ბუდუ, კიტეიშვილი და შენგელია? - სავარაუდო შემადგენლობა პორტუგალიასთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. ასეთ დროს მერვედფინალში გასვლის შესახებ მუდმივი ვარაუდები და გამოთვლაა. ფაქტია, უნგრეთის ნაკრების გამარჯვებამ 2 ქულით საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრა გაგვირთულა, თუმცა ამისთვის მაინც თურქეთის ნაკრების ჩეხებთან გამარჯვება გვჭირდებოდა. ეს სიტყვები როგორც უნდა ჟღერდეს, პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებით გავალთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია...

მესამე ტურში შემადგენლობაში ცვლილებები უფრო მეტად ხდება. ამის მიზეზი დისკვალიფიკაცია, ტრავმა, გადაღლილობა თუ ტაქტიკის მკვეთრად შეცვლაა. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებში ჭარბი ყვითელი ბარათების პრობლემა არ დგას. რაც შეეხება იმას, თუ ვინაა
ბოლომდე მზად, რა თქმა უნდა, ამის გარედან ამოცნობა რთულია და სამწვრთნელო შტაბის, რომელიც ამ საქმეში ბოლომდეა ჩართული, დასკვნებს უნდა ვენდოთ. სავარაუდო შემადგენლობაზე მსჯელობა იოლი არაა, იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, ჩვენი ვარაუდები რეალობასთან ყოველთვის ახლოსაა. ახლაც გავრისკავთ და საკუთარი დაკვირვების თუ სანიოლის მხრიდან მოლოდინების ერთმანეთთან დაკავშირებას ვეცდებით.

მეკარე

ჩეხეთთან ბრწყინვალე მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის როგორც თავდაჯერება, ასევე სატრანსფერო ფასმა კიდევ უფრო მოიმატა და ეს დაცვის ხაზსა და მთლიანად გუნდს დადებითად გადაეცემა.

დაცვა

იქიდან გამომდინარე, რომ საბა კვირკველია ევროპის ჩემპიონატს ბოლომდე მზად არ შეხვდა, წინა შეხვედრაში საკმაოდ დაიტვირთა და ჩვენს ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია, ვვარაუდობთ, რომ მის ადგილს გიორგი გველესიანი დაიკავებს. ის ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული და საჰაერო დუელებშიც გამორჩეულია.

კაშია და დვალი საუკეთესო "გამსუფთავებლებს" შორის მოწინავე ადგილზე არიან და იმედია, პორტუგალიის ნაკრების შთამბეჭდავი შეტევის პირობებშიც, დამაჯერებლები იქნებიან.

Sportall.Ge

ნახევარდაცვა

ვილი სანიოლის გუნდს პორტუგალიასთან ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა, პერიოდულად, ტემპის კონტროლის გარეშე წარმატებაზე ფიქრი რთული იქნება. იმედია, გიორგი ქოჩორაშვილმა ძალები სრულად აღიდგინა, მის გვერდით კი ოთარ კიტეიშვილს ვნახავთ.

Sportall.Ge

გვესმის, რას ნიშნავს, როცა გუნდთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვარჯისობ, მაგრამ მისი შესაძლებლობების გვჯერა და თუ სრულად არა, იქნებ გარკვეული დროით თამაში მაინც შეძლოს. ოთოს ბურთთან ურთიერთქმედება და მახვილგონიერება ძალიან დაგვჭირდება.

რაც შეეხება ნახევარდაცვის მესამე წევრს, ამჯერად ძირითადში ისევ გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ვნახოთ.

ფლანგები

განვლილ მატჩებში პირველ ტაიმში ნაკლებად დამაჯერებელი ოთარ კაკაბაძე ვიხილეთ, რომელსაც მეორე 45 წუთში დაღლილობა ნაკლებად ეტყობოდა და პროდუქტიულიც იყო. ოთო ისევ მარჯვნივ იქნება. რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ლევან შენგელიას ჯანმრთელობის პრობლემა აღარ აწუხებს და ის ერთი მატჩის სათამაშოდ მაინც მზად რომ არ იყოს, მაშინ მონტენეგროსთან შეხვედრაში ეს უნდა შეგვემჩნია. შენგელია დაცვით ფაზაში დამაჯერებელია და თავისი ძალები შეტევაშიც უნდა დაგვანახოს.

შეტევა

ხვიჩა კვარაცხელიას როლი ჩვენს გუნდში განვლილ ორივე დაპირისპირებაში დიდი იყო, მაგრამ "კვარას" საუკეთესო შეხვედრა ჯერ კიდევ წინაა. გიორგი მიქაუტაძე 2 გოლით ბომბარდირთა შორისაა, ის ევროზე თავის მაღალ კლასს ავლენს, პორტუგალიელებიც "ჟორჟზე" ბევრს იფიქრებენ, მაგრამ სანიოლის მხრიდან იქნებ ერთგვარი სიურპრიზი იყოს და როგორც იმავე საბერძნეთთან ფინალში, მიქაუტაძე მეორე ტაიმში ვნახოთ, მისი სისხარტით კი მატჩის სცენარი საჩვენოდ შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში სასტარტოში ბუდუ ზივზივაძეს ველით.

Sportall.Ge

მას ჯერ ცოტა დრო მიეცა, რაც დამატებითი მოტივაციაც უნდა გახდეს, როგორც ეს ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაში გამოჩნდა.

26-ში გადამწყვეტი მატჩია, გამარჯვება, საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
მკითხველის კომენტარები / 28 /
გოჩოლეიშვილმა გველი შეგიწვათ? თუ სექტის წევრი არაა? რას ერჩიან მაგ ბიჭს ვერ ვხვდები. სიგუასთვისაც მისაცემია შანსი ჩვენი მომავალია უნდა გამოიყვანოს მეორე ტაიმში აუცილებლად. არაა ეს ის შეხვედრა რომ ვერ ვიოცნებოთ მოგებაზე მითუმეტეს რომ მოტივაცია დაკარგული გუნდია და ლიდერებს ასვენებს.. ფეხებსაც გაუფრთხილდებიან ამიტომ აგრესიული ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ და მორიდებით მეზობლის ბავშვივით არუნდა შევციცინოთ თვალებში იქნებ ერთი გოლი გვაჩოთქო... ღირსეულად უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
roni
15:10 24-06-2024
14
ამ ევროპის შემდეგ ახალი კვალიფიციური მწვრთნელი და ნაკრების გადახალისება უნდა დაიწყოს. პირველ რიგში დაცვის ხაზი. მადლობა კვირკველიას და კაშიას მაგრამ უკვე დროა ნიჭიერი პერსპექტიული ახალგაზრდებით ჩანაცვლება. მადლობა კვეკვესკირს ასევე.
იბრუხ მართალი
15:06 24-06-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული