"ყველაფერ ამის შემდეგ გამოვლენ და იტყვიან: საქართველოში რატომ არ რჩებიანო?!"

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისმა ბაჩანა არაბულს ამხანაგური თამაშებისთვის უხმო. "ბალმაზიუვაროშის" ფორვარდი ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება და გოლებიც მრავლად გააქვს.

არაბულთან ერთად, უნგრულ კლუბში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს. საინტერესოა, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ქართველი ლეგიონერები.

ასევე, როგორია უნგრული ფეხბურთის სტილი და რა სხვაობაა საქართველოსთან, როგორც სათამაშო, ისე ფინანსური კუთხით.

Sportall.ge ბაჩანა არაბულს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ მიგდით საქმეები "ბალმაზიუვაროშში"? კლუბის ბოლო 2 შეხვედრაში არ გითამაშიათ. რით არის ეს გამოწვეული?
- "პაკშთან" 21-ე ტურში მივიღე საზარდულის კუნთის ტრავმა... მაგის გამო მომიწია
თასის და ჩემპიონატში "ფერენცვაროშთან" მატჩის გამოტოვება. ახლა კარგად ვარ და "ვიდეოტონთან" ვითამაშებ, სავარაუდოდ, შემდეგ ტურში.

- როგორ დაახასიათებდით უნგრეთის ჩემპიონატს, რა არის პლუსები და მინუსები?
- უნგრეთში პროგრესის გზაზე არიან... დიდი ფული იდება და ცდილობენ, ჩემპიონატი წინ წამოსწიონ. ჩემთვის პირადად, განვითარებისთვის კარგი ადგილია.

უნგრეთში, ძირითადად, ძალისმიერი ფეხბურთია, სისწრაფეებსა და ორთაბრძოლებზე აგებული.

- კლუბში 3 ქართველი იმყოფებით. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- ვცდილობთ, დრო ერთად გავატაროთ, არაფერი განსაკუთრებული... ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში ვართ, მოკლედ რომ ვთქვა.

- 3 ქართველის ფონზე, რა იციან კლუბში ჩვენი ქვეყნის შესახებ?
- კარგი დამოკიდებულება აქვთ, როგორც ჩვენი, ისე საქართველოს მიმართ... რაღაც სიტყვებს სწავლობენ ქართულს... სულ იმაზე ხუმრობენ, როდესაც ქართველები ერთმანეთში ვლაპარაკობთ, რომ ცუდად ისმის სხვისთვის ჩვენი ენა.

- "ბალმაზიუვაროშის" და ზოგადად, უნგრეთის ჩემპიონატის შედეგებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ამ ქვეყანაში გახსნილ ფეხბურთს არ თამაშობენ...

- აქ, ძირითადად, დაცვითი ფეხბურთია. მთავარია კარის მშრალად შენახვა და კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა. უმრავლესობა გუნდებში სწორედ ასეა.

ცუდი იქნება, რომ ამას არ შევეგუო. მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ. დაცვითი ფეხბურთი კი არა, კარში ჩადგომა რომ მოგვიწიოს, უნდა ჩავდგეთ.

- საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამხანაგური მატჩებისთვის გიხმოთ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ნაკრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ასაკობრივში ვთამაშობდი წარმატებით და მინდა ეროვნულის დონეზეც დავამტკიცო, თუ რა შემიძლია. ამისთვის მშვენიერი შანსიც მაქვს...

ეს შეკრება უდავოდ მნიშვნელოვანია, უშუალოდ ფეხბურთელების საქმეში ნახვა შთაბეჭდილებას შეუქმნის სამწვრთნელო შტაბს.

- არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ყოველ გოლს ვინმეს უძღვნიან ან რაიმე სპეციფიკური აღნიშვნა აქვთ. თქვენ თუ გაქვთ რაიმე მსგავსი?
- ზოგადად, ვინმეს მიმართ განსაკუთრებული აღნიშვნა არ მაქვს, მაგრამ არის თამაშები, როცა კონკრეტულად გატანილ გოლს ვინმეს ვუძღვნი.

რაც შეეხება აღნიშვნას, აქაც იმავეს თქმა შემიძლია.

- თქვენი ყოფილი კლუბი "დინამო თბილისი" ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ბოლო პერიოდში კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელები მაინც ტოვებენ. რატომ ხდება ეს?
- ჩემი აზრით, "დინამო" სწორ გზაზეა... მარტო 1-2 კლუბი ვერ შეცვლის სიტუაციას. შეუძლებელია, ამ ეტაპზე საზღვარგარეთიდან შემოთავაზება გქონდეს და უარი თქვა.

ხალხი აკრიტიკებს, თუ რატომ მიდიან არცთუ ისე ძლიერ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი თავის მტერნი არ ვართ? რაც უკეთესია ჩემთვის, იმას ვაკეთებ.

პერსპექტივა მეტია, ფინანსები მეტია, განვითარების შანსი მეტია, პირობები უკეთესია... ამ დროს გამოვლენ და იტყვიან, საქართველოში რატომ არ რჩებიანო?

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი თავის საქმეში ასევე მოიქცეოდა.

- როგორ მიდის ბაჩანა არაბულის განვითარების პროცესი უნგრეთის ჩემპიონატში?
- ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ საქართველოდან წამოვედი. პროგრესსაც ვხედავ და მონდომებულიც ვარ, რომ უფრო უკეთ ვითამაშო და შეძლებისდაგვარად წინ წავიდე.

ვფიქრობ, კარგად მიმდინარეობს ჩემი განვითარების პროცესი... ფეხბურთელისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, რაც ეს არ მაკლია.

- რას აპირებთ სამომავლოდ, აპირებთ თუ არა ზაფხულში გუნდის შეცვლას და გაქვთ თუ არა რაიმე შემოთავაზება?
- შემოთავაზება ზამთარშიც მქონდა, ოღონდ არა ისეთი, ფეხი დავკრა და წავიდე. ვარჩიე, სეზონი "ბალმაზიუვაროშში" ჩამემთავრებინა.

კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაქვს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება.

- როდესაც უნგრეთის ჩემპიონატში მიდიოდით სათამაშოდ, ვინ შემოგთავაზათ ეს ვარიანტი და გქონდათ თუ არა იმ პერიოდში სხვა შემოთავაზებები?
- გოგა გახოკიძის სამენეჯერო კომპანია დამეხმარა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მათ მომცეს შანსი, ჩემი შესაძლებლობები საზღვარგარეთაც მეცადა.

მქონდა სხვა ქვეყნიდანაც შემოთავაზებები, მაგრამ არ ვნანობ, რომ ამ ხალხს მივყევი.

- არის თუ არა ფინანსებში დიდი სხვაობა საქართველოს ჩემპიონატსა და უნგრეთის ჩემპიონატს შორის?
- ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად დიდი სხვაობაა ფინანსებში. კონკრეტულად ჩემს გუნდზე არ ვამბობ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცოტა ფული აქ არის.

მაგალითად, ვიტყვი, რომ საქართველოს საუკეთესო გუნდში რაც საშუალო ხელფასია, აქ 10-ჯერ მეტი აქვთ. ერთ-ერთ გუნდს, რომელიც დარჩენისთვის იბრძვის, 3000 ევრო აქვს პრემია თითო თამაშის მოგებაზე...

საქართველოში კი ჩემპიონი რომ გახდები, მაშინ გაძლევენ მაგ თანხას.

- გიორგი ქვილითაიამ გვითხრა, რომ საქართველოს ჩემპიონატში გატანილი ბევრი გოლი ევროპაში არაფერს ნიშნავს. როგორ იყო ეს თქვენს შემთხვევაში?
- ვერ გეტყვით, რომ ეს არაფერს ნიშნავს... ვერც გიორგი ქვილითაია წავიდოდა "რაპიდში", ბევრი გოლი რომ არ გაეტანა. ვიცი, მან რაც იგულისხმა...

100%-ით ვეთანხმები, რომ ახალ გუნდში ყველაფერი თავიდან გაქვს დასამტკიცებელი. თუ რაიმეს დაამტკიცებ, გათამაშებენ, არადა, შემადგენლობას არავინ გაგაკარებს, რაც უნდა ბევრი გოლი გქონდეს გატანილი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული