საქართველოს ნაკრები ახალი მიზნებით! ევროს შემდეგ პირველად - ჩეხეთთან "მიხეილ მესხზე"...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსვლის გამო გულშემატკივართა განსაკუთრებული ემოციები გრძელდება. სიხარულისა და ბედნიერების გაზიარება, თანაც ასე ერთიანად, ფეხბურთს ძალიან უხდება; ამავდოულად, იზრდება დაინტერესებულთა რაოდენობა, ყველასგან კი წესებსა და კანონზიმიერებებში ერთნაირადა და ერთდროულად გაგებას ვერ მოვითხოვთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გულშემატკივართა მოთხოვნილებები გაიზარდა და ისინი მხოლოდ მიღწეულით კმაყოფილებას არასდროს გამოთქვამენ. საქართველოს ნაკრებზე, მწვრთნელის საქმიანობაზე, აუცილებელ სიახლეებზე, წასასვლელ ფეხბურთელებსა თუ გაძლიერების რესურსზე საუბარი ისაა, რაც უახლოეს პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იქნება.

Sportall.Ge

მუნდიალი - შემდეგი ამოცანა

როცა გულშემატკივართა სურვილებზე ვწერთ, მათი მიზანი ახლა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნის მოსმენაა. მიუხედავად იმისა, მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, ევროპას იქ 16 წარმომადგენელი ეყოლება. რადგანაც საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მერვედფინალში იყო, შეიძლება იფიქრო, რომ ესაა მიჯნა, რომელზე გადაბიჯებაც ჩვენს ძალებს არ აღემატება და მსოფლიოს მთავარ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობა სავსებით შესაძლებელია. ამასაც ვისურვებთ, მაგრამ ყველაფრის გამარტივება მაინცდამაინც არ გამოგვადგება.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ევრო 2024-ზე "ერთა ლიგის" დახმარებით მოვხვდით, მსოფლიოზე კი მისი გზით გასვლა იოლი არაა. ტურნირზე მოსახვედრად ბრძოლას "ერთა ლიგის" 4 წარმომადგენელი გააგრძელებს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონშია. თუკი A ლიგის გამარჯვებული ნაკრებები მუნდიალზე შესარჩევი ეტაპიდან გავლენ, მაშინ პლეი-ოფში გასვლის შანსი იმ ჯგუფის გამარჯვებულებს ექნებათ, სადაც ვილი სანიოლის გუნდიც გამოვა. საფეხბურთო ბუღალტერიად წოდებული ამბებით რომ არ დაგღალოთ, "ერთა ლიგის" 4 ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეორეადგილოსნებთან (12 ნაკრები) 4 საგზურს გაითამაშებს. ასე რომ, კლასიკური შესარჩევიდან მსოფლიოზე მოსახვედრად მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილია საჭირო, მეორეზე გასვლის შემთხვევაში კი წინ ორი დაპირისპირებაა (ერთის მასპინძელს შედეგები არკვევს, მეორეს - წილისყრა).

Sportall.Ge

როდის და სად?

მომდევნო "ერთა ლიგაზე" საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები ცნობილია. როგორც ჩეხეთი (ჩვენი დამსახურებით), ასევე უკრაინა და ალბანეთი ევრო 2024-ზე ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ მათთან რთული დაპირისპირებები გველის. "ჯვაროსნები" ერთგვარად ამ ტურნირის ნაკრებად ჩამოყალიბდა და როგორც ევროს პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა, ასევე A დივიზიონში დაწინაურება შეგვიძლია.

ევროპირველობის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები თბილისში 7 სექტემბერს, ჩეხების წინააღმდეგ ჩაატარებს (მოგეხსენებათ, ამხანაგურებისთვის ფანჯარა თითქმის აღარაა). წარმოგვიდგენია, რამხელა ინტერესი იქნება. უეფას საიტის თანახმად, ეს დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, რაც მისი ტევადობიდან გამომდინარე, გასაკვირია. "დინამო არენა" გაცილებით მეტ მსურველს იტევს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გერმანიაში რაც საკუთარი თვალით ვნახეთ, გულშემატკივართა მაღალი კულტურაა - მთავარი დანიშნულების შესასრულებლად ტრიბუნებზე ყოფნა გადამწყვეტი სულაც არაა. ესმით, რომ იქ ყველა ვერ დაეტევა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ტრადიცია, რაც მატჩებისას სხვადასხვა ადგილას, დიდ ეკრანზე, ერთდროულად გულშემატკივრობაა, გაგრძელდეს. ყველაფერი ერთ წერილში ჩაატიო, რთულია, მათ შორის ისიც, რა შეიძლებოდა ორგანიზების კუთხით უკეთ გაგვეკეთებინა, მაგრამ ამაზე საუბრის დროც მოვა...

"ერთა ლიგის" ჯგუფს ნოემბერში ისევ ჩეხებთან სტუმრობით დავასრულებთ. შინ კი 14 ოქტომბერსა (ალბანეთთან ბათუმში, ამ ეტაპზე ასეა) და 16 ნოემბერს (უკრაინა) ვითამაშებთ.

შესარჩევი ეტაპის წილისყრა ამის შემდეგ ჩატარდება. სანიოლის გუნდი მესამე კალათას არ უნდა ჩამოსცდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი მეორეში იქნება და ჯგუფში (4 ან 5-გუნდიანი) ჩვენზე ძლიერ მხოლოდ ერთ ნაკრებს შეხვდება.

Sportall.Ge

სანიოლი

ფაქტია, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ სიმაღლესა და გამოწვევებამდე მიიყვანა, რასაც კიდევ უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. ის შეცდომებსა და ჩაგდებულ მატჩებზე ბევრს სწავლობს - აქამდე ასე იყო. ფრანგი სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატზე რასაც კარგად გაიაზრებდა, წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ტაქტიკური სქემა და მაქსიმალური მრავალფეროვნებაა საჭირო. გარკვეული ცვლილებები თამაშის პროცესშივე მნიშვნელოვანია. გასაგებია, საქართველოს ნაკრების მთავარი უპირატესობა სწრაფ შემტევებსა და კონტრშეტევებშია, მაგრამ რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, დასახული მიზნების მიღწევას მეტი სჭირდება.

სანიოლს მოუწევს დამტკიცება, რომ მისი მეთოდები არ ამოწურულა, მეტოქეებს არ გაუშიფრავთ და სიახლეების სწრაფად დანერგვა კვლავ შეუძლია!.. ლევან კობიაშვილის თქმით, ორივე მხარე მოწადინებულია, წლის ბოლომდე არსებული ხელშეკრულება გახანგძლივდეს...

Sportall.Ge

კონტიგენტი

სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არავის განუცხადებია, თუმცა, გასაგებია, რომ საკადრო სიახლეები იქნება - ამ ეტაპზე ზოგადად ვთქვათ - პირველ რიგში, დაცვის ხაზში. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი სათამაშო პრაქტიკა და ხარისხი ჰქონდეთ. ევრომ ისიც დაგვანახა, რა ფასი აქვს კარგ კლუბსა და ჩემპიონატში გამოსვლას. იმედია, ამ მხრივ ბევრი სასიამოვნო სიახლე გველის.

პროცესი (რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა) დაწყებულია, წინ უფრო მეტია!..

altჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

altდარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

altეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან [VIDEO]

alt"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 59 /
ღვთისავარჩიკ :)
madloba
04 ივლისი 2024 11:18
3
სანიოლმა თავისი ყველაფერი დაამტკიცა... ახლა სხვა მწვრთნელს მიეცით შანსი.
გია
04 ივლისი 2024 11:05
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული