კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" სახლში 4:1 დაამარცხა აზერბაიჯანის "გაბალა". ზივზივაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბუდუ გასულ სეზონში იჯარით "უიპეშტში" ჰყავდათ გაშვებული, სადაც ისევე, როგორც ნაკრებში, თავი საუცხოოდ წარმოაჩინა; ზაფხულში უკან დაიბრუნეს და ძირითად შემადგენლობაში ისევ არ ათამაშებენ. არადა, რაც შეუძლია, ამჯერადაც დაამტკიცა და კარგი იქნება, თუ ამ გუნდს თავს დააღწევს.
"კიზილ-ჟარი" ნურ-სულთანში 1:2 დამარცხდა "ოსიეკთან". მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი ივანიაძე სათადარიგო იყო.
"ნეფთჩიმ" კვიპროსში 0:2 მარცხი იწვნია "არისთან". "მენავთობეებში" შეუცვლელად იასპარეზა საბა კვირკველიამ.
21-ე წუთიდან კაცნაკლული "რაკუვი", რომლის განაცხადში კვლავ არაა ვაკო გვილია, პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს "ასტანას" - 2:0.