გიორგი ხარაიშვილი: შვედეთის ჩემპიონატს ალღო ავუღე

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ახლა შვედეთის "გიოტებორგში" თამაშობს, ბოლო პერიოდია, მინდორს ისე არ ტოვებს, გოლი ან საგოლე გადაცემები არ გააკეთოს.

კლუბის "ფეისბუქგვერდი" ხარაიშვილს "კალმართან" საგარეო მატჩის შემდეგ შეეხმიანა.

- გიორგი, ბოლო მატჩებია მოედანს უგოლოდ არ ტოვებთ, ანაც შედეგიან გადაცემებს აკეთებთ. აუღეთ ალღო შვედეთის პირველობას?
- რაც უკვე გუნდის ძირითადის ფეხბურთელი გავხდი, როგორც "გიოტებორგს", ასევე მეტოქე გუნდებსაც უფრო ახლოს გავეცანი. შეიძლება ითქვას, რომ ალსვენსკას ჩემპიონატს ალღო ავუღე. უკვე რამდენიმე თვეა ამ კლუბის წევრი ვარ და შევეგუე გარემოს, ჩემპიონატს.

- "კალმართან" შეხვედრაში "გიოტებორგმა" თქვენ მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა. გატანილი ბურთი თქვენ და გოლის ავტორმა ორიგინალურად აღნიშნეთ. ვარჯიშობდით?

- საკორიმ თავით მშვენიერი ბურთი გაიტანა, რის შემდეგაც ჩემთან მოირბინა და გოლი ორიგინალურად აღვნიშნეთ. მას დავუმეგობრდი. ვარჯიშების შემდეგ საკორი მასწავლიდა ამ ყოველივეს.

- შვედეთის პირველობაზე გუნდები განსაკუთრებით რაზე ამახვილებენ ყურადღებას?
- ალსვენსკას ჩემპიონატში გუნდების დიდ ნაწილს კონტრშეტევებზე უყვარს თამაში. ასევე ყურადღებას უთმობენ მეორე სართულზე თამაშს. თუმცა, არიან გუნდები, რომლებიც "საბურთალოს" სტილში თამაშობენ და შეტევაზე არიან ორიენტირებულნი.

- გათამაშების ცხრილში "გიოტებორგი" ამ დროისთვის მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება. რითია ეს გამოწვეული?
- სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი კლუბიდან წავიდა, რაც "გიოტებორგის" თამაშის ხარისხსა და შედეგზე მნიშვნელოვნად აისახა, მაგრამ საგანგაშო არაფერია - კლუბი ტრადიციულია, დიდი მიზნები აქვს და მჯერა, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

- როგორია შვედეთში ერთი ჩვეულებრივი დღე გიორგი ხარაიშვილისთვის?
- ძალიან დატვირთული ვარჯიშები გვაქვს, რის შემდეგაც აუცილებლად მჭირდება დასვენება, რათა ძალები აღვიდგინო. თავისუფალ დროს ვცდილობ, დავისვენო საყვარელ ადამიანთან ერთად.

- თქვენს უკვე ყოფილ კლუბზეც შეგეკითხებით, რომელიც მეორე ოჯახია - ბოლნისის "სიონთან" თუ მიადევნეთ მატჩს თვალყური და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- "საბურთალოს" თითქმის ყოველ შეხვედრას ვუყურებ. ძალიან მახარებს თითოეული გამარჯვება. მესამე წრე ახლა განახლდა. გარკვეული პაუზის შემდეგ რთულია სანახაობრივი მატჩის ჩვენება, თუმცა კარგია, რომ კლუბმა მორიგი სამი ქულის მოპოვება შეძლო.

- რას ეტყვით თქვენს მეგობრებს, ყოფილ გუნდელებს?
- არ დასჯერდნენ მიღწეულს და ყოველთვის მეტი გააკეთონ. ეს მათ შეუძლიათ!

- "საბურთალო" გამორჩეულ ფეხბურთელებს ეტაპობრივად ევროპაში უშვებს. ამავდროულად, ეროვნულ პირველობაზეც ანგარიშგასაწევი კლუბია. როგორ ფიქრობთ, ამას რის ხარჯზე ახერხებს?
- "საბურთალოში" პროფესიონალები მუშაობენ. სწორი მენეჯმენტისა და სწორი დაგეგმარების შედეგია. კლუბის ხელმძღვანელებმა იციან ფეხბურთელებთან მიდგომა, ურთიერთობა, ახალგაზრდების სწორ გზაზე დაყენება. მართალია, "საბურთალომ" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ დიდი ნაწილი აკადემიის აღზრდილია. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ გიორგი ჭიაბრიშვილის ფაქტორი - ვფიქრობ, გიორგი დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და "საბურთალო" რომ წარმატებული კლუბია, გასაკვირი არაფერია.

- წლეულს "საბურთალოს" კარგი შანსი აქვს, რომ ევროტურნირის საგზური მოიპოვოს. ალბათ, თავისებურად გული გწყდებათ, რომ ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვერ იქნებით...
- რამდენადაც მახარებს "საბურთალოს" წარმატება, იმდენად გული მწყდება, რომ თავად არ ვმონაწილეობ ამ გამარჯვებებში. ადრე თუ გვიან ეს პროცესი დადგებოდა, რადგან კლუბი ყოველწლიურად აუმჯობესებს შედეგს, თამაშის ხარისხს. ჩვენ ყველამ ერთად ავაშენეთ "საბურთალო". ახლა გუნდი განვითარების ახალ ეტაპზე დგას.

- ბოლოს თქვენს ძმაზეც გკითხავთ - ბექამ რამდენიმე დღის წინ "საბურთალო-2"-ის შემადგენლობაში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა...
- ბექა ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია, რაც სპორტსმენში მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. საკუთარ ძმაზე საუბარი უხერხულია, თუმცა მჯერა, რომ ბევრის მიღწევა შეუძლია და დაამტკიცებს, რომ ის მხოლოდ გიორგი ხარაიშვილის ძმა არ არის.

altლეგიონის უქმეები: ხარაიშვილის გოლი რობენის სტილში [VIDEO]

altგიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]

altგიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altგიორგი ხარაიშვილმა "იორებროს" გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაშა, მაშა აგრე ვიცი ხარაიშვილმა. კი აბა?!
ლევან არონიძე
14:38 07-08-2018
0

სიახლეები პოპულარული