ლეგიონის უქმეები: კანკავასა და ხოჭოლავას სადებიუტო გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გოლი ვიხილეთ. სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა დავით ხოჭოლავამ, 5-წლიანი პაუზის შემდეგ საკლუბო დონეზე შეძლო გოლის გატანა ჯაბა კანკავამ, კვლავ გაიტანეს ლუკა ზარანდიამ და გიორგი ქვილითაიამ.

ესპანეთი. ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" "უესკა" 1:0 დაამარცხა. პაპუნაშვილი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა.

ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" "ვალიადოლიდს" 1:0 მოუგო. კაკაბაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესი" "ბრედას" ესტუმრა და 0:1 წააგო. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. "ვიტესი" ბოლო 4 მატჩია ვერ იგებს.

ბელგია. ჟუპილერლიგა.
"გენტმა" ლიდერ "ბრიუგეს" 1:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გიორგი ჩაკვეტაძე 63-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის (90 წთ) "ვიზეუ" შინ ბოლოადგილოსან "რეალს" დაუზავდა - 2:2.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. რეგულარული სეზონის ბოლო ტურმა ჩემპიონობისა და დარჩენისთვის მებრძოლი 8-8 კლუბი გაარკვია. ქართველთა გუნდებიდან საჩემპიონო ბრძოლას მხოლოდ "პლოცკი" და "კორონა" განაგრძობენ. გიორგი მერებაშვილის გარეშე მოთამაშე "პლოცკმა" სტუმრად "იაგელონიას" 3:1 მოუგო. ნიკა კაჭარავას "კორონა" სტუმრად დაუზავდა "შლიონსკს" - 1:1. კაჭარავა მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა.

ლუკა ზარანდიას "არკა" სტუმრად "ლეხიასთან" 2:4 დამარცხდა და რვა საუკეთესოს მიღმა, მე-9 ადგილზე დარჩა. ზარანდიამ შეუცვლელად ითამაშა და მახვილი კუთხიდან გოლიც გაიტანა მე-2 ტაიმში.


ლაშა დვალის (90 წთ) "პოგონი" სტუმრად "ლეგიასთან" დამარცხდა - 0:3, ხოლო ნიკა კვანტალიანის (არ უთამაშია) "ტერმალიცა" სტუმრად 1:1 დაუზავდა "პიასტს".

I დივიზიონი. გუგა ფალავანდიშვილის (90 წთ) "პოდბესკიძიე" შინ "ლენჩნას" დაუზავდა - 0:0.

ავსტრია. ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" შინ "ზანკტ პოლტენს" მოუგო - 2:1. ანგარიში სწორედ ქართველმა ლეგიონერმა გახსნა თავისივე მოპოვებული პენალტით. მან 90 წუთი ითამაშა. ზედიზედ სამი მოგების შემდეგ "რაპიდი" უკვე მესამე ადგილზეა. ეს ქვილითაიას მე-7 გოლია ამ სეზონში. მან უკვე გაიმეორა შარშანდელი, სადებიუტო სეზონის შედეგი.


რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) სკა შინ "ამკართან" 0:2 დამარცხდა. ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" სტუმრად "ზენიტს" 2:1 მოუგო, ტრავმირებული გია გრიგალავას "არსენალმა" კი - ჯიმი ტაბიძის (90 წთ) "უფას" - 2:1. საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" კვლავ პირველ ადგილზეა. გუნდმა "როსტოვს" 1:0 მოუგო, საბამ კი შეუცვლელად ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 7 ბალი დაიმსახურა. ტრავმირებული გიორგი ჭანტურიას "ურალი" სტუმრად "ტოსნოს" 2:2 დაუზავდა. ასევე ტრავმირებული ჯანო ანანიძის "სპარტაკი" სტუმრად 4:1 გაუსწორდა "ანჟის", რომლის რიგებშიც მეკარე გიორგი ლორია სათადარიგო იყო.

დანია. სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის "რანდერსი" სტუმრად "სონდერისკესთან" 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა. მათე ვაწაძეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა, "სილკებორგი" "ორჰუსს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში ითამაშა მეორე ჩვენებურმა, დავით სხირტლაძე მე-80 წუთზე გამოცვალეს.

უკრაინა. პრემიერლიგა. დონეცკის "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ "ვერესთან" უკრაინის პრემიერლიგის მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.

"შახტარმა" "ვერესს" სტუმრად 2:0 სძლია. მეორე გოლი ქართველმა მცველმა მარლოსის პასის შემდეგ გაიტანა. ხოჭოლავამ მატჩი სრულად ჩაატარა.

საფეხბურთო პორტალმა football.ua-მ დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა გამოარჩია და 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

▶ ლამის ორმეტრიანი დავითი - ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურში


"შახტარის" დუბლების შეხვედრაში 0:0 დაფიქსირდა სტუმრად "ოლექსანდრიასთან". ტრავმირებულ გიორგი არაბიძეს არ უთამაშია. ანდრო გიორგაძისა (90 წთ) და სანდრო კობახიძის (68-ე წუთზე შეცვალეს) "ვორსკლამ" შინ მოუგო "მარიუპოლს".

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილია კვლავ ტრავმირებულია, მისი "ლუცერნი" სტუმრად "თუნთან" 0:1 დამარცხდა.

ჩეხეთი. I ლიგა. ირაკლი სიხარულიძის (სათადარიგო) "სლოვაცკო" სტუმრად "კარვინას" დაუზავდა - 0:0.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ, გააფრთხილეს) "ტრნავამ" შინ "სლოვანს" 1:0 მოუგო. გიორგი ბერიძის (სათადარიგო) "ტრენჩინი" შინ "დუნაისკა სტრედასთან" დამარცხდა - 1:3.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა. ქართველთა "ბალმაზივაროში" სტუმრად "ჰონვედთან" დამარცხდა - 0:2. ირაკლი მაისურაძე სასტარტოში იყო და იგი მე-80 წუთზე გამოცვალეს, ხოლო 62-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა თანამემამულე ლაშა შინდაგორიძე შეცვალა. "ბალმაზივაროში" 24 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნა ემუქრება.

შვედეთი. სუპერეტანი. ზურაბ ცისკარიძის (90 წთ) "ესკილსტუნამ" სტუმრად "ფალკენბერგსთან" 0:2 წააგო პირველ ტურში.

ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესიმ" სტუმრად დაამარცხა "კამზა" - 1:0.

ბელორუსი. ვისშაია ლიგა. II ტურში გიორგი ქანთარიას "ნემანი" სტუმრად "სლუცკს" 1:1 ეთამაშა. ქართველმა ლეგიონერმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე.

ლატვია. ვირშლიგა. თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" "ვალმიერა" 4:0 გაანადგურა. რიგის დერბი "რიგასა" და "რიგასს" შორის ამ უკანასკნელმა 2:1 მოიგო. გამარჯვებულთა რიგებში ლაშა შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც ბექა ვაჩიბერაძემ (გააფრთხილეს).

ესტონეთი. პრემიუმლიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორა" 0:0 დაუზავდა "ნარვას".

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. ქართველთა "საბაილი" სტუმრად ლიდერ "ყარაბაღთან" დამარცხდა - 0:1. ნიკა აფაქიძემ შეუცვლელად ითამაშა, თამაზ ცერცვაძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. ქართველთა "ყიზილ-ჟარი" ყარაღანდის "შახტართან" სტუმრად 1:2 დამარცხდა. გოგიტა გოგუამ და გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშეს; ორივე გააფრთხილეს. შოთა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო.

ჯაბა კანკავას გოლმა 68-ე წუთზე "ტობოლს" "ატირაუსთან" 3:2 მოაგებინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. მეორე ტაიმში მის გვერდით უკვე ნიკა კვეკვესკირიც იყო.  ეს კანკავას პირველი ოფიციალური გოლია ყაზახეთში.


ლაშა კასრაძის (90 წთ) "ჟეტისუმ" "კაისარს" 1:0 მოუგო.

უზბეკეთი. სუპერლიგა. გიორგი კვესიეშვილის (სათადარიგო) და ელგუჯა გრიგალაშვილის (66-ე წუთზე გამოცვალეს) "ყიზილქუმი" შინ "ბუნიოდკორთან" დამარცხდა - 0:1. შოთა არველაძის "ფახთაქორი" სტუმრად "ბუხარასთან" დამარცხდა - 0:1. კახა მახარაძის (90 წთ) "ლოკომოტივმა" შინ 1:1 ითამაშა "კოკანდთან".

აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" სტუმრად "ფილადელფიას" 1:1 ეთამაშა. საქართველოს ნაკრების შემტევი 88-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოჭოლავამ აუცილებლად უნდა ითამაშოს ნაკრების ძირითადში,მარცხენა ფრთაზე კაშია თუ გადავა ხოჭოლავა ცენტრში დადგება.შერგელაშვილს ნამდვილად აჯობებს მარცხენა ფრთაზე.ისე ხოჭოლავა არც ნახევარდაცვის ცენტრში არ შეიცხვენს თავს.ეხერხება ამ კაცს შეტევებში ჩართვა!
kaxa
10 აპრილი 2018 13:44
0
გიორგი გადრანზე რატო არ წერთ არაფერს?
ლაშა
10 აპრილი 2018 11:43
0

სიახლეები პოპულარული