"ზენიტთან" "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ ამას მრავალმა ფაქტორმა შეუშალა ხელი: ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს და ისე ეუხეშებოდნენ, შეიძლებოდა კიდევ დაშავებულიყო, მთლიანად მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა, პარტნიორები ვერ ეხსნებოდნენ და წინ პასს ვერავის უკეთებდა და არშემდგარმა ტრანსფერმა მასზე აშკარად იმოქმედა. "რუბინი" და ქართველი ლეგიონერი მედიამ გააკრიტიკა.
მატჩისას გაძევებულ "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკიზე მსაჯმა მიხაილ ვილკოვმა თქვა, რომ თავისი გუნდის უღიმღამო თამაშის არბიტრებზე გადაბრალება სასაცილოა, ასეთ სპეციალისტს არ აქვს უფლება ტრიბუნების პროვოცირება და სკანდალი მოაწყოს და
დედა აგინოს მსაჯს. მისი თქმით, პირველ ტაიმში შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ინგლისის პრემიერლიგისა და რუსეთის მესამე ლიგის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს.
kazanfirst-მა განვლილი მატჩი განიხილა: "დესპოტოვიჩის გარდა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა კვარაცხელია, რომელსაც სუტორმინის დაჯაბნვა მართებდა, მაგრამ ამაშია სამცველიანი მთელი სქემის არსი. სანამ სუტორმინის დაჯაბნვას ცდილობდნენ, იქვე აზღვევდა ბარიოსი. როგორც შედეგი - ხვიჩას მხოლოდ ოთხი წარმატებული დრიბლინგი. ეს საშუალო მაჩვენებლისთვის ძალიან ცოტაა. და კიდევ კვარა არ ბრუნდებოდა დაცვაში და სუტორმინის შეჩერებას სამოშნიკოვი ცდილობდა. შედეგად, "ზენიტის" ფეხბურთელის აქტიურობა "რუბინის" დაცვის გაწელვას იწვევდა და თავისუფალი ზონები რჩებოდა. ამ დროს კი კვარაცხელია მშვიდად მიდიოდა საკუთარი კარის მხარეს.
შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ მსაჯობაზე, ამინდსა და გაზონზე, მაგრამ ამას რა აზრი აქვს? გავიმეორებთ, პირველი ორი გოლი "ზენიტმა" წესების დაცვით გაიტანა, ეს კი ნიშნავს, რომ მესამე გოლი რომც გაეუქმებინათ, პიტერელები მაინც გაიმარჯვებდნენ, ხოლო მსაჯის გაუგებარ გადაწყვეტილებებს მეორე ტაიმში ჰქონდა ადგილი. რატომ ვერანირად ვერ გადაეწყო "რუბინი" პირველი ტაიმის შემდეგ - გამოცანაა. თითქოს ნათელი შეიქნა, როგორ თამაშობდა მეტოქე, თუმცა გუნდს არაფერი მოუმოქმედებია და მეორე ტაიმში მოედანზე იგივე იდეით გავიდა.
შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი გასვლაზე "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს. იქ ვნახავთ, ერთ კვირაში გუნდში რას გააკეთებს სლუცკი. მთავარია ურემოვიჩი და კვარაცხელია იყვნენ ჯანმრთელად, დანარჩენი კი მოვა. აი, რატომ გვიყვარს ჩვენ ფეხბურთი - არასოდეს იცი, რა გელის წამის შემდეგ. შესაძლოა, ისეთიც მოხდეს, "ზენიტი" შენთან დაცვითი სქემით გამოვიდეს და სამი გოლი გაგიტანოს. კიდევ სად შეიძლება ასეთი რამის ნახვა?"
ხვიჩას კრიტიკით ცნობილმა tnv-მ ჩვენებურს კვლავ დაუწუნა თამაში: "ჩვენ უკვე აღარ ვლაპარაკობთ კვარაცხელიაზე, რომელმაც წინა სეზონთან შედარებით შესამჩნევად მოუკლო. ქართველმა დრიბლინგის ეფექტურობაში ობიექტურად მოუკლო, ხოლო თამაშის დანარჩენი კომპონენტები გასულ სეზონში წარმოსახვაზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა. ახლა ხვიჩასგან შეტევაში ბურთის დაკარგვა უფრო ხშირია, ვიდრე მოწინააღმდეგის კართან თამაშის გამწვავება. ამასთან, კვარაცხელიამ მატჩი მორიგი ტრავმის გამო ვერ დაასრულა. ისევე როგორც ურემოვიჩმა, რომელმაც თამაშისას ზურგზე წაივლო ხელი.
ხვიჩას კუნთის უფართოესი სპაზმი (კრუნჩხვა) აქვს. გასაგებია, ასეთი ტრავმით ძნელია თამაშის გაგრძელება, თქვა სლუცკიმ ნამატჩევს".