
მზის მხურვალება გარს რომ ავლია,
აი, პირველი, აი, პირველი -
რის სიყვარულიც მე მისწავლია" (გალაკტიონი)
ერთი წელი გავიდა დიდი ზეიმიდან - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა! ესაა დღე, რომელსაც ბევრი საუბარი არ უხდება, კიდევ უნდა შეხვიდე იმ გრძნობების მორევში, მაშინ რომ დაგვუუფლა. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, ყველაფერ ამას ევრო 2024-ზე ღირსეული თამაში და პლეი-ოფში გასვლა რომ მოჰყვა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა: "ყველაფრის გაანალიზება უფრო გვიან

მართლაც, ჩვენ ამ სიხარულისა და სიამაყის განცდას გვიან უკეთ ვიაზრებთ. ახლა უკვე ერთი წუთითაც არ გვინდა წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება ყოფილიყო ევროპის ჩემპიონატზე გასვლის გარეშე...
"საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!" - თქვა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარტინესმა და თითქოს ეს მთელ პერიოდს ეხებოდა - 26 მარტიდან 26 ივნისამდე...
ხვიჩა კვარაცხელია რონალდოს პორტუგალიასთან გადამწყვეტი მოგების შემდეგ, სადაც მანაც გაიტანა: "ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ." ეს ის მენტალობაა, რამაც ამ თაობის ბიჭები აშკარად სხვა მასშტაბის წარმატებამდე მიიყვანა. ზუსტად ასეთი დამოკიდებულებები იყო საჭირო.

ამონარიდი სტატიიდან, რომელიც ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ გამოვაქვეყნეთ:
"რატომ იყო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი? - "კვარას" როლი წინა მატჩებში დიდი იყო, ეს აღვნიშნეთ. ამის მიუხედავად, ლიდერის თავდაჯერებისა და ამ ტურნირისთვის ასე ფართოდ გაზრდილი ქართველი აუდიტორიისთვის ეს შედეგიანი დარტყმა უფრო დიდ საზრისს ატარებდა, ვიდრე მხოლოდ კარის ბადის შეფართხალებაა. ხვიჩა არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე გუნდური პერსპექტივები.
"ჯვაროსნებს" ჰყავს გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაც გუნდში მეტი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა იქნებ ბალანსში იყოს; იმის გააზრებაში, ვის რა ფუნქცია, შესაძლებლობა თუ კომპეტენცია აქვს. გინდა, თან ერთიანობის ასპექტებზე გაამახვილო ყურადღება და თან როგორ არ უნდა გამოჰყო გიორგი მიქაუტაძის მაღალი კლასი, "ჩაკვეს" ყველა ეპიზოდში ბოლომდე დარჩენა, ქოჩორაშვილის ბრძოლისუნარიანობა და ის თვისება, მატჩის შემდეგ წინაზე მომენტის ვერგამოყენებით დამწუხრებულ საბა ლობჟანიძეს განსაკუთრებულად რომ მიულოცა, გურამ კაშიას სრული მობილიზება და ევროსთვის ახალი ძალების მოკრება, "მამარდასგან" წამოსული სრული სიმშვიდე... ამის გაგრძელება კიდევ შეგვიძლია."

დაბოლოს, ევროპის ჩემპიონატის შეფასებებისას ვწერდით - "მერვედფინალში კვლავ საქართველოს ჰიმნის მოსმენა უდიდესი ჟრუანტელის მომგვრელი იყო - ყველა ოცნება ასრულებულია, იმან, რაზეც ბავშვობიდან ბევრი გვიფიქრია, ჩვენ თვალწინ ჩაიარა."