ითამაშებენ. ამავდროულად, ველით, ნიკა კვეკვესკირმა, როგორც ალბათ უმთავრესმა ალტერნატივამ, ბევრი დრო მიიღოს. გუნდში საკმაოდ ბევრი ცენტრალური ნახევარმცველია, ამხანაგურში კი მათგან უფრო მეტად ანზორ მექვაბიშვილის დატვირთვას ვფიქრობთ.

საბერძნეთთან ფინალის შემდეგ კლუბში ძალიან ცოტა ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ და მას ტონუსში მოსასვლელად ამხანაგური შეხვედრა აუცილებლად სჭირდება. რა თქმა უნდა, 90 წუთით არავინ გამოიყენებს.

ჩაკვეტაძე და კვარაცხელია კარგ ხასიათზე არიან...

Sportall.Ge

შეტევა

ამხანაგურ მატჩში სრულად არც ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. ამ რანგის დაპირისპირებებში სანიოლს "კვარა" უფრო მეორე ტაიმში შემოჰყავს და ამას ახლაც რეალურად მივიჩნევთ, მის ადგილს კი ზურიკო დავითაშვილი დაიკავებს.

მიქაუტაძეზე უკვე გითხარით, ბუდუ ზივზივახესთან კი დროს გიორგი ქვილითაია გადაინაწილებს, ანაც რაღაც პერიოდში არც ორფორვარდიან ტაქტიკას გამოვრიცხავთ.

altრა მოლოდინები და საფრთხეებია საქართველოს ნაკრების მატჩის წინ - ვისი თამაშია მოსალოდნელი და საეჭვო...

მკითხველის კომენტარები / 15 /
ანუ არ არის საჭირო პადკატებში შესრიალება და ყველა ბურთზე ბრძოლა,ფეხებს უნდა გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად.
ესპანეთმაც სავარაუდოდ მაგიტომ წააგო ჩვენთან მაშინ ევროს წინ.
მირჩევნია 0-3 წავაგოთ და ყველა ჯანმრთელად დარჩეს ვიდრე 3-0 მოვიგოთ და ორი ფეხბურთელი დავკარგოთ
Levani
11:57 06-06-2024
0
არა რა მეტოქის შერჩევა ჩვენს ფედერაციას, რომ შეუძლია ტყუილია რა.დდდდდ
Yoko Ono
11:44 06-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული